ახლახან საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა – იგი გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი ჯილდო, რომელიც პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბანკმა მიიღო. საქართველოს ბანკი ასევე გახდა მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორაციული მიმართულებით.
ამ სტატიაში საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინუცა ოქროპირიძე გვიამბობს, თუ რა ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ეს ტიტული საქართველოს ბანკმა და რა ხედვებსა და ღირებულებებს ეფუძნება სოციალური მედიის მიმართულება.
პირველ რიგში გილოცავთ მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის ჯილდოს კორპორატიული მიმართულებით Global Finance-ისგან. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის?
ეს ჯილდო ჩვენთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, უდიდესი მნიშვნელობისაა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მსგავსი ჯილდო კორპორატიული მიმართულებით ქართულმა კომპანიამ პირველად მოიპოვა.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ღირებულებებსა და ხედვებს ეფუძნება თქვენი მიმართულება, რითაც გლობალური აღიარება მოიპოვეთ?
კონტენტის გუნდი, ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად, კორპორაციული მიმართულებით მონაცემებზე დაფუძნებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომუნიკაციას აწარმოებს, რათა ჩვენი კამპანიები მეტად ეფექტური და შედეგიანი იყოს აუდიტორიისთვის. ბიზნესებთან კომუნიკაციის მთავარი მიმართულება მათთვის ისეთი ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს, რაც მათ ბიზნესპროცესების გამარტივებაში ეხმარება და აძლევს საშუალებას, საკუთარ მომხმარებელს უფრო დაუახლოვდნენ.
ჩვენ, ერთი მხრივ, ბიზნესის თითოეულ სეგმენტს მათ ინტერესებზე მორგებული კონტენტით სწორ არხებში ვაწვდით საჭირო ინფორმაციას და მეორე მხრივ, უშუალოდ ბიზნესების, მათი სერვისებისა და პროდუქტების წარდგენით, ვამცირებთ დისტანციას კომპანიებსა და მათ საბოლოო მომხმარებლებს შორის.
როგორია თქვენი სამუშაო პროცესი, როგორ ქმნით ისეთ კონტენტს ბიზნესებისთვის, რომელიც ერთი მხრივ, საინტერესოა თავად მასში მონაწილე კომპანიებისთვის, და მეორე მხრივ, საბოლოო მომხმარებლისთვის?
ფიქრის პროცესში რამდენიმე პერსპექტივას ვითვალისწინებთ – რა საჭიროებები აქვს ბიზნესს? რა დააინტერესებს მომხმარებელს? ხედვის კუთხეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვითვალისწინებთ, რა იქნება ავთენტური იმ პლატფორმებისთვის, რომლებშიც კომუნიკაციას ვაწარმოებთ. გასულ წელს 100-მდე ბიზნესს დავუთმეთ ჩვენი სოციალური მედია არხების პლატფორმა მათი წარმატების ისტორიების გასაზიარებლად. საქართველოს ბანკი წლებია, ამ ფორმით მხარს უჭერს ბიზნესებს – რაც დამწყები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით დიდი სტიმულის მიმცემია.
როგორია ყოველდღიური სამუშაო პროცესი საქართველოს ბანკის სოციალური მედიისა და კონტენტის გუნდში?
საქართველოს ბანკის კონტენტის გუნდის ყოველდღიურობის ნაწილი მიმართულებების ბრენდ მენეჯერებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაზე მუშაობაა. ამ დროს ვაანალიზებთ, რა სტილში უნდა შესრულდეს კომუნიკაცია, იქნება ეს საიმიჯო, თუ პროდუქტზე ორიენტირებული. შემდეგ ვარჩევთ შესაბამის საკომუნიკაციო არხებს კამპანიის მასშტაბის მიხედვით და ვიწყებთ თითოეულზე მორგებული კონტენტის გეგმის ჩამოყალიბებას.
სოციალური მედიის გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ვაწარმოოთ ვიზუალური და სტილისტური თვალსაზრისით სრულად განახლებადი კონტენტი, რის გამოც ახალი ფორმატების თუ პლატფორმების მოძიება სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორ ზომავთ წარმატებას – რა ტიპის ხელსაწყოებს იყენებთ ამისთვის?
კონტენტის და ციფრული მარკეტინგის გუნდისთვის ანალიტიკა და კამპანიის შედეგებზე დაკვირვება უმთავრესი პრიორიტეტია. პირველ რიგში, თითოეულ კამპანიას აქვს საკუთარი მიზანი, შესაბამისად ჩვენც კამპანიის დაგეგმვისას სრულად ამ მიზნის შესრულებაზე ვართ ფოკუსირებული.
სოციალური მედიის კუთხით კი, არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რისი მიხედვითაც ვზომავთ კამპანიის ეფექტურობას და ამისთვის თითოეულ გაშვებულ კონტენტს, თითოეულ არხში ინდივიდუალურად ვაანალიზებთ.
რაც მთავარია, ჩვენ მივყვებით მთავარ მიზანს, ვაწარმოოთ ეფექტური კამპანიები როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის, გავუზიაროთ მათ მეტი შესაძლებლობა და რესურსი განვითარებისთვის.
[პარტნიორის კონტენტი]











