in

ყოველდღიურობის დაჯილდოება! – რას მოიცავს საქართველოს ბანკის მობილბანკის სიახლე

ბოლოს როდის დაჯილდოვდით იმ თითქოს და წვრილმანი, მაგრამ აუცილებელი ამოცანების გადაჭრით, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ? წახალისებას იმსახურებს, ოცნების ასასრულებლად, ანაბრის გახსნა გადაწყვიტეთ, საყვარელ ადამიანისთვის სასაჩუქრე ბარათი შეიძინეთ, შვილისთვის თანხა გადარიცხეთ თუ სხვა მოქმედება განახორციელეთ. ამიერიდან, ამ პატარ-პატარა ამოცანების შესასრულებლად, თქვენ მედალი გეკუთვნით, რადგან საქართველოს ბანკმა მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო.

ჯილდოს მიღება საქართველოს ბანკის მობილბანკში უკვე შესაძლებელია. მედლების მოპოვება კი რეგულარული აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა. მედალში ერთიანდება აქტივობები, რომლის შესრულებითაც საჩუქრებს და სხვადასხვა უპირატესობას მოიპოვებთ. მედლები ორი სახისაა. სტატუსის მედალი – მის მოპოვებას პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიური კონკრეტული გადახდებით შეძლებთ. ხოლო საჩუქრის მედლის მიღება ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით ხდება. ყველა მედალს შესაბამისი ერთჯერადი საჩუქარი მოყვება. მობილბანკის მედლების კამპანია მუდმივად იფუნქციონირებს და მსურველებს არაერთ სიახლეს ჰპირდება. დეტალებზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ ყოველდღიურობის დაჯილდოების იდეა და კონცეფცია…

ამ ყველაფერს საფუძველი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩაეყარა, როცა გასული წლის მობილბანკის „თამაშზე“ მუშაობა დავიწყეთ. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი –  ფინანსურ აპლიკაციაში გემიფიკაციის ელემენტების შემოტანის პირველი ნაბიჯები. შედეგად კი ვნახეთ, რომ მომხმარებლებს სიახლე ძალიან მოეწონათ. თამაშში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული და რაც ყველაზე მთავარია,  მომხმარებლებმა მობილბანკის ის შესაძლებლობები აღმოაჩინეს, რაზეც მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

თუმცა, თამაში იყო კამპანიური სახის და მოკლევადიანი. ჩვენ კი გვინდოდა, რომ ციფრულად აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ხშირად იყენებენ ჩვენს სერვისებსა და პროდუქტებს, ერთი მხრივ, მეტად დაგვეფასებინა და მეორე მხრივ, მობილბანკის გამოყენება კიდევ უფრო სახალისო გაგვეხადა მათთვის. თანაც, ისე რომ ეს არ ყოფილიყო მოკლევადიანი კამპანიის ფორმატში, არამედ – მუდმივად განვითარებადი და განგრძობითი ხასიათის.

ყოველდღიურობის დაჯილდოებაც ამ ყველაფრის გამოძახილია. რაც უფრო მეტად იყენებს მობილბანკს მომხმარებელი, მით უფრო მეტი მედლის დაგროვების შესაძლებლობა ეძლევა, ეს კი მეტი ბენეფიტის მოპოვებას გულისხმობს.

M: მობილბანკში მომხმარებლებისთვის არაერთხელ ყოფილა საინტერესო კამპანია. ამჯერად, რა შესაძლებლობებს ქმნის ყოველდღიურობის დაჯილდოება?

მობილბანკში გაჩნდა მედლების სივრცე, სადაც მომხმარებელი ყველა იმ მედალს ხედავს, რომლის მოპოვებაც დროის მოცემულ მომენტში შეუძლია. თითოეული მედალი შესაძლოა ერთ ან რამდენიმე აქტივობას აერთიანებდეს. როცა მომხმარებლები ამ აქტივობებს ასრულებენ, მედლითა და შესაბამისი საჩუქრით ჯილდოვდებიან. საჩუქარი კი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს, მაგალითად მეტი  PLUS და MR ქულის დაგროვების შესაძლებლობა გარკვეული ვადით, ფასდაკლებები და ვაუჩერები სხვადასხვა მაღაზიაში, ციფრული სასაჩუქრე ბარათი და სხვა. 

თითოეული მედლისთვის შესაბამისი აქტივობა და საჩუქრები წინასწარაა განსაზღვრული. ამასთან, ყოველ მომხმარებელს მობილბანკში სხვადასხვა მედალი ხვდება — იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები, ქცევა და პრიორიტეტები აქვს აპლიკაციაში.

რაც შეეხება შესასრულებელ აქტივობებს,  ამის დეტალურად ნახვას მომხმარებლები მედლის გვერდის გახსნისას შეძლებენ. აქვე მიადევნებენ თვალს დავალებების შესრულების პროგრესს და გაიგებენ, რა საჩუქარი ელოდებათ ბოლოში გასვლისას. ამავე სივრცეშია ხელმისაწვდომი საჩუქრების შესახებ ინფორმაციაც, მედლების სივრცეში მომხმარებლები მარტივად, პირდაპირ მობილბანკის მთავარი გვერდიდან ან ჰაბის სივრციდან მოხვდებიან.

M: ვის და როგორ შეუძლია ყოველდღიურობის დაჯილდოებაში ჩართვა? რას გულისხმობს მედლების სივრცე და როგორ ხდება მათი მოპოვება?

ყოველდღიურ დაჯილდოებაში ჩართვა მობილბანკის ყველა მომხმარებელს შეუძლია – ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის ანგარიში და იყენებს მობილბანკს. 

აღსანიშნავია ის, რომ მომხმარებლებს ერთჯერადი საჩუქრების მქონე მედლების გარდა, სტატუს მედლების მოპოვებაც აქვე შეეძლებათ. 

როცა საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხდები, ავტომატურად გენიჭება სასტარტო სტატუსი, სხვადასხვა ოპერაციის შესრულების თუ საბანკო პროდუქტის გამოყენების შემდეგ კი შესაძლებელია სტატუსის Bronze, Silver და Gold საფეხურზე ასვლა. თითოეული ამ სტატუსის შესაბამისი მედლის მოპოვებით, დამატებით იღებ სტატუსის შესაბამის ბენეფიტს: მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას, ფასდაკლებებს და ა.შ. 

გასათვალისწინებელია, რომ სტატუსის მედლები ყოველთვიურად ახლდება – გინარჩუნდება ან გეცვლება, ამიტომ საჭიროა, სასურველი სტატუსის მედლის აქტივობებს თვალი ადევნო და ყოველთვიურად შეასრულო.

ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.

M: როგორ მზადდებოდა ეს სიახლე და რისი გათვალისწინება იყო საჭირო პროცესში?

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევისა და ბევრი ადამიანის კონტრიბუციის შედეგია ის, რაც მივიღეთ. თანაც, ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია. 

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ თამაშების შექმნის საფუძვლები და თეორია უნდა გვესწავლა. სრულად გვქონდა გაცნობიერებული, რომ უბრალოდ სხვადასხვა ელემენტის დაკოპირება სხვადასხვა თამაშიდან არ იქნებოდა სწორი გზა. ამიტომ დავიწყეთ სწავლა. ვისწავლეთ, ზოგადად, თამაშების შექმნის საფუძვლები, ამ სფეროში მომუშავე ბევრი ადამიანის ცოდნა გავიზიარეთ და ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე ჩვენს ფუნქციონალზე მუშაობა. 

ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ყოველდღიურობის დაჯილდოების დინამიკა, რა მექანიკისგან შემდგარიყო და როგორი გამოხატულება ჰქონოდა მას მომხმარებლებისთვის. კონცეფციასთან ერთად, დიდი გამოწვევა იყო ტექნიკური მხარე, რადგან მოქნილი და მასშტაბირებადი სისტემა უნდა შეგვექმნა. საბოლოოდ კი, ჩვენი ძალიან ძლიერი პროდუქტული და ტექნიკური გუნდების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შევძელით მომხმარებლამდე ამ სიახლის მიტანა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც კონტრიბუცია შეიტანა ამ პროცესში. 

M: მთლიანობაში, როგორია მოლოდინი – როგორი გამოცდილება იქნება ეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის?

გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იქნება სახალისო და მობილბანკის შესაძლებლობებს კიდევ უფრო კარგად და მარტივად გაიცნობენ. 

მედლებისა და აქტივობების საშუალებით კი, დავეხმარებით მომხმარებლებს, გამოიმუშაონ ჯანსაღი ფინანსური ჩვევები – შეძლონ დაგროვება, ინვესტირება და ზოგადად ფინანსების მენეჯმენტთან დაკავშირებული პროცესების მართვა. 

ამ ყველაფერთან ერთად კი, მობილბანკის მომხმარებლები მეტ საჩუქარს და ბენეფიტს მიიღებენ, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის მათთვის საქართველოს ბანკის სერვისების და პროდუქტების მოხმარებას.

[R]

SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის

შინაური ცხოველების ბედნიერი თავგადასავალი, რომელიც მაქსისთვის გამოწერილი საკვებით დაიწყო