ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დადგა დრო, როცა შეგვიძლია საქართველოს ბანკის მომხმარებლებს აპლიკაციაში მუქი რეჟიმის დამატება ვახაროთ.
მუქი რეჟიმი ამცირებს მოწყობილობის ეკრანის გამოსხივებას, ინარჩუნებს კითხვისთვის საჭირო მინიმალურ ფერთა კონტრასტს, აძლიერებს ვიზუალურ ერგონომიკას თვალის დაძაბვის შემცირებით, უზრუნველყოფს ეკრანის მორგებას არსებულ განათებაზე და კომფორტს ღამით ან ბნელ გარემოში. გარდა ამისა, ზოგავს მოწყობილობის ბატარეას.
ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობია და, შესაბამისად, მუქი რეჟიმის გამოყენებაზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. აღნიშნულ სიახლეზე უფრო დეტალურად კი ანა სარალიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გვესაუბრება.
M: ანა, რატომ გაჩნდა აპლიკაციაში Dark Mode-ის დამატების იდეა და საჭიროება?
მობილბანკში, რომელსაც ყოველთვიურად 1 100 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული მოთხოვნა სწორედ მუქი რეჟიმის დამატება იყო და აპლიკაციის მომხმარებლების ზრდასთან ერთად, ეს ტენდენციაც მუდმივად იზრდებოდა. ჩვენც ყველა კომენტარს ვეცნობოდით და ვპასუხობდით, რომ ვმუშაობთ მუქი რეჟიმის შექმნაზე, თუმცა ამ მარტივი და, ერთი შეხედვით, ავტომატური პასუხის უკან დიდი ძალისხმევა და დატვირთული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა.
მუქი რეჟიმის დამატებაზე მუშაობის პროცესი ჩვენთან მოიცავდა მის დიზაინსისტემაში ინტეგრაციას და მოდულების რეფაქტორინგს, რაც ბევრად დიდი ამოცანა იყო ერთჯერადად, ვიდრე უბრალოდ მუქი რეჟიმის დამატება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს შრომა ღირდა იმად, რა უპირატესობასაც სამომავლოდ მოგვცემს მისი დიზაინსისტემის ნაწილად ქცევა. დღეს ჩვენ ახალ ფუნქციებს ვაწყობთ დიზაინსისტემის კომპონენტებით, რომელსაც უკვე ავტომატურად აქვს მუქი რეჟიმის მხარდაჭერაც და შესაბამისად, დამატებით დეველოპმენტი აღარ სჭირდება
აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ აპლიკაციის გარკვეული ნაწილი, რაც დიზაინსისტემის შექმნამდე გაკეთდა, ჯერაც არ არის სრულად გადაწყობილი დიზაინსისტემის კომპონენტებზე და ესეც მიმდინარე პროცესია, თუმცა ჩავთვალეთ, რომ აღარ შეიძლებოდა დავლოდებოდით დიზაინსისტემაზე სრულად გადასვლის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობდა პარალელურად, საჭირო იყო რესურსების მაქსიმალურად მობილიზება და მუქი რეჟიმის დამატების პროცესის დაჩქარება, რათა დროულად მიგვეცა მომხმარებლებისთვის ის, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდნენ.
მოკლედ რომ ავხსნა, დიზაინსისტემა არის ხშირად გამოყენებადი ციფრული კომპონენტების ნაკრები, ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელსაც გავლილი აქვს ყველა ეტაპი, საჭიროების ანალიზიდან და დიზაინიდან დაწყებული, დეველოპმენტით და ტესტირებით დამთავრებული,(https://bog.design/ka/design-system/design-system/about-system). დიზაინსისტემის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ცვლილებების მარტივად, ნაკლები ძალისხმევით ასახვაა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი კომპონენტები ცენტრალურად იმართება, განახლება ხდება ერთდროულად ყველგან, სადაც ეს კონკრეტული კომპონენტია გამოყენებული.
იმის გამო, რომ საქართველოს ბანკში უფრო და უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე, ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციონალის დამატების საჭიროება ჩნდება. ჩვენ ყოველდღიურად ვიკვლევთ და ვაანალიზებთ მომხმარებლების სურვილებს სხვადასხვა პლატფორმაზე ინტეგრირებული კვლევის ინსტრუმენტებით. ვაგროვებთ უკუკავშირს სოციალური ქსელების, ონლაინ ჩატის, ქოლცენტრის თუ UX (მომხმარებლის გამოცდილების) კვლევების საშუალებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მუქი რეჟიმის შექმნის პარალელურად უამრავი მნიშვნელოვანი ფუნქცია დავამატეთ, როგორებიცაა მაგალითად: Google pay-ით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, ბარათის სწრაფი მიტანა, საბანკო ნაკრების გააქტიურება, მანქანის და სამოგზაურო დაზღვევის აღება, ინვესტიციებით ვაჭრობის შესაძლებლობა, ანაბრის მრჩეველი, შეთავაზებები, ყულაბა, სატრანსპორტო ბარათის შევსება, და სხვა.
ამის პარალელურად, მუდმივად კეთდება სხვადასხვა მოდულების რედიზაინი, რომ აპლიკაცია ცოცხალი, განახლებადი და ყოველთვის რელევანტური იყოს. ზოგადად, რედიზაინის პროცესს ჩვენთან ძალიან ამარტივებს და აჩქარებს დიზაინსისტემა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვიყენებთ ციფრული პროდუქტების შექმნისა და გაუმჯობესების პროცესში, და ამასთან ერთად, თვითონ დიზაინსისტემასაც, როგორც პროდუქტს, მუდმივად ვავითარებთ.
M: უფრო დეტალურად განვიხილოთ, ფერები როგორ იცვლება Dark Mode-ის შემთხვევაში და როგორია ფერთა პალიტრა?
დიზაინსისტემაში ფერები დაჯგუფებულია ხასიათის და მნიშვნელობის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს კი განსხვავებული დატვირთვა და დანიშნულება აქვს. ფერების ცვლადები საშუალებას გვაძლევს, მარტივად ვმართოთ ფერები, როგორც სეგმენტების, ასევე სამიზნე აუდიტორიის მიხედვით. ასევე, ინვერტირებული ფერების გამოყენებით ვიღებთ მუქ რეჟიმს (Dark mode), რაც ძალიან მოთხოვნადი და გამოყენებადია უკვე დიდი ხანია. (https://bog.design/ka/design-system/color/about)
დღეს მობილბანკში მუქი რეჟიმის მხარდაჭერა აქვს როგორც ანდროიდს, ასევე iOS-ს.
მომხმარებლებს აპლიკაციის პარამეტრებიდან შეუძლიათ მუქი რეჟიმის ჩართვა/გამორთვა ან სისტემური ვერსიის არჩევა, რაც ნიშნავს, რომ მობილბანკის რეჟიმი მობილურში არჩეული პარამეტრების მიხედვით შეიცვლება.
ველოდებით ჩვენი მომხმარებლების შეფასებებს და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც გავაგრძელებთ მობილბანკის დახვეწას და კიდევ უფრო გაუმჯობესებას.