in

მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც Spotlight-სა და საქართველოს ბანკს აკავშირებთ

უკვე ათი წელია, რაც Spotlight წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაულია. 23-24 დეკემბერს, Spotlight-ის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება ჩატარდება, რომლის მთავარი თემა იქნება „მემკვიდრეობა“.

პირველი სფოთლაითი 2013 წელს ჩატარდა – ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა მარკეტინგისა და შემოქმედებითი სფეროს ადამიანები და ერთიან კომუნად აქცია. წლევანდელი, საიუბილეო სფოთლაითის წარმდგენია საქართველოს ბანკი, რომელსაც სფოთლაითთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„გვიხარია, რომ უკვე მრავალი წელია სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ. ამ დროის განმავლობაში, სფოთლაითმა ძალიან პატარა კომუნის შეკრებიდან ყველაზე მასშტაბურ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებამდე გზა გაიარა და ქართული მარკეტინგის ინდუსტრიისთვის არაერთი მაგარი პროფესიონალი აღმოუჩენია, რომელიც სწორად სფოთლაითით გავიცანით. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია,“ – ამბობს, ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

M: წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“ – თქვენი შეფასებით, როგორია მემკვიდრეობა, რომელიც სფოთლაითმა შექმნა?

ლევან გომშიაშვილი: ზუსტად მახსოვს პირველი სფოთლაითი. ზუსტად მახსოვს ის სპიკერები რომლებიც სცენაზე იყვნენ და ის მემკვიდრეობა, რომელიც მათ შექმნეს. ჩემთვის, გარდა ახლის სწავლისა, რომელსაც მე პირადად, როგორც მსმენელი, ყოველ სფოთლაითზე ვიგებ – სფოთლაითის მემკვიდრეობის ყველაზე მთავარი ნაწილი შედარებით ახალი სახეებისთვის სცენის დათმობაა, რომლებიც თავისმხრივ უკვე კიდევ, თავის პროფესიულ მემკვიდრეობას ქმნიან. ბევრი მარკეტერისთვის ყოფილა სფოთლაითზე გამოსვლა გარდამტეხი მომენტი – დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.

აკო ახალაია, Spotlight: 2013 წელს, როდესაც პირველი სფოთლაითი ჩავატარეთ, მივხვდით რაღაც ახალი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. სტუმრების შეფასებებით დაუვიწყარი გამოცდილება იყო, საიდანაც გაჩნდა პროექტის პირველი სლოგანი იდეაც – „დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება“. 10 წლის განმავლობაში, ჩვენც და ჩვენი პროექტიც გაიზარდა, ახლა თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი უყურებს ჩვენს ღონისძიებას youtube-ზე, უამრავ ნიჭიერ ადამიანსა და ბრენდს მიეცა შესაძლებლობა გააზიაროს იდეები და განხორციელებული პროექტები. რაც მთავარია, ღონისძიება იქცა ბევრისთვის შთაგონებისა და ურთიერთობის საუკეთესო საშუალებად. ეს კი ისაა, რაც 10 წლის წინ ჩავიფიქრეთ და რაც სულ გვინდოდა გვეკეთებინა.

M: ეს სფოთლაითი საიუბილეოა – როგორია მოლოდინი ღონისძიებასთან დაკავშირებით?

ლევან გომშიაშვილი: ათი წელი გარდამტეხი თარიღია – ეს იმის ინდიკატორია, რომ ინიციატივამ არა მხოლოდ შექმნა მდიდარი მემკვიდრეობა, არამედ მომავალშიც გააგრძელებს ზრდას, მასშტაბირებას და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის საინტერესო სივრცის შექმნის ხელშეწყობას.

წლევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით კი გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება უფრო მეტი მოტივაციის, გამბედაობის და არსებული ცოდნის გადაფასების შესაძლებლობის მომცემი. რომლის დასრულების შემდეგ უფრო მეტად „ცეცხლანთებულები“ დავუბრუნდებით ჩვენს სამუშაო გარემოს ახალი შემართებით, ახალი იდეებით და ენერგიით, რომ არ გავჩერდეთ და არა მხოლოდ გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, არამედ ვაკეთოთ ჩვენი საქმე კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, ახლებურად და განსხვავებულად.

აკო ახალაია: დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მთელი გუნდი სავსე ვართ მადლიერებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაგვიჯერა, სცენაზე გამოვიდა, მხარი დაგვიჭირა, ასევე, ყველა იმ კომპანიისა და ბრენდის მიმართ, ვინც დაგვეხმარა, რომ 10 წლის განმავლობაში ჩაგვეტარებინა დღეები, რომლებიც სავსეა შთაგონების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.“

შეხვდი Evido–ს გუნდს Touch Summit-ზე

როდისაა ქარიზმატული ხელმძღვანელი აქტივი