in

#Bank of Georgia Update: როგორ მუშაობს სუპერ აპი?

საქართველოს ბანკის სპეციალურ ღონისძიებაზე Bank of Georgia Update მობილბანკის განვითარების მომდევნო ეტაპის შესახებ გახდა ცნობილი. ის სუპერ აპად გადაიქცევა და თავის თავში გააერთიანებს უამრავ საბანკო თუ სხვა ფინანსებთან დაკავშირებულ სერვისს, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. აპი პარტნიორ კომპანიებს მასში მინი-აპლიკაციების ინტეგრირების საშუალებას აძლევს, ხოლო მისი სამომავლო განვითარება უკავშირდება კრიპტოს, მარკეტფლეისს, ბილეთებს და სხვა სერვისებს, რომლებიც უკვე არის მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.ეს იმას ნიშნავს, რომ მობილბანკი გარდაიქმნება ერთგვარ აგრეგატორად, რომელიც პარტნიორი კომპანიების სერვისებს და მოდულებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, როგორიცაა გალტ ენდ ტაგარტის ინვესტიციები, სამოგზაურო თუ სხვა ტიპის სადაზღვეო მოდული და ა.შ. სუპერ აპსა და მობილბანკის მომავალზე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ლევან კობახიძე გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ – როგორია სუპერ აპის კონცეფცია?

სუპერ აპის ინტერპრეტაცია ბევრი განსხვავებული ფორმით შეიძლება, თუმცა ინტერპრეტაცია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს ხედვასთან არის – ფინანსური აპლიკაცია, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურად, რადგან იგი აკმაყოფილებს მათ ძირითად ყოველდღიურ მოთხოვნილებებს მარტივად, ინტეგრირებულად და კონტექსტურად.

სუპერ აპის წარმატებული მაგალითები მსოფლიოში ბევრია და ყველას თავისი დაწყების გზა აქვს. მაგალითად, აზიაში ასეთია Wechat, რომელმაც ჩინეთში მიმოწერის პლატფორმით დაიწყო და დღეს ათეულობით ყოველდღიურ სერვისს აერთიანებს. მას მსოფლიოში 1.3 მილიარდი ადამიანი იყენებს და მისი გამოყენება იმდენად კომფორტულია, რომ ბევრს, მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია. ასევე Go-Jek. ეს კომპანია ინდონეზიაში შეიქმნა, როგორც ორთვლიანი ტრანსპორტის საკურიერო და გაქირავების სერვისი. დღეს, 40 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება და მისი აპლიკაციით, ფაქტობრივად, ყველაფრის გამოძახება შეგიძლია.

ჩვენი ხედვით, სუპერ აპის პირველი ვერსია ჩამოყალიბდება ისეთ მობილბანკად, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოადგება და მისთვის ეს აპლიკაცია იქნება ძირითადი დანიშნულების ადგილი ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ჯერჯერობით ისეთი კატეგორიებიდან, როგორიცაა ყოველდღიური ბანკინგი, ფინანსების მართვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ცხოვრების სტილი, შოპინგი, გართობა და სიახლეები.

M: რა საჭიროებამ განაპირობა მისი შექმნა?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტად ციფრულდება სამყარო და იქმნება ახალი აპლიკაციები, მით უფრო მეტად იზრდება კონკურენცია მოწყობილობაზე გამოყენებად აპლიკაციებს შორის. ცნობილია, რომ აშშ-ში, 2022 წლის მონაცემებით, საშუალოდ 1 ადამიანი ყოველდღე 9 აპლიკაციას იყენებს და ყოველთვე 30-ს. ჩვენთან, ყოველდღიურად გამოყენებადი აპლიკაციების რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია. მართალია დაახლოებით 400,000 ჩვენი მომხმარებელი დღეში ერთხელ უკვე იყენებს ჩვენს მობილბანკს, მაგრამ ჩვენი მიზანია მობილბანკმა გრძელ ვადაშიც შეინარჩუნოს ადგილის მომხმარებლის მოწყობილობის მთავარ გვერდზე და ეს მხოლოდ შესაძლებელია თუ ის მომხმარებელს უფრო მეტ სერვისზე წვდომას გავუმარტივებთ და მისი საჭიროება ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ უფრო გაიზრდება. 

ასევე სუპერაპის შექმნის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ბევრი სასტარტო კომპონენტი გვაქვს უკვე ამისთვის, როგორიცაა დიდი მომხმარებელთა ბაზა, იდენტიფიცირებული კლიენტი, მარტივი გადახდის საშუალებები, 17,000-ზე მეტი პარტნიორი ბიზნესი, ვინც ჩვენს გადახდის სისტემებს იყენებს და მონაცემების ანალიზის შესაძლებლობა.

M: რით განსხვავდება ის მობილბანკისგან?

სუპერ აპი მობილბანკის ახლო მომავალია. ჩვენი ხედვით, სუპერ აპი არის საბანკო აპლიკაცია, რომელიც ფარავს არამხოლოდ ყველა იმ ძირითად საბანკო მომსახურებას, რაც დღეს ბანკშია ხელმისაწვდომი, არამედ არის ბევრი განსხვავებული სერვისის გამაერთიანებელი აპლიკაცია მომხმარებლისთვის.

მეორე მხრივ, მობილბანკი ხდება პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბაზარზე არსებულ სერვის პროვაიდერებს ერთ სივრცეში და ხელმისაწვდომს ხდის ონლაინ. ანუ ის ხდება ძლიერი გაყიდვის ინსტრუმენტი ბიზნესებისთვის, როგორიც ეს არის დღეს ალდაგისთვის, ჯიპიაისთვის და ირაოსთვის, დაზღვევის სერვისის მიწოდებისას, ან Galt and Taggart-ისთვის, საინვესტიციო სერვისების მიწოდებისას, და გახდება ბევრი სხვა  ჩვენი ბიზნეს მომხმარებლისთვის, მობილური მარკეტპლეისის საშუალებებით.

M: ვისთვის არის სუპერ აპი და როგორ შეცვლის ის მომხმარებლის გამოცდილებას?

სუპერ აპი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანიშური პროდუქტია. ის გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე, დღეს მობილბანკს უკვე იყენებს მილიონამდე ადამიანი ყოველთვე და ეს ადამიანები ყველა სეგმენტს მოიცავენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ამ ადამიანების ინტერესები და მათი ქცევის ანალიზით და მათი უკუკავშირის საფუძველზე, შევძლოთ მათთვის ყველაზე საჭირო სერვისის მიწოდება სწორ დროს და სწორ ადგილას.

M: როგორია სუპერ აპის ეფექტიანობის მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი?

ვფიქრობ, მთავარი საზომი, რაც განსაზღვრავს სუპერ აპის ეფექტიანობას, არის აპლიკაციაში მომხმარებელთა ჩართულობა, გამოყენების სიხშირე და მომხმარებელთა კმაყოფილება. ჩვენი მიზანია, ონლაინ და ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის, ისეთი სერვისები, რომლის მისაღებადაც დღეს ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავენ და ძალიან სჭირდებათ. მაგალითად, როგორც ეს შევძელით ინვესტიციების და დაზღვევის შემთხვევაში. იმავეს ვაპირებთ მობილური მარკეტპლეისის აშენებით შოპინგის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ბილეთების შეძენის მოდულის დამატებით, სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების მარტივად შესაძენად და ა.შ.

#Bank of Georgia Update: ბიზნესები შეძლებენ ხმა მიაწვდინონ ყველაზე რელევანტურ, მათთვის საინტერესო მომხმარებლებს

4UA — ფაბერი და VISA უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ