in

„ყოველდღე შეგიძლია შექმნა რაღაც, რაც სხვებისთვისაც ღირებულად იქცევა“ — სოფო ჩოხელი, საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი

დღეს სოფო ჩოხელი საქართველოს ბანკის Expert ანალიტიკოს-დეველოპერია, თუმცა ყველაფერი ბავშვობაში ეზოს თამაშებიდან დაიწყო… მალევე გაერკვია სატელეფონო სისტემებშიც და იგრძნო, რომ ტექნიკურად რაღაც რთულის გაკეთება შეეძლო. შემდგომ ეს ჟინი რეალურ მიზანს დაუკავშირა, შეექმნა რაღაც ისეთი, რაც სხვებისთვის სასარგებლო იქნებოდა და დღეს ეს მთავარ საქმიანობადაც გაიხადა.

რთული დავალების ან ამოცანის გადაჭრის ემოცია ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევდა. თითოეული პატარა წარმატება აძლიერებდა რწმენას, რომ სწორ გზაზე ვიყავი. შინაგანი მოტივაცია და ცნობისმოყვარეობა კი დამეხმარა, ჩემი პროფესიული გზა ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ძალებით გამეკვლია….

სწორედ ამ ჟინით გადაეშვა სრულად ტექნოლოგიებში. პირველი ნაბიჯები ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის როლში გადადგა, შემდგომ საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში ჩაერთო, არ გაჩერდა და რამდენიმე პოზიციაზეც სცადა თავი. დღეს კი გვიყვება, როგორი იყო ეს გზა, როგორ მივიდა სასურველ პროფესიამდე და შეუერთდა ადამიანებს, რომლებიც სხვებისთვის რაღაც სასარგებლოს შექმნაზე ზრუნავენ:

ეზოს თამაშებიდან ტექნოლოგიებამდე

ბავშვობაში უფრო თავქარიანი და ენერგიული ვიყავი, ეზოში თამაში და სპორტი ყველაფერს მერჩივნა. დიდხანს მეგონა, რომ სპორტსმენი გავხდებოდი — ჩოგბურთი და ფეხბურთი ჩემი მთავარი გატაცება იყო. თუმცა, ასაკთან ერთად ინტერესებიც შეიცვალა. როცა ტელეფონების სისტემებში გავერკვიე და ვიგრძენი, რომ რაღაც ტექნიკურად რთული შემეძლო გამეკეთებინა, პირველად გამიჩნდა სურვილი, ეს გზა გამეგრძელებინა. ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სფერო თითქოს ჩემს ხასიათსაც შეეფერებოდა… დროთა განმავლობაში სურვილი გაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა რაღაც ახალი და საინტერესო შემექმნა. ისეთი, რაც სხვებისთვისაც რეალურად სასარგებლო იქნებოდა.

სკოლის პერიოდში ყოველთვის უფრო ტექნიკური საგნები მიზიდავდა — ფიზიკა, მათემატიკა, ლოგიკური ამოცანები ჩემთვის ყოველთვის უფრო სახალისო და საინტერესო იყო. რაც უფრო რთულ დავალებას ვაწყდებოდი, მით უფრო მინდოდა მისი ამოხსნა. ყოველთვის მქონდა სურვილი, მხოლოდ თეორიით არ შემოვფარგლულიყავი, მინდოდა ისეთი რაღაც შემექმნა, რაც რეალურად იმუშავებდა და შედეგსაც დავინახავდი. ამ კომბინაციამ საბოლოოდ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე: ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. ეს მიმართულება აერთიანებდა ყველაფერს, რაც მაინტერესებდა — ფიზიკას, მათემატიკას, პროგრამირებასა და ინჟინერიას. აქედან დაიწყო ჩემი გზა ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.

პირველი სამსახური და ლიდერატორის როლი კარიერაში

პირველი პროფესიული გამოცდილება მესამე კურსზე მივიღე, სკოლის მოსწავლეებს ვამზადებდი ფიზიკასა და მათემატიკაში. იმ პერიოდში ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში ლიდერატორი. ეს იყო შესანიშნავი შანსი გამოცდილების გარეშე დამეწყო მუშაობა რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე. რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი პროცესისა და ინტენსიური სწავლების შემდეგ, 2021 წლის ივნისში შევუერთდი საქართველოს ბანკის ინტეგრაციების გუნდს, როგორც დამწყები Java დეველოპერი. პირველივე დღიდან ყოველ ამოცანასთან ერთად ვსწავლობდი რაღაც ახალს. პროექტები რთული და საპასუხისმგებლო იყო — ვმუშაობდით პროდუქტებზე, რომლებსაც ყოველდღიურად თითქმის მთელი ქვეყნის მოსახლეობა იყენებს. თავდაპირველად ყველაზე დიდი გამოწვევა კომუნიკაცია აღმოჩნდა, მესაუბრა ტექნიკურ თემებზე ყველასთვის გასაგები, არატექნიკური ენით. ძლიერი მენტორების დახმარებით, ყველა დაბრკოლება წარმატებით გადავლახე. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ პროგრამირება მხოლოდ კოდით აზროვნებას არ ნიშნავს — ის გუნდურ, მრავალმხრივ კომუნიკაციასა და პასუხისმგებლობასაც მოიცავს.

ბანკში მოსვლის შემდეგ, ინტეგრაციების გუნდში ვმუშაობდი — ჩვენი როლი იყო როგორც ერთგვარი ხიდი WEB/MOBILE აპლიკაციებსა და ბანკის Core სისტემებს შორის. ვმართავდით სხვადასხვა კრიტიკულ აპლიკაციას და ვზრუნავდით მათ გამართულ მუშაობაზე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გარდამტეხი ეტაპი — ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მათი დანერგვა ბანკის ყველაზე კრიტიკულ სისტემებში. ამ პროცესში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე და დავიწყე პრაქტიკაში გამოყენება. დღეს კი უკვე, როგორც Java Subject Matter Expert, ვზრუნავ არა მხოლოდ პროდუქტების განვითარებაზე, არამედ ორგანიზაციაში Java ტექნოლოგიის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვასა და სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებაზე IT დეპარტამენტის მასშტაბით.

საქართველოს ბანკში მოსვლა ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს კარიერაში. ლიდერატორის პროგრამამ მომცა შანსი, მემუშავა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ქვეყნის ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურის საფუძველია. თავიდანვე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი იმ სისტემებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ციფრული არხების — მობილ ბანკისა და ინტერნეტ ბანკის — სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ყოველი პროექტი ახალი გამოწვევაა, რომელიც სიღრმისეულ ტექნიკურ ცოდნასა და გუნდურ კოლაბორაციას მოითხოვს. დღეს, ოთხი წლის შემდეგ, ჩემი როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია — ვმუშაობ როგორც გუნდის პროდუქტების განვითარებაზე, ასევე, პარალელურად ვიღებ მონაწილეობას ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს Java დეველოპერების კულტურის განვითარებას მთელ ორგანიზაციაში.

საქმე, რომლითაც სხვებისთვის რაღაც ღირებულს ქმნი

ჩემი ძირითადი საქმიანობაა საქართველოს ბანკის ციფრული არხების სანდო, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ეს მოიცავს მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკისა და ღია ბანკინგის სისტემების განვითარებას, მოდერნიზაციასა და ოპტიმიზაციას. გარდა უშუალო განვითარების პროცესისა, დიდი ყურადღება ეთმობა ინოვაციას — როგორ შეიძლება არსებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო სწრაფი, მასშტაბირებადი და ენერგოეფექტური გავხადოთ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის მომენტი, როცა ახალი ტექნოლოგია ან მიდგომა არა მხოლოდ ჩვენს გუნდში ამართლებს, არამედ სხვა გუნდებშიც ინერგება და მთლიანად ამაღლებს განვითარების კულტურას ორგანიზაციაში.

სწორედ ამიტომ მიყვარს ეს საქმე — ყოველდღე შეგიძლია შექმნა რაღაც, რაც სხვებისთვისაც ღირებულად იქცევა.

სამუშაო გარემო საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკის IT გარემო ჩემთვის განვითარების სიმბოლოა. აქ რეალურად იგრძნობა, რომ გუნდი ერთიანი ორგანიზმივით მუშაობს — ყველანი საერთო მიზნისკენ ვართ მიმართული. მყავს ძლიერი, ერთმანეთის მხარდამჭერი კოლეგები, სადაც შეცდომა არ არის დასჯის მიზეზი, არამედ სწავლების შანსი. გვაქვს ინოვაციაზე ორიენტირებული კულტურა, სადაც ყველას შეუძლია დაინახოს, როგორ იქცევა საკუთარი იდეა რეალურ პროდუქტად. გარდა ამისა, ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ კოდზე — აქტიურად ვერთვებით ბიზნესპროცესების განსაზღვრაშიც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ ვიფიქროთ და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე მოვარგოთ. სწორედ ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა და პროფესიული თავისუფლება ქმნის იმ გარემოს, სადაც ნამდვილად გინდა დარჩენა და განვითარება.

ყოველდღიური ნაბიჯები თვითგანვითარებისკენ

თვითგანვითარება ჩემთვის ყოველდღიური პროცესია. ტექნოლოგიების დინამიკის ფონზე მუდმივი სწავლა ერთადერთი გზაა, რომ არ გაჩერდე. მუდმივად ვსწავლობ ახალ ტექნოლოგიებს, ვიყენებ ონლაინ კურსებს, ვსარგებლობ ბანკის შიდა სასწავლო რესურსებით და, რაც მთავარია, მიღებულ ცოდნას დაუყოვნებლივ ვიყენებ პრაქტიკაში. სწორედ ასე ხდება ცოდნის გამყარება და სიღრმისეულად გააზრება. გარდა ამისა, Java Guild-ის ფარგლებში ვგეგმავთ შიდა ტრენინგებსა და knowledge-sharing სესიებს, სადაც კოლეგებთან ერთად ვსწავლობთ ახალ მიდგომებს და ერთად ვგეგმავთ, როგორ შეიძლება მათი დანერგვა რეალურ პროექტებში. ეს კულტურა ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ განვითარებას განაპირობებს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მიზიდავს AI ტექნოლოგიების ინტეგრირება ყოველდღიურ სამუშაოში — არა, როგორც მთავარი მიმართულება, არამედ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც პროცესებს აჩქარებს და ამარტივებს. ასევე, აქტიურად მინდა გავიღრმავო ცოდნა DevOps-ის მიმართულებით — განსაკუთრებით Kubernetes-ისა და AWS-ის სისტემურ მართვაში. ეს ცოდნა საშუალებას მომცემს, უკეთ გავიგო ინფრასტრუქტურის სრული სურათი და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღო როგორც დეველოპმენტის, ისე ოპერაციების კუთხით. 

ჩემთვის განვითარებასთან და მიზნების მიღწევასთან ერთად, საინტერესოა ის გზა, რომელსაც ამ მიზნებისკენ მივყავარ. ამ პროცესში გამართული სისტემებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით უამრავ ადამიანს ვუმარტივებთ ცხოვრებას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება

Blue Origin-მა ისტორიული გაფრენა შეასრულა!