in

ბოლნისური მეღვინეობის გამორჩეული ისტორია, ქართულ-გერმანული ტექნოლოგია და პოპულარული მარნები

ახლა შემოდგომაა და საქართველოში, ზოგან რთველი უკვე დაიწყო, ზოგან კი მისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან…ჩვენი ქვეყანა რომ ვაზის, ღვინის კულტურით გამოირჩევა, ეს ყველასთვისაა ცნობილი. მეტიც, საქართველოს ხშირად მეღვინეობის სამშობლოდაც კი მოიხსენიებენ. ეს კულტი ქვეყანას, ფაქტობრივად, იმდენი ხანია მოჰყვება, რაც საერთოდ ეს მიწა არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში ღვინოს არ ვუყურებთ, როგორც უბრალოდ სასმელს. ის ჩვენთვის ისტორიის, კულტურის, რელიგიისა და ეთნოსის გამომხატველი ცნებაა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა კუთხეში მოჰყავთ ყურძენი, ალბათ არავინ შემოგვედავება, თუ ვიტყვით, რომ უმეტესობისთვის ღვინო კახეთთან არის გაიგივებული. ამას, რა თქმა უნდა, თავისი საფუძვლიანი მიზეზები აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, ჩვენც ვიცოდეთ და შემდეგ ჩვენს უცხოელ მეზობლებსაც გავაგებინოთ, რომ სხვა მხარეებშიც არანაკლებ არომატული, გემრიელი და სასარგებლო ღვინო მზადდება. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ მხარეზე, ბოლნისზე გვსურს, მოგიყვეთ. ეს არის ქვემო ქართლის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც მეღვინეობის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

ბოლნისური ვაზი რომ მრავალსაუკუნოვანია, ამას არქეოლოგიური გათხრები და ისტორიული დოკუმენტებიც მოწმობს. როგორც ზოგადად საქართველოს აქვს ღვინის 8000-წლიანი ისტორია, იმდენივე ხნისაა ამ პატარა რეგიონში ყურძნის მოყვანის კულტურაც. ქართული მეღვინეობის ზოგიერთი უძველესი კვალი სწორედ აქ არის აღმოჩენილი. შეიძლება პირობითად ვთქვათ, რომ ეს არის ბოლნისური ღვინის ისტორიის პირველი, უტყუარი ეტაპი.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე ბოლნისის მხარეში გერმანელების ჩამოსახლებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ღვინის წარმოება და ახალ-ახალი ტექნოლოგიებიც მუშავდება, თუმცა თანამიმდევრობით მივყვეთ ფაქტებს. 

კატერინენფელდი და შვაბური ტექნოლოგია

საქართველოში ჩამოსულმა გერმანელებმა 1818 წელს ამ დასახელებით შექმნეს დასახლება, სადაც 95 გერმანული ოჯახი ცხოვრობდა. მათი საქმიანობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ღვინის დაყენება და წარმოება. სწორედ აქ ეყრება საფუძველი ე.წ. შვაბურ ტექნოლოგიასაც. როდესაც გერმანელები დასახლდნენ, თავდაპირველად ღვინოს ევროპული წესით ამზადებდნენ, თუმცა საქართველოში ქვევრის ტექნოლოგიას გაეცნენ. მართალია, მათ დაიწუნეს ქვევრი, როგორც ჭურჭელი, მაგრამ მოეწონათ თავად დაყენების ტექნიკა, რომელიც გააერთიანეს მათთვის ცნობილ ევროპულ წესთან და საბოლოო ჯამში მიიღეს შვაბური ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიით დამზადებული თეთრი ღვინო ღია ქარვისფერია და ჭურჭლად მუხის კასრებს იყენებენ. 

შვაბურ ტექნოლოგიას დღესაც აქტიურად იყენებენ ბოლნისში. მაგალითად, ახლანდელ, უფროსი თაობის ბოლნისელ ბაბუას რომ ჰკითხოთ, რა ტექნოლოგიით ამზადებთო ღვინოს, ის გიპასუხებთ: „რა ვიცი, ტრადიციულად”, თუმცა ამ სიტყვამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ ტრადიციულში ქართული მეთოდი იგულისხმება. ბოლნისელებისთვის ღვინის ტრადიციული დაყენების ტექნიკა შვაბურს ნიშნავს, მათ ისე აქვთ ეს ტექნოლოგია გათავისებული, რომ მშობლიურად მიაჩნიათ. 

ნიადაგი, ჰავა და სახეობები

ბოლნისში ზომიერი კლიმატი და ყურძნისთვის საკმაოდ ჯანსაღი ნიადაგებია. გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი, გურამ ავქოფაშვილი გვეუბნება, რომ ეს ნიადაგები ახალგაზრდა მიწებადაა მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მინერალებითაა გაჯერებული. ეს კი ეხმარება ყურძენს, რომ იყოს გემრიელი, სასარგებლო და არომატული. 

მიწები საკმაოდ მრავალფეროვანია: ის 13 მიკროზონად იყოფა, რომელზეც ოდითგანვე აწარმოებდნენ ღვინოს და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ნაკვეთები შედარებით მცირეა. თუკი გასულ საუკუნეში 6000 ჰექტარამდე ნაკვეთს ნახავდით, ახლა ეს რიცხვი 1000 ჰექტარამდეა ჩამოსული, თუმცა მზარდი დინამიკა შეიმჩნევა და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება მევენახეობა-მეღვინეობის საქმეში.

ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ბოლნისური ღვინო მშრალია. აქ ნახევრად მშრალ ან ტკბილ ღვინოს ვერ მივიღებთ, შესაბამისი ჰავიდან გამომდინარე. სახეობებიდან ყველაზე გავრცელებულია რქაწითელი, ბოლნისური თავკვერი, შავკაპიტო, რომლის წარმოებაც მხოლოდ 4 წელია, რაც დაიწყო, საფერავი და გორული მწვანე. აქედან ბოლნისელები მაინც თავკვერს გამოარჩევენ, რადგან ის ამ მხარის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. „ჯერ მარტო ვენახში, ვიზუალურად რომ შეხედოთ ამ ყურძენს, მის მტევნებს სხვა ჯიშებისგან გამოარჩევთ, რადგან ძალიან განსხვავებული, ლამაზი მტევნები აქვს”, – გვეუბნება გურამ ავქოფაშვილი.

თავკვერი საზაფხულო ღვინოა. მას ვარდისფერი შეფერილობა და ძალიან სასიამოვნო, ნაზი, მსუბუქი არომატი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად ვაზიც საკმაოდ ფაქიზია და დიდ მოვლას საჭიროებს, ის შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ხოლმე.

ბოლნისური ღვინო დღეს

ახლა, როცა უკვე ცოტა გავერკვიეთ ბოლნისური ღვინის ტრადიციებსა და ჯიშებში, დღევანდელ მდგომარეობას გადავავლოთ თვალი. 

ბოლო მონაცემებით, აქ დაახლოებით 70 მევენახე-მეღვინე მოღვაწეობს. მართალია, როგორც აღვნიშნეთ, დიდი ნაკვეთები არ არის, მაგრამ ბოლნისური ღვინის კულტურა და უძველესი ტრადიცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აქაური მარნები და ღვინის გაერთიანება ერთიანი ძალებით ცდილობენ, ადგილობრივი ღვინო ცნობილი გახადონ მთელ საქართველოში და არა მარტო. როგორც ბოლნისელი მეღვინეები აღნიშნავენ, უცხოელები, რომლებიც სინჯავენ ამ ღვინოს, ყოველთვის აღნიშნავენ მის განსხვავებულ და ნაზ არომატებს, რაც მეღვინეების აზრით, აქაური მიწის დამსახურებაა.

ბოლნისურ ღვინოს პოპულარიზაციაში “არემჯიც” ეხმარება. ეს არის კომპანია, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს ბოლნისური მეღვინეობის პროგრამას. მან ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისსა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის, რომლის თანახმადაც, „არემჯიმ“ აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს ბოლნური ღვინოების წარმოებას, პოპულარიზაციასა და განვითარებას. ამ დღიდან მოყოლებული კომპანია ცდილობს, დაეხმაროს ბოლნისელ მეღვინეებს, პატარა მარნებს, მეღვინეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო გამოფენებზე გასვლაში.

რამდენიმე მარანმა უკვე მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა. ესენია: „მეღვინეობა ოქროს საწმისი” და „ქობულაძის მარანი”. ამ მარნებმა „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით აღიარება მოიპოვეს და უმაღლესი შეფასებები მიიღეს. მათი მარნის ღვინის დაგემოვნება თბილისში, „8000 მოსავალშია” შესაძლებელი.

„ოქროს საწმისი” ღვინოს 2016 წლიდან აწარმოებს. პირველი ნაბიჯების გადადგმა კომპანიისთვის მარტივი არ ყოფილა. გამოწვევა იყო ახალი ბაზრების მოძიება და ძველი ინვენტარის ახლით ჩანაცვლება. თუმცა დღესდღეობით ის წელიწადში 6000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, უკვე ზემოთ ხსენებულ 8000 მოსავალში, ღვინის ბირჟაზე, მაღაზიებში „დადი” და „რეზერვი”.

„პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, არის ხარისხი. გვინდა, რომ ისეთი ღვინო შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელიც ყველას მოეწონება და ხარისხიანი ღვინის სახელსაც დაიმკვიდრებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოსავალზე, რომელ წელს როგორი ჰავა იქნება, იმაზე, მაგრამ საერთო ჯამში, მთელი ძალებით ვმუშაობთ კარგი ღვინის წარმოებაზე. ეს რამდენჯერმე უკვე დაგვიფასდა კიდეც, როცა სხვადასხვა გამოფენასა თუ კონკურსში მაღალი შეფასებები მივიღეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადაც კი ხელი მიგვიწვდება, ყველგან წავიღოთ ჩვენი პროდუქტი, რათა არა მარტო ჩვენი, არამედ ბოლნისური ღვინის ცნობადობა გავზარდოთ”, – გოჩა ლიპარტელიანი, ოქროს საწმისის დამფუძნებელი.

ქობულაძის მარანი საოჯახო ბიზნესია, რომელიც ღვინის დაყენების ტრადიციას თაობიდან თაობას გადასცემს და უკვე მრავალი წელია, ამ საქმითაა დაკავებული, თუმცა ღვინის ოფიციალური წარმოება 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს ექსპო ჯორჯიას გამოფენაზე მათმა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო, ხოლო გასულ წელს 6 მედლით დაჯილდოვდა. 

„ჩვენი მთავარი ნიშა ხარისხიანი ღვინის წარმოება, თავდაუზოგავი შრომა და ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციაა. ყოველწლიურად 4-5 ტონა საფერავსა და რქაწითელს ვამზადებთ. ექსპერიმენტებსაც არ ვუშინდებით, რადგან წელს ხვანჭკარას ჯიშს, ალექსანდროულის პირველ მოსავალს ველოდებით. ზოგადად ეს ჯიში არაა ბოლნისისთვის დამახასიათებელი, თუმცა ვცადეთ და ვფიქრობთ, შედეგს მივიღებთ”, – იოსებ ქობულაძე, ქობულაძის მარნის დამფუძნებელი. 

[R]

„იყო ფარმაცევტი ეს ნიშნავს იზრუნო ადამიანებზე“ – ფარმადეპოს ვიდეორგოლი

როგორ გამოვხატავთ ყავის ლიქიორისგან მიღებულ სიამოვნებას? — Mr. Black Roasters and Distillers-ის კამპანია