14
May
2019

საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმას – Workplace-ს ნერგავს

14 May 2019

საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმის – Workplace-ის დანერგვის შესახებ განაცხადა, რომელიც Facebook-ის მიერ კომპანიებისთვის შექმნილ ბიზნეს პლატფორმას წარმოადგენს.

როგორც საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, Workplace-ის დანერგვის მიზანი საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა. ამასთან, გამიზნულია მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე არხებით მოხდება ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის გაცვლა,უკუკავშირის მიღება და ჩართულობა. კომპანიის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას –გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატიისა და მეტი ეფექტურობის მიზნით ნერგავს.

უკეთესად რომ განვმარტოთ ამ პლატფორმის არსი, გეტყვით, რომ იგი კონკრეტული კომპანიის თანამშრომლებს ვირტუალურ სივრცეში თავიანთ კოლეგებთან კომუნიკაციას გაუადვილებს. თავად ფეისბუკი Workplace-ის პირველად ვერსიას 2011 წლიდან იყენებდა, თუმცა, ოფიციალური ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღესდღეობით Workplace-ს ისეთი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა: Walmart, Spotify, Starbucks, Heineken, Chevron და სხვ.

პლატფორმა შემდეგ მახასიათებლებს მოიცავს:

ჯგუფები (საერთო ვირტუალური სივრცე, რომელიც კონკრეტული თემის ირგვლივ იქმნება), “ნიუსფიდი” (ფეისბუკის მაგვარი ტრადიციული კედელი, რომლის სქროლვის შედეგადაც თანამშრომლები სწორედ ამ თემატურ ჯგუფებში ატვირთულ კომპანიის სიახლეებს გაეცნობიან), Workplace ჩატი (ჩატი მყისიერი მესიჯებისთვისაა შექმნილი,რომელშიც შესაძლებელია მიწერა და ფოტოების გაცვლა) “ლაივ” ვიდეო”, კითხვა-პასუხის სესიები, ივენთები,“People Directory” (საშუალებას იძლევა,მოძებნოთ კოლეგები და გქონდეთ მათთან ეფექტური კოლაბორაცია).

„თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიურ საშუალებას წარმოადგენს ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში – ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და განსხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიური და საინტერესო პლატფორმა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითოეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე. ეს სივრცე მისცემს მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისა და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის მისი საქმიანობის რეალური ღირებულება“,- აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

როგორც კომპანიაში ამბობენ,საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და თანამშრომლების ინტერესზე მორგებული საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე მენეჯმენტის მხრიდან.

განხილვა