28
Mar
2018

სასწავლო ცენტრი ბორჯომში, სადაც ყველას შეუძლია სწავლა! – “IDS ბორჯომი საქართველოს” ვიდეორგოლი

28 Mar 2018

„IDS ბორჯომი საქართველომ“ სასწავლო ცენტრი გახსნა. კომპანია CSR პროექტებს სამი მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი განათლებაა, რომლის ფარგლებშიც, 2012 წელს, ბორჯომში, N1 ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ტრეინინგ ცენტრი დააარსა.

 

სასწავლო ცენტრის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლიც, რომელიც „ატომ სტუდიომ“ გადაიღო. რეჟისორი თემო ეზუგბაიაა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=bHUsUoa0Tck[/embedyt]

 

ტრენინგ ცენტრში მათემატიკა, ზოგადი უნარები (მათ შორის, სპეციალური პროგრამით – აბიტურიენტებისთვის), კომპიუტერული პროგრამები და უცხო ენები (ინგლისური, რუსული) ისწავლება. ასევე არის ჟურნალისტიკის კლუბი, ეკო კლუბი, თეატრალური სტუდია, ხელსაქმე და სხვა აქტივობები. რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, ცენტრში ბორჯომის რეგიონის საჯარო სკოლებისა და რეპეტიტორის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ასწავლიან.

„ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბორჯომის ტრენინგ ცენტრში სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მე-6 კლასიდან ზევით, ვინც ბორჯომსა და მის შემოგარენში ცხოვრობს. დამოუკიდებელ, თავისუფალ და განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბება, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ადამიანისთვის. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და სწორედ ასეთი თაობა აღვუზარდოთ როგორც ბორჯომს, ისე მთელ საქართველოს. ვთვლით, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, ცენტრის მთავარი მიზანია, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი განათლება; საშუალება მისცეს მომავალ თაობას, შეისწავლონ მათთვის საინტერესო საგნები, აიმაღლონ ცოდნა და შეიძინონ დამატებითი უნარები, მიიღონ საუნივერსიტეტო განათლება და მიღებული განათლებით ემსახურონ საკუთარ ქალაქს, რეგიონს, ქვეყანას”, – ამბობს „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნანიკო კუპრაშვილი.

განხილვა