in

Bokacello: „გვინდა, მსოფლიოს ქართული ლიქიორით დავამახსოვროთ თავი“

დადგება დრო, როდესაც მსოფლიო ქართული ლიქიორის, BOKACELLO-ს შესახებ გაიგებს და ქ-ნ ინდირა ამირანაშვილს გაახსენდება, როგორ ასინჯებდა სახლში გაკეთებულ ლიქიორებს თავის თანამშრომლებსა და მეგობრებს. ლიმონჩელოს პრინციპით დამზადებული ეს სასმელი, თავდაპირველად, მისთვის ჰობი იყო. თუმცა, ენთუზიაზმმა ახალი გემოების აღმოჩენამდე მიიყვანა.  სასმელი ერთნაირად აღაფრთოვანებდა როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

ამ იდეის გარშემო მთელი ოჯახი გაერთიანდა – ინდირა ამირანაშვილი მეუღლესთან, ბოკა ლაბარტყავასთან და შვილებთან – ილიასა და პეტრესთან ერთად. დიდიც და პატარაც აზარტით ჩაერთო ახალ საქმეში. მალე, სააგარაკე სახლში მცირე საწარმომ დაიდო ბინა. მარკეტერთან ინტერვიუს დროსაც, „ბოკაჩელლოს“ ავტორები ბრენდის იდეასა და განვითარებაზე აქტიურად გვიზიარებდნენ თავიანთ ხედვას.

„ბოკაჩელლოს“ ბრენდი ბაზარზე, სულ რაღაც, ორი თვეა გამოჩნდა. მისი ავტორები ამაყობენ, რომ სასმელი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. ამ დროისათვის, „ბოკაჩელლოს“ რვა სახეობაა ხელმისაწვდომი: ჟოლოს, პიტნის, ჯანჯაფილის, ტარხუნის, ლიმონის, მწვანე ლიმონის, ფორთოხლისა და მანდარინის. გაზაფხულიდან მათ რიცხვს მარწყვის, ალუბლის, ნესვისა და კაკლიანის „ბოკაჩელლო“ შეემატება.

M: როგორ დაიბადა BOKACELLO, როგორც ბრენდი და ბიზნესიდეა?

თავდაპირველად, ალკოჰოლური სასმელების დარგში რაიმე ახლის შექმნას საერთოდ არ ვაპირებდით. ეს, უბრალოდ, შემოქმედებითი პროცესი იყო. სასმლის დასახვეწად არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. შედეგმა კი გვაჩვენა, რომ მხოლოდ არომატულ ხილთან სჯობდა მუშაობა. ადამიანები, ვისაც ჩვენი სასმელი გავასინჯეთ, გვეუბნებოდნენ, რომ ლიქიორები უცხო და ძალიან სასიამოვნო დასალევი იყო. თანაც ისეთი, რომლის მსგავსიც იმ დროისთვის, საქართველოში არ არსებობდა. ყოველივე ამან განაპირობა ამ იდეის ბიზნესად გარდაქმნა. ბაზრის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ჩვენი ბრენდის 3 ძირითადი ღირებულება ჩამოვაყალიბეთ: 

  • ჩვენი სასმელი უნდა ყოფილიყო ბოლომდე ნატურალური, ქართული პროდუქტებისგან შემდგარი. მართლაც, სასმელში არ შედის დანამატები ან საღებავები. სწორედ ამით გამოირჩევა „ბოკაჩელლო“. მისი ინგრედიენტებია სეზონური ქართული ხილი, კენკრა, ციტრუსი, არომატული ბალახი, ქართული მარცვლოვანი სპირტი, წყალი და შაქარი.
  • ტრადიციულად, უმეტესი ლიქიორი დაბალსპირტიანია და სტერიოტიპულად ქალების დასალევად ითვლება. ჩვენი ყველა ლიქიორი არის 45% alc. ამის გამო, ის მიმზიდველია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
  • უნდა გვქონოდა არომატების მრავალფეროვანი არჩევანი. მართლაც, ერთ სახეობას რომ დააგემოვნებ, მეორე და მესამე გაინტერესებს, იმდენად განსხვავებულია ყველა. ამ დროისთვის, რვა გემოს „ბოკაჩელლო“ გვაქვს ჩამოსხმული და კიდევ ვამატებთ არომატებს.

M: როგორ ჩამოყალიბდა „ბოკაჩელლოს“ ბრენდინგი?

დასახელება „ბოკაჩელლო“ შედგება ორი სიტყვისგან. ბოკა – მოფერებითი ქართული სახელია და ესპანურად ნიშნავს ტუჩებს. სიტყვა „ჩელლო“ კი მიუთითებს, რომ ჩვენი ლიქიორი „ლიმონჩელოს“ ტექნოლოგიაზეა დამზადებული.

M: ამ საქმიანობაში მთელი ოჯახი ხართ ჩართული. როგორ გადაინაწილეთ როლები?

„ბოკაჩელლო“ საოჯახო ბიზნესია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ოჯახის ყველა  წევრია ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ „ბოკაჩელლოზე“ საღამოს 6 საათის შემდეგ ვმუშაობთ, როდესაც სამსახურებიდან და სასწავლებლებიდან ვბრუნდებით. ბოკა ლაბარტყავა, ჩემი მეუღლე, პასუხისმგებელია მომარაგებაზე, მარკეტინგსა და გაყიდვებზე. მე, ტექნოლოგის ფუნქცია მაქვს. ყველაფერი, რაც შეეხება ლიქიორის შექმნას, ჩემი სფეროა. ილია ლაბარტყავა, ჩვენი უფროსი შვილი, აღმასრულებელი დირექტორია. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჯერ კიდევ სტუდენტია, დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა, რაც ჩემთვის დიდი მოტივაციაა. პეტრე ლაბარტყავა, ჩვენი უმცროსი შვილი, ასევე აქტიურად მონაწილეობს ჩამოსხმის, დახუფვის, დაჩაჩვისა და ეტიკეტირების პროცესებში. ჩვენ ყველანი ვამაყობთ  ჩვენი პროდუქციით, მისი ხარისხით, გემოთი და, არომატით.

ილია ლაბარტყავა: „ამ საქმემ მთელი ოჯახი კიდევ უფრო გაგვაერთიანა. BOKACELLO ჩემთვის სწორედ ამ ერთიანობის სიმბოლოა. ამავდროულად, პროდუქციის გემოვნური თვისებები და ნატურალური შემადგენლობა მის ფასეულობას უსვამს ხაზს. მიხარია, რომ ოჯახური ექსპერიმენტი ბიზნესში გადაიზარდა. სწორედ ამ ყველაფრის გაზიარება გვსურს ხალხისთვის. BOKACELLO-ს სახით, გვინდა, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ქვეყნისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი.“

M: როგორ ეცნობიან მომხმარებლები BOKACELLO-ს?

„ბოკაჩელლოს“ წარმოების საქმიანობამ მოგვიტანა ძალიან საინტერესო კონტაქტები და ურთიერთობები. ვეცნობით ბევრ ახალ ადამიანს, ტურისტულ და ბარმენთა ასოციაციაციებს, ვესწრებით სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, ვატარებთ დეგუსტაციებს, ბარმენებს ვაცნობთ პროდუქციას, ვხვდებით გიდებსა და ალკო-მაღაზიების მფლობელებს, ვიღებთ მონაწილეობას სადღესასწაულო ბაზრობებში და სხვა. 

სისტემატურად ვანახლებთ ინფორმაციას ჩვენს Facebook გვერდზე. მომხმარებელს ვაცნობთ დეტალებს ჩვენი პროდუქციის და განვითარების შესახებ. „ბოკაჩელლო“ შეგიძლიათ მოიძიოთ სხადასხვა მაღაზიასა თუ ბარში, კერძოდ: ალკორიუმის თბილისის ქსელი, Ginventor-ის ონლაინ მაღაზია, მაღაზიები: „ღვინის მარანი“, Wine Therapy, Wine Brand, ბარი/სასტუმრო „ბრიმ“, ბარი/რესტორანი შუშაბანდი (ღვინის ქარხანა), ბარები: „სამხატვრო“, „ჯეირანი“ და სხვა. ახალ მისამართებს ეტაპობრივად ვამატებთ.

ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას სარვამარტო ბაზრობაში, რომელიც ჩატარდება 2022 წ. 6 მარტს, დედაენის ბაღში. ყველას გეპატიჟებით.

M: თქვენ ახსენეთ, რომ სპეციალურად „ბოკაჩელლოსთვის“, კოქტეილების რეცეპტურაზეც მუშაობთ. იქნებ, გაგვიმხილოთ რომელიმე რეცეპტი?

სიამოვნებით. ამ კოქტეილს BOKACITATTO ჰქვია. მის შექმნაში გამოცდილი ბარმენები გვეხმარებოდნენ. დამზადება ასე შეგიძლიათ:
შემადგენლობა: ბოკაჩელლო მწვანე ლიმონი (ან ბოკაჩელლო ლიმონი) – 30 მმ, თეთრი რომი (Havana Club ან Ron Varadero, ან Bakardi) – 30 მმ, ვერმუტი (Martini) – 30 მმ, შაქრის სიროფი – 20 მმ, სოდა ან შვებსი (soda) – 75 მმ, მწვანე ლიმონი – 1 ც, პიტნა (შესაძლებელია შეიცვალოს ბოკაჩელლო პიტნის ლიქიორით – 10 მმ).

დამზადების წესი: ჩადეთ ჰაიბოლში (მაღალ ჭიქაში) პიტნა და ლიმონის მეოთხედი, დაჭყლიტეთ მადლერით, ჩაყარეთ დამსხვრეული ყინული (ქრაში). ჩაასხით შაქრის სიროფი, „ბოკაჩელლო ლიმონი“, ვერმუტი, რომი და ჭიქა ბოლომდე გაავსეთ სოდით. დაამატეთ ყინული, დაჭრილი ლიმონი, მოურიეთ კოვზით და მორთეთ პიტნით.

აქვე მინდა დავამატო, რომ გამოცდილი ბარმენების დახმარებით ვაგრძელებთ „ბოკაჩელლოს“ კოქტეილებისა და მიქსების საავტორო რეცეპტების შექმნას და ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ბოკაჩელლო-ს ბაზაზე შექმნილი კოქტელები შევლენ კოქტეილების საერთაშორისო ნუსხაში.

M: როგორია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ათვისების დინამიკა?

„ბოკაჩელლო“ მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. ადგილობრივი ბაზარი: ჩვენ ვამარაგებთ ალკო-მაღაზიებს, სადაც ყველას შეუძლია „ბოკაჩელლოს“ შეძენა. ჩვენს Facebook გვერდზე შეგიძლიათ შეკვეთის გაკეთება და სახლში მოგიტანთ. ვაპირებთ Glovo-სთან და Wolt-თან თანამშრომლობას მიტანის სერვისის გაადვილების მიზნით. მეორე მიმართულება არის ტურისტების მომსახურება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია. ვმუშაობთ გიდებთან იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტი ერთ-ერთი ტურისტული პუნქტი გახდეს. ტურისტები მოინახულებენ მარნებსა და ალკო-მაღაზიებს, სადაც ჩვენი პროდუქცია არის განთავსებული. ასევე, მათ შეუძლიათ დაესწრონ დეგუსტაციას ჩვენს საწარმოში. მესამე მიმართულებაა „ბოკაჩელლოს“ პოპულარიზაცია ბარმენების მეშვეობით. ჩვენი ლიქიორის დალევა შეიძლება როგორც შოთად, ასევე, კოქტეილში შერევით ან მიქსით. მეოთხე მიმართულება კი, არის ექსპორტი და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, „ბოკაჩელლოს“ ამერიკაში გატანასთან დაკავშირებით.

M: როგორ ხედავთ „ბოკაჩელლოს“ განვითარების პერსპექტივას?

„ბოკაჩელლოს“ აქვს დიდი პერსპექტივა, დაწყებული ქართული ბაზარით და დამთავრებული  ევროპასა და ამერიკაში ექსპორტით. ჩვენი  ამბიციაა, რომ „ბოკაჩელლო“ ასოცირდებოდეს საქართველოსთან, როგორც ქართული ღვინო და ჭაჭა. ვაგრძელებთ აქტიურ პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც.

M: სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ…

ვაპირებთ ახალი სახეობების „ბოკაჩელლოს“ გამოშვებას. სეზონური ხილის გამოყენებით 2022 წ. დეკემბრისთვის გვექნება 12 სახეობის ლიქიორი, რომელსაც „ბოკაჩელლოს თორმეტეულს“ / BOKACELLO Dozen ვუწოდებთ. აქტიურად ვართ ჩართულები საექსპორტო საქმიანობაში, ბოკაჩელლოს ბაზაზე – საავტორო კოქტელების შექმნაში, ტურისტების მოზიდვასა და საქართველოს სხვა რეგიონებში პროდუქციის პოპულარიზაციაში. 

ამჟამად ჩვენს საოჯახო საწარმოს თვეში 2,000 ბოთლის წარმოების საშუალება აქვს. გაზრდილი მოთხოვნის მიღწევის შედეგად, გარდავიქმნებით ტექნოლოგიურ საწარმოდ და შევქმნით სამუშაო ადგილებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დასასრულს ყველას, ვისაც გული შეტკივა ქართულ წარმოებაზე, მსმელს თუ არამსმელს, ვთხოვო, რომ მოიკითხოთ ლიქიორები BOKACELLO | ბოკაჩელლო ბარებსა თუ რესტორნებში და ალკო-მაღაზიებში. თქვენი ძალისხმევით, ძალიან მალე, ჩვენი პროდუქცია აღმოჩნდება თქვენთვის სასურველ ადგილებში. 

[R]

FDA-ის ახალი აპლიკაცია ინსულინის დოზების გასაკონტროლებლად

მოქანდაკე ოკეანის სიყვარულს მინის სკულპტურებით გამოხატავს