Spotlight-ის ისტორია 2013 წლიდან იწყება, როდესაც Radisson Blu Iveria-მ პირველ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას უმასპინძლა და ასე ჩამოყალიბდა მოვლენად, რომელიც შემდეგ დიდხანს ახსოვთ ხოლმე. სულ მალე, 7-8 ივნისს, შეკრების ტრადიციულ ადგილას, Spotlight კვლავ გაიმართება და სფეროს ასობით წარმომადგენელს გააერთიანებს, მთავარი თემით „გზაზე“. თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი – ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში. წლების განმავლობაში, ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი, რომელიც Spotlight-ის ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა გვესაუბრა.
M: მრავალი წელია, საქართველოს ბანკი სფოთლაითის წარმდგენია. ეს ერთგვარ უწყვეტ ტრადიციად იქცა. როგორ შეაფასებთ მრავალწლიან მეგობრობას?
საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის ურთიერთობა უკვე ტრადიციაზე მეტია – ეს არის ერთობლივად განვლილი გზა, რომელიც წლიდან წლამდე ახალი შთაგონებით ივსება. Spotlight სცენაა, სადაც ინოვაცია, სიღრმე და გაბედული იდეები იკვეთება და ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესის ნაწილი. ეს მეგობრობა გვეხმარება, ყოველთვის ვიფიქროთ ჩარჩოების მიღმა და ვიპოვოთ კავშირები იმაზე ღრმად, ვიდრე პირველ შეხედვაზე ჩანს. მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა და თანამონაწილეობა საერთო იდეებისა და ღირებულებების მხარდაჭერაში, მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისთვის.
M: როგორ თანხვდება ერთმანეთთან ის ღირებულებები, რასაც სფოთლაითი და საქართველოს ბანკი უწყობენ ხელს?
საქართველოს ბანკსა და Spotlight-ს გვჯერა, რომ ხელს ვუწყობთ კრეატიული იდეების ცოცხალ მოძრაობას, შეცდომების გაზიარებას, რაღაცეები გადააზრებას, ახლებურად შეხედვას. მგონია, რომ Spotlight არის სივრცე, სადაც გამბედაობა და ახალი ხედვა ერთმანეთს ერწყმის. ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ახალ თაობას, განავითაროს ინდუსტრია, გაიზიაროს წინა თაობის გამოცდილება და ხელი შეუწყოს საერთო იდეების გარშემო გაერთიანებას. ამ ღირებულებების თანხვედრა არ არის შემთხვევითი – ეს არის მიზანმიმართული არჩევანი, რომელსაც ყოველ წელს კიდევ უფრო ვამტკიცებთ.
M: რა როლი აქვს სფოთლაითის არსებობას ინდუსტრიის განვითარებაში?
Spotlight არ არის მხოლოდ შეხვედრების ადგილი – ეს არის სივრცე, სადაც საზღვრები იშლება და ახალი სტანდარტები იბადება. ის აჩენს იმ კითხვებს, რომელთა იგნორირებაც ინდუსტრიის გაჩერებას ნიშნავს. სფოთლაითზე არჩეული თემები, სპიკერები და დისკუსიები რეალურად ქმნის სფეროს განვითარების პულსს – აჩქარებს ცვლილებებს, ინსპირირებს ახალ თაობას და ახალ პერსპექტივებს.
M: როგორია მოლოდინი წლევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
Spotlight ის მექანიზმია, რომელიც შემოქმედებითად გვაჯანჯღარებს – გონებასა და გულს ანთებს. ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც რაღაც ახალს ისმენ – ესაა ადგილი, სადაც იმაზე ფიქრსაც თავიდან იწყებ, რაც უკვე იცი. ის გაძლევს ძალას, გადახედო საკუთარ რუტინას ისე, თითქოს პირველად ამჩნევ. Spotlight-ის შემდეგ საქმეს ვუბრუნდებით არა მხოლოდ მოტივირებულები, არამედ გულითა და გონებით განახლებული – გაბედული ნაბიჯებით, იდეებით სავსე და მზად, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა გადავაქციოთ პროცესად, რომელიც შთაგონებასაც იძლევა და განვითარებასაც ქმნის.
Spotlight-ის 7-8 ივნისის ღონისძიების განრიგს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.