in

„ყოველი აღიარება, მიზანთან ერთი ნაბიჯით მიახლოებაა“, – თეიმურაზ სუხიტაშვილი

ფინანსები და ბანკინგი მხოლოდ ციფრები და ტრანზაქციები როდია, ამ უზარმაზარი ინსტიტუციის უკან დგანან ადამიანები და ადამიანური ამბები. ეს გახლავთ ისტორიები გამბედაობის, განვითარებისა და იმ გადამწყვეტი მომენტების შესახებ, როცა შესაძლებლობას ორივე ხელით ჩაეჭიდები. დღეს, გაგაცნობთ ახალგაზრდა ადამიანს, რომლის პროფესიული გეზიც ბავშვობაში, პაპის შთაგონებით დაიწყო და საქართველოს ბანკში წარმატებულ კარიერამდე განვითარდა. საქართველოს ბანკის მომხმარებელთა ონბორდინგისა და ურთიერთობათა მენეჯერი, თეიმურაზ სუხიტაშვილი გვიყვება, თუ  როგორ შეიძლება ოცნება მიზნად აქციო, მიზანი – კონკრეტულ გეგმად, ხოლო გეგმა – ხელშესახებ მიღწევად.

ბავშვობაში გატარებული საღამოები, როდესაც პაპაჩემი საბჭოთა პერიოდის „ფინანსური გამოძიებების“ ისტორიებს მიყვებოდა, ალბათ ჩემი პირველი შეხება იყო იმ სამყაროსთან, რომელიც მოგვიანებით ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ ისტორიებმა იმდენად ღრმად დაიბუდა ჩემში, რომ უკვე მე-6-7 კლასიდან ნათლად ვხედავდი ჩემს მომავალს ფინანსების სფეროში. ეს არ ყოფილა უბრალოდ დროებითი გატაცება – ეს იყო მკაფიო შეგრძნება, რომ სწორედ აქ შევძლებდი ჩემი პოტენციალის სრულად რეალიზებას.

ალბათ, ეს მიდრეკილება სისხლში მაქვს გამჯდარი – ბებია-ბაბუა მეწარმეები იყვნენ, ხოლო მამა ყოველთვის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. უნივერსიტეტის პერიოდში უკვე ვიცოდი ჩემი გზა: წარმატებული კარიერიდან საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე. ვაცნობიერებდი, რომ ამ გზაზე წარმატებისთვის ჯერ საფუძვლიანი პროფესიული უნარები უნდა შემეძინა. ამ ინტერესით ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე, სადაც ნელ-ნელა, ყოველდღიური აღმოჩენების გზით, კიდევ უფრო დავაზუსტე ჩემი ინტერესი – ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულება.

ცხოვრება ხშირად გიწყობს სიურპრიზებს – ჩემ შემთხვევაში, ეს იყო მეგობრის რჩევა, გამეგზავნა CV საერთაშორისო კომპანიაში, სადაც სტუდენტებისთვის მიმზიდველი პირობები ჰქონდათ. პანდემიის პერიოდში, სოციალური ქსელის კონტენტ მოდერატორად ამიყვანეს. დისტანციური მუშაობის ფორმატი თავიდან ზღაპრული ჩანდა – სახლიდან ვშრომობდი, თუმცა ღამის ცვლებმა და სამსახურის სპეციფიკამ დამანახა, რომ ეს მხოლოდ დროებითი გაჩერება შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს გზაზე.

ორი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, უკვე სინიორ პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ გული მაინც საბანკო სექტორისკენ მიმიწევდა. როცა საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ გავიგე, ვიცოდი – ეს ჩემი შესაძლებლობა იყო.

სამწუხაროდ, არჩევანი ჩემზე არ შეჩერდა, მაგრამ, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, „რაც არ კეთდება, უკეთესობისკენაა“. სულ ორ თვეში ცხოვრებამ დამიმტკიცა, რომ თურმე ბედისწერა არსებობს – მეგობარმა, რომელიც ლიდერატორად აიყვანეს, შემატყობინა, რომ მენეჯერს, რომელსაც გასაუბრებიდან ვახსოვდი, ჩემი კანდიდატურა ახალ ვაკანსიაზე სურდა განეხილა. ასე მიმიღეს დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებაში, მომხმარებელთა ონბორდინგისა და ურთიერთობათა ასოცირებულიმენეჯერის პოზიციაზე. 

პირველი დღეები ნამდვილ გამოწვევად იქცა. ღამის ცვლების ნაცვლად, დილის 9-ზე ოფისში უნდა ვყოფილიყავი, დისტანციური მუშაობის მაგივრად, გუნდთან ინტეგრაცია მჭირდებოდა, ხოლო Wealth Management-ის მომხმარებლებთან  ურთიერთობის სხვა  უნარები მესაჭიროებოდა. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ როცა გვერდით გუნდი გიდგას – სუპერპროფესიონალები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ და მხარში ამოგიდგნენ, შეუძლებელი არაფერია.

გამოსაცდელი 3 თვის შემდეგ არა მხოლოდ ამიყვანეს მუდმივ პოზიციაზე, არამედ 1 წელზე ნაკლებ დროში Wealth Management-ის მომხმარებლის ონბორდინგისა და ურთიერთობათა მენეჯერის პოზიციაზე დამაწინაურეს. ეს სტანდარტზე გაცილებით სწრაფი წინსვლა იყო. 1.5 წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ჩემი ძალისხმევა კიდევ ერთხელ დაფასდა – წლის საუკეთესო თანამშრომლად დამასახელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება იყო.

ჩემთვის, განვითარება არასდროს ჩერდება – პარალელურად მაგისტრატურაზე ვაბარებ, ოღონდ არა ფინანსების, არამედ „საჯარო მართვის“ მიმართულებით. რატომ? ვფიქრობ, ცოდნა მრავალფეროვანი უნდა იყოს და ვიმედოვნებ, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეს ძალიან გამომადგება.

ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს – გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ყოველი გამარჯვება, ყოველი აღიარება ჩემთვის არა მხოლოდ ჯილდოა, არამედ ერთი ნაბიჯით მიახლოებაა ოცნებასთან.

ყოველი მიღწევა ერთგვარი დანიშნულების წერტილია, ყოველი აღიარება, ერთი ნაბიჯით მიზანთან მიახლოებაა. ვაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეული წელი წინაზე უფრო ნაყოფიერი იყოს. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ამბიცია. როცა გუნდურად შრომობ და იზრდები, ყველაფერი შესაძლებელია.

განსაკუთრებული წვლილი მედიის ისტორიაში – The New York Times-ის ისტორია

„აგროჰაბის” მეშვიდე ფილიალი საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ გაიხსნა