in

კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე – ირმა ჯავახიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

ინოვაციური სერვისები, საუკეთესო საბანკო გადაწყვეტები, წამებში შესრულებული რთული ოპერაციები – იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს. მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან როლს მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი ასრულებს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას აანალიზებს და მათ ინტერესებს შეისწავლის. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მონაცემების დამუშავება და შემდგომ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი, ირმა ჯავახიშვილი, გვესაუბრა.

პირველი ნაბიჯები საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკს 2022 წლის მაისში შევუერთდი, რისი მთავარი მიზეზიც Data-ს მიმართულებით ბანკის მოწინავე პოზიცია და ინოვაციებისადმი მიდგომა იყო. ამ დროისთვის, ანალიტიკის მიმართულებით უკვე გარკვეული გამოცდილება მქონდა და მინდოდა, ისეთ გუნდში ვყოფილიყავი, რომლისთვისაც მონაცემები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საფუძველი იყო. ასევე, პროფესიული ზრდისა და ბანკის საქმიანობაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას ვხედავდი. ონბორდინგის პროცესში მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე — პირველივე დღიდან ვგრძნობდი სრულ მხარდაჭერას როგორც გუნდის, ისე HR-ის მხრიდან, რაც ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნიდა. კარიერულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტების მრავალფეროვნება, რადგან თითოეული მათგანი მოითხოვდა განსხვავებულ მიდგომას და ახალი უნარების განვითარებაში მეხმარებოდა. ზოგადად, ტექნოლოგიური სპექტრის მრავალფეროვნება საშუალებას მაძლევს, მუდმივად განვვითარდე და დავეუფლო ახალ ხელსაწყოებს, როგორიცაა, მაგალითად, Big Data ტექნოლოგია და სხვა.

უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსის საქმიანობა

ციფრული პროცესების ზრდასთან ერთად, მონაცემთა ანალიტიკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია, მონაცემების გამოყენებით კომპანიას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარო. უფრო კონკრეტულად, ჩემი საქმიანობა მოიცავს ნედლი მონაცემების ღირებულ შეხედულებებად გარდაქმნას, რაც ბანკს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება. 

ჩემი გუნდის საქმიანობა ძირითადად ორიენტირებულია მანქანათმცოდნეობის (ML) მოდელების შექმნაზე. ჩვენი სამუშაო პროცესის დასაწყისი არის ბიზნესის გამოწვევების გააზრება და მონაცემების ანალიზის საჭიროების განსაზღვრა. ამ მიზნით, სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.  შემდეგ ეტაპზე  ხდება მონაცემების დამუშავება — ეს ძირეული ნაბიჯი გადამწყვეტია, რადგან მონაცემების ხარისხი მოდელების ეფექტურობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.  ამის შემდეგ კი ვაგებთ მოდელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავების შედეგად მნიშვნელოვანი შაბლონებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციას იძლევა. მოდელების შემოწმება, დახვეწა და მუდმივი მონიტორინგი კი მათ სანდოობასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს.

როგორ იქმნება საუკეთესო საბანკო სერვისები 

ჩემი გუნდის მუშაობა ბანკისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. კომპლექსური მონაცემების მკაფიო და მოქმედ იდეებად გარდაქმნით, ბანკს ვეხმარებით, რომ გამოწვევებს უფრო ზუსტად და პროგნოზულად გაუმკლავდეს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი საქმიანობა ხელს უწყობს ინფორმირებულ და გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბანკის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

ჩემი გუნდის ერთ-ერთ გამოწვევად მონაცემების რაოდენობის სწრაფი ზრდა შეიძლება ჩაითვალოს, რის მოგვარებასაც ახალი ტექნოლოგიების შესწავლითა და დანერგვით ვცდილობთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ბიზნეს გამოწვევის ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანად თარგმნა, რისთვისაც სტეიკჰოლდერებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. დიდი რაოდენობით მონაცემების გაანალიზება საშუალებას გვაძლევს, პროდუქტები და სერვისები ინდივიდუალურ მომხმარებლებს მოვარგოთ და მათ უფრო შესაბამისი და დროული შეთავაზებები მივაწოდოთ. ანალიტიკა არა მხოლოდ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს, არამედ საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია, რაც თანამშრომლებს უფრო ეფექტურ და ნაკლებად სტრესულ სამუშაო გარემოს უქმნის.

პროფესიული ზრდის შესაძლებლობები საქართველოს ბანკში

ამ დროის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, სხვადასხვა პროექტზე მემუშავა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იყო როგორც ტექნიკური, ასევე ანალიტიკური თვალსაზრისით. თითოეული პროექტი უნიკალურ გამოწვევას წარმოადგენდა და ჩემს განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ასე რომ, ყველა პროექტი თავის მხრივ საინტერესო და ღირებული გამოცდილება იყო. თითოეული პროექტის უკან დგას იდეა, რომ მონაცემებს შეუძლია ბიზნესპროცესები და მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესოს. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მონაცემების მნიშვნელოვან ინსაითებად გარდაქმნაა.

პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა ნამდვილად გვაქვს, რადგან საქართველოს ბანკში ჩვენთვის საინტერესო კურსების გავლა შეგვიძლია. ასევე, გარკვეული პერიოდულობით შიდა ცოდნის გაზიარების სესიებიც ტარდება, ამასთან, შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენთვის საინტერესო კონფერენციებს დავესწროთ. მიმაჩნია, რომ მუდმივი სწავლა და ადაპტაცია სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში აუცილებელია. ჩვენი სამუშაო პირდაპირ გავლენას ახდენს ბანკის წარმატებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება კი მაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდე.

[R]

GT Motors ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს

შოკისმომგვრელი თუ საყვარელი? — Fiat რეკლამაში Cybertruck-ს ედრება