in

საქართველოს ბანკმა თანამშრომლების შვილებისთვის “ონლაინ ბაღი” შექმნა

პანდემიასთან თანაცხოვრებასთან ერთად, დასაქმებულთა ნაწილი სახლიდან მუშაობას აგრძელებს. ისინი კი, ვისაც შვილები ჰყავთ, ცდილობენ ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩართონ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, საბავშვო ბაღ “ფელიქსთან” ერთად, ონლაინ ბაღი შექმნა, რომელიც კორპორატიულ საკომუნიკაციო პლატფორმა  Workplace-ზე გახადა ხელმისაწვდომი

ცოტა რამ Workplace-ზე:

ესაა “ფეისბუკის” მიერ კომპანიებისთვის შექნილი ბიზნეს პლატფორმა. მისი ინტერფეისი და ფუნქციონალი Facebook-ის ანალოგიურია. საქართველოს ბანკმა Workplace თანამშრომლებისთვის, ჯერ კიდევ, გასულ წელს შეიძინა და ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ორგანიზაციაში გამჭვირვალობის, ღიაობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. 

ონლაინ ბაღის დანიშნულება

ონლაინ ბაღი ბავშვებს შესთავაზებს საგანმანათლებლო, გასართობ და გამაჯანსაღებელ აქტივობებს ონლაინ რეჟიმში, ყოველ სამუშაო დღეს. საქართველოს ბანკისა და საბავშვო ბაღ “ფელიქსის” კოლაბორაციის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებას, შესთავაზოს მათ მრავალფეროვანი და განმავითარებელი აქტივობები. ასევე, გააძლიეროს ბავშვზე მზრუნველი უფროსი ადამიანები.

მუშაობის პრინციპი

პროექტის მეთოდოლოგიური მხარე ეფუძნება თემატური სწავლების პრინციპს, ასევე თამაშით სწავლებას, მულტიმოდალურ მიდგომას, ბავშვის ყოველდღიურობაში ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობების დანერგვას. ონლაინ ბაღის მუშაობის პრინციპი ითვალისწინებს 3-6 წლის ბავშვების ყოველდღიურ ჩართულობას ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. 1.5 საათის განმავლობაში, ბავშვები, ბაღ “ფელიქსის” აღმზრდელებთან ერთად, ფიზიკურ, საგანმანათლებლო და სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან. ცხრილსა და Zoom-ის ბმულებს მშობლები წინასწარ მიიღებენ.

ონლაინ ბაღს, სახლში მყოფი ბავშვისთვის დამოუკიდებელი მოქმედებების შესასწავლად, ეფექტურ ალტერნატივად მიიჩნევენ საბავშვო ბაღ “ფელიქსში”:

“იმის გათვალისწინებით, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ძალიან ბევრი რამ მოაკლდათ ბოლო თვეებში, რადგან ბაღები დახურულია, ვცდილობთ, არსებული რეჟიმის ფარგლებში, მივაწოდოთ საინტერესო მასალა და მათი ყოველდღიურობა გავამრავალფეროვნოთ. როდესაც, მარტის თვეში, ბაღის დახურვა მოგვიწია, მშობლებს ონლაინ აქტივობები შევთავაზეთ და ამასობაში, გარკვეული გამოცდილებაც დაგვიგროვდა. რასაკვირველია, ეს ბაღის სივრცეს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ბაღის მთავარი ხიბლი სოციალური ურთიერთობები და ცოცხალი კომუნიკაციაა. პანდემიის პერიოდში, რაკი ეკრანთან ბავშვებს გარკვეული დროის გატარება მაინც უწევთ, გადავწყვიტეთ ამ დროის ეფექტურად გამოყენებაში დავეხმაროთ შემეცნებითი, შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობებით, რისი რესურსიც, ბევრი მშობლის თქმით, დეფიციტურია სახლის პირობებში.

ონლაინ აქტივობებში ჩასართავად, ბავშვებს უფროსის დახმარება სჭირდებათ, რაც მშობლისთვის შთაგონების დამატებითი წყაროა, რომ შეიძინოს ახალი უნარები, ბავშვთან ურთიერთობის ხელშესაწყობად. მშობლისთვის საკმაოდ რთულია თან დისტანციურად მუშაობა და თან ბავშვის აღზრდა, თუმცა თუკი ის, ბავშვთან ერთად, ონლაინ ბაღში ჩაერთვება, ბევრად მეტია ალბათობა, რომ ერთობლივად მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებელ მოქმედებებს, საკუთარ თავთან თამაშს”.

“საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის 8000-მდე თანამშრომელი, რომელიც არ აჩერებს ბანკს და ცდილობს შექმნას უკეთესი საქართველო. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრევენციის მიზნით, ბანკის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. ვიფიქრეთ, რომ თანამშრომლებს დავხმარებოდით ამ პერიოდში ბავშვები ჩართონ საინტერესო, მრავალფეროვან საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ, გასართობ აქტივობებში. ვიფიქრეთ, ამით დავეხმარებოდით მათ, რომ უკეთ გაართონ ბავშვები დღის განმავლობაში. სწორედ, ამ მიზნით, დავიწყეთ კოლაბორაცია საბავშვო ბაღ „ფელიქსთან“. პარნიორობის ფარგლებში, „ფელიქსის“ პედაგოგების ჩართულობით, ჩვენი თანამშრომლის შვილები სხვადასხვა ონლაინ პროგრამაში ჩაერთვებიან. პროგრამა მოიცავს, როგორც ფიზიკურ, ასევე სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებს. 3-დან 6 წლამდე ბავშვები 1 ივლისიდან, ყოველდღე, “ზუმის” საშუალებით ჩაერთვებიან. პროგრამა დღეში 1.5 საათიანი იქნება. ცხრილს და ბმულებს მშობლები წინასწარ მიიღებენ, სპეციალურად ამ ონლაინ ჩართვებისთვის შექმნილ ჯგუფში. ეს პროექტი ბავშვებს საშუალებას მისცემს საინტერესოდ გაატარონ დრო“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელმა ნუცა გოგილაშვილმა.

 

[R]

Socialsharks-ის დირექტორი ლუკა ღუღუნიშვილი გახდა – რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ კომპანიაში?

ავეჯის შოურუმი CASTELLO იტალიური MMLampadari-ს სანათებს გთავაზობთ