ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაში გვეხმარებიან. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობაა, სადაც ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევას უზრუნველყოფენ. თუმცა, რამდენჯერ გვიფიქრია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა დგას მათი პროფესიონალიზმის მიღმა? რა სურვილები და მიზნები ამოძრავებთ? რა აძლევთ ძალას, რომ არ გაჩერდნენ? ამჯერად, ირაკლი ძაგანიაზე გიამბობთ, რომელიც საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. ბავშვობაში სპორტით, განსაკუთრებით ფეხბურთით იყო გატაცებული, თუმცა ფეხბურთელობაზე მეტად, ნაკრების მწვრთნელობაზე ოცნებობდა. პარალელურად კი, მისი ინტერესი ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროსკენაც იხრებოდა. ირაკლის ისტორია არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განვითარების გზაზე საინტერესოდ გაერთიანდეს ანალიტიკური აზროვნება, გაყიდვების უნარები და მენეჯერული თვისებები.
„ბავშვობიდან ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ არა მოთამაშეობაზე – მწვრთნელობაზე ვოცნებობდი. პარალელურად, რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, შინაგანად მჯეროდა, რომ ჩემი მომავალი ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ რწმენამ მიმიყვანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დავამთავრე. დღემდე, განსაკუთრებულ ყურადღებას მენეჯერული უნარების განვითარებას ვუთმობ. თან ბავშვობის ინტერესებსაც არ ვკარგავ მხატვრული ლიტერატურისა და ფილმების მიმართ.
კარიერა სტუდენტობის პერიოდიდანვე დავიწყე, სადაზღვევო კომპანიაში ამიყვანეს გაყიდვების სპეციალისტად. მაშინ საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები ძნელად იყიდებოდა, მაგრამ გეგმა პირველსავე თვეს შევასრულე. მალევე მივხვდი, გაყიდვებში თავს სრულად თავისუფლად ვერ ვგრძნობდი და ანალიტიკოსობისკენ გადავიხარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფინანსების კუთხით გავაგრძელე მუშაობა – აუდიტში, ბუღალტერიასა და ფინანსურ აღრიცხვაში.
საქართველოს ბანკში 2018 წელს აღმოვჩნდი, მას შემდეგ რაც ვაკანსიაზე რეზიუმე გავაგზავნე. მსგავს რეზიუმეებს რეგულარულად ვაგზავნიდი, LinkedIn-ზეც კი პირადად მქონდა გაგზავნილი HR-ებთან. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ფინანსურ ანალიტიკოსად ამიყვანეს. ამ პოზიციაზე უდიდესი გამოცდილება, ცოდნა და მეგობრები შევიძინე, ბოლოს კი, საუკეთესო თანამშრომლის წოდებაც დავიმსახურე.
მოგვიანებით, გაყიდვებში კვლავ დავბრუნდი, ოღონდ ამჯერად კორპორაციული მიმართულებით, ბანკირად. საქართველოში ერთ–ერთ უმსხვილეს სექტორში – უძრავი ქონების დეველოპმენტში სწორედ მაშინ აღმოვჩნდი, როცა ამ სფერომ მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. მოგეხსენებათ, სამშენებლო დეველოპმენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს და უამრავ ადამიანს ასაქმებს. მრავალ პროექტში უშუალოდ ვიყავი ჩართული, რითაც ძალიან ვამაყობ. ბოლოს, წლის საუკეთესო ბანკირიც გავხდი, დღეს კი, მთელ ამ სექტორს ვხელმძღვანელობ.
ეს სამუშაო განსაკუთრებით მაინტერესებს, რადგან აქ უდიდესი როლი აქვს ბანკს – ფინანსების ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ლიკვიდურობას მატებს კომპანიებს, არამედ მომხმარებლების თვალში სანდოობასაც ზრდის. ეს კი, საბოლოოდ, პროექტის წარმატებას განაპირობებს. სამუშაო პროცესი ინტენსიურია, მუდმივად ახალი გამოსავლის ძიებაში, ახალი პროექტების განვითარებასა და გარიგებების დახურვაზე ორიენტირებული. ყველაფერთან ერთად, პიროვნულ განვითარებაზეც უნდა იზრუნო, რომ ფორმაში დარჩე.
ჩვენი გარემო პროფესიონალებითა და საინტერესო ადამიანებითაა სავსე, რაც გამუდმებით გიბიძგებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო საერთო საქმეში. მუდმივად ვეცნობი ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სიახლეებს, ტენდენციებს და ჩემი სექტორის გამოწვევებს. ახლახან ხელმძღვანელი გავხდი და ჩემს პრიორიტეტად დავისახე გუნდისთვის ისეთი გარემოს შექმნა, როგორსაც მე მიქმნიდნენ განვითარებისთვის.“
[პარტნიორის კონტენტი]