7
May
2019

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

7 May 2019

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ახალი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს ყველა ტიპის თანამედროვე მოწყობილობაზე უმარტივებს სარგებლობას. როგორც პროექტის ავტორებმა სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს, სიახლეები 600 შეხვედრისა და 7000 იმეილ-კომუნიკაციის საფუძველზე შემუშავდა.

ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებელს შეუძლია გაიაროს იდენტიფიკაცია ერთი და იმავე სახელითა და პაროლით, ყველა ელექტრონულ არხში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესპროცესებს: თუკი ფიზიკური პირი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელია, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტ ბანკში, მომხმარებლის სახელისა და პაროლის დამატებითი მითითების გარეშე. კომპანიის ხელმძღვანელს თანამშრომლისთვის ინტერნეტბანკიდანვე შეუძლია გამოწეროს ინტერნეტბანკის ID და სხვადასხვა ტიპის უფლება მიანიჭოს. ამისათვის სერვისცენტრებში ვიზიტი და მინდობილობის გაფორმება საჭირო აღარ არის.

ამიერიდან, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია პროდუქტებზე და უფრო მარტივად მართოს. შეუკვეთოს ბიზნეს ბარათი, გახსნას ანგარიში, ანაბარი, აიღოს სესხი, გაიაქტიუროს ბარათის დამცავი მექანიზმი, დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები…

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივი განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის სურვილების, უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ქარტულ ბაზარზე თანამედროვე, სრულყოფილ და მარტივ ინტერნეტბანკს, იმისათვის, რომ ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ბიზნესის სამართავად, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს აპლიკაციით mBusiness, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია AppStore-დან და Play Store-დან.

განხილვა