in

ბოლო დროის ნობელიანტი მწერლები, რომელთა წიგნებიც უნდა წაიკითხოთ

ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის აჯილდოებენ — აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. დროთა განმავლობაში სწორედ ის იქცა „ღირებულების მასშტაბის საზომად“ და ერთგვარ „ვერიფიკაციად“, რომ ინდივიდის საქმიანობა საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს.

„იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ. წაიკითხეთ ყველაფერი — ნაგავი, კლასიკა, კარგი თუ ცუდი და ნახეთ, როგორ აკეთებენ ამას. უნდა ჰგავდეთ დურგალს, რომელიც შეგირდად მუშაობს და ოსტატობას ეუფლება. წაიკითხეთ! თქვენ შთანთქავთ მას. შემდეგ დაწერე. თუ კარგია, გაიგებთ. თუ ასე არ არის, გადააგდეთ ფანჯრიდან“, — ეს ფრაზა ნობელი პრემიის ლაურეატს, უილიამ ფოლკნერს ეკუთვნის. ალბათ, თავადაც ბევრ ნაგავს თუ კლასიკას კითხულობდა და შემდეგ ასე იქცა ლიტერატურის ნამდვილ ვარსკვლავად.

დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ბოლოდროინდელი ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებებზე ვისაუბრებთ, რომელთა წაკითხვაც ნამდვილად „ღირს“.

სამოთხე — აბდულ რაზაკ გურნა

აბდულრაზაკ გურნას „სამოთხე“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1994 წელს გამოიცა. რომანი კარგად მიიღეს კრიტიკოსებმა და წიგნმა იმავე წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა. ეს შთამბეჭდავი ნაწარმოები, ირონიული სათაურით „სამოთხე“, მკითხველს უშველებელი კონტინენტის ბუნებრივ წალკოტში ითრევს, რომელიც სრული ევროპული კოლონიალიზმის ზღვარზე იმყოფება. მოქმედება კოლონიალურ ჩრდილო აფრიკაში მიმდინარეობს. ეს ის დროა, როდესაც ინგლისელები ადგილობრივ მკვიდრთ საკუთარი მიწებიდან ყრიან, ხოლო გერმანელები კონტინენტის ერთი კიდიდან მეორემდე რკინიგზის გაყვანას გეგმავენ. მთავარი მოქმედი გმირი თორმეტი წლის იუსუფია, რომელსაც მამა მდიდარ ვაჭარს ვალების სანაცვლოდ უთმობს.

იუსუფი ძია აზიზის, ექსპლუატატორი მდიდარი ვაჭრის, რომელიც ბიჭს თავიდან თავისი ნამდვილი ბიძა ჰგონია, მაღაზიაში მუშაობს. შემდეგ სავაჭრო ქარავანთან ერთად უწევს მოგზაურობა და ჯერ კიდევ უმწიფარი იუსუფი შეეჯახება აფრიკას, სადაც სასტიკი ტომობრივი ომები მიმდინარეობს, ხალხი ცრურწმენებით ცხოვრობს, გავრცელებულია უამრავი დაავადება და ბავშვთა მონური შრომა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ყველაფერთან ერთად, იუსუფს უიმედოდ უყვარდება ამინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბევრად უფროს აზიზზე ძალით გაათხოვეს.

ზანზიბარში გაზრდილი მწერალი, რომელიც შემდეგ ინგლისური ლიტერატურის პროფესორი გახდა, ადვილად ახერხებს ერთ ქვაბში ჩაყაროს და ზრდასრული ცხოვრების ისტორიად აქციოს აფრიკელი მუსლიმების, ინდოელი ვაჭრების, ევროპელი ფერმერებისა და ადგილობრივი ტომების შუღლისა და მტრობის ამბავი. აბდულრაზაკ გურნა, რომლის ნაწარმოებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ხშირად აერთიანებს გეოგრაფიასა და ადამიანების ამბებს, თუმცა, ამავდროულად, თითოეული ამბავი განსაკუთრებულად რჩება. არადამაჯერებლობა, ერთ საკითხზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა და ირონია გურნას ხელწერაა, რაც მის ნაწარმოებებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

„სამოთხე“ დაწერილია კაცის მიერ, რომელსაც აფრიკა და აფრიკელები უყვარს, ამიტომ ნაწარმოები ბევრად ახლოს მიდის მკითხველის გულთან, ვიდრე ევროპელი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები. გურნას მიერ დახატული აფრიკა ნამდვილია, ხალისიანი, ლამაზი, მრავალფეროვანი, ხალხი საინტერესო, მათ მიმართ მკითხველი ძალიან ადვილად იმსჭვალება თანაგრძნობით. „სამოთხეში“ მოქმედება მიმდინარეობს პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც გერმანელები გახდნენ დომინანტი ჯგუფი აღმოსავლეთ აფრიკის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ტანზანია ეწოდება. წიგნის პერსონაჟები გერმანელებს „ევროპელებს“ ეძახდნენ. აფრიკელებმა იცოდნენ, რომ ისინი სხვებზე დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ.

იუსუფის, რომელიც ევროპის კოლონიალური მმართველობის ბოლო პერიოდში გაიზარდა, ორაზროვან ბუნებას ავტორი იუველირის სიზუსტით აღწერს. ბიჭის მოულოდნელი გადაწყვეტილება წიგნს ერთი ამოსუნთქვით, გნებავთ, ერთი ხელის მოსმით, მაგრამ ძალიან გონივრულად ამთავრებს. იუსუფის არჩევანი, არის შეგნებული არჩევანი და გვაფიქრებს მიზეზებზე, რამაც აიძულა ახალგაზრდა კაცი ნებაყოფლობით შეერთებოდა გერმანულ არმიას.

ავტორის 2021 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოების დროს ჟიურიმ სხვა მოსაზრებებთან ერთად ეს შესანიშნავი რომანიც გაითვალისწინა.

მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში — პეტერ ჰანდკე


წარსულში მეკარე, ამჟამად კი მონტიორი იოზეფ ბლოხი მკვლელობას სჩადის და პოლიციის მოლოდინში საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. ნაწარმოები დეტექტივივით იწყება და ფსიქოლოგიურ დრამად ვითარდება — ვინც დადგენილ წესრიგს არღვევს, ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ბლოხის შინაგანი განცდები, მისი გაუცხოების პროცესი, განსაკუთრებით კი ენის, საგნებისა და მათი აღმნიშვნელი სიტყვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება, სამყაროს აღქმისა და მისი ვერბალური გამოხატვის კრიზისი არის ნაწარმოების მთავარი თემა.

ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა 1972 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი — რეჟისორისა და მწერლის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ბერლინის ცის“ შემდეგ, რომლის სცენარის ავტორი ასევე პეტერ ჰანდკეა.

„მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის პეტერ ჰანდკეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა — ოლგა ტოკარჩუკი

პოლონეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, გამუდმებული ომები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს შორეული სმირნიდან პოდოლიეში ჩამოდის ახალგაზრდა ქარიზმატული ებრაელი იაკობ ფრანკი. იდუმალებით მოცული უცხოელის ქადაგება ებრაულ სამყაროს ორად ყოფს: ერთი ნაწილისთვის ის საშიში ერეტიკოსია, სხვებისთვის კი — მხსნელი, მესია, რომლის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იბადება უცნაური დოქტრინა — ფრანკიზმი, რომელსაც სულ მალე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპის ისტორიაზე.

იაკობ ფრანკი სწორედ მაშინ ჩნდება დაუძლურებული, ღირსებააყრილი ადამიანების გვერდით, როდესაც მათ ჰაერივით სჭირდებათ სოციალური უსამართლობით გამოწვეული გაუსაძლისი ყოფის ტრანსცენდენტური გამართლება და განმტკიცება რწმენისა, რომ ეს მძიმე ხვედრი შემოქმედის ამოუცნობი გეგმის ნაწილია. ამიტომაც მიჰყვებიან ბრმად მესიად შერაცხულ იაკობს ხიფათითა და იმედით აღსავსე მოგზაურობაში. მათ სჯერათ, რომ ეს არის ებრაელი ერისთვის განსაცდელისგან თავის დახსნის, პიროვნული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების ერთადერთი გზა.

თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.

ორიგინალური ხმის, ღრმა და მრავალშრიანი მონუმენტური რომანი წიგნები იაკობისა, ანუ, როგორც ავტორი სატიტულო გვერდიდანვე გვამცნობს: „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“, თარგმნილია 37 ენაზე.

ოლგა ტოკარჩუკს 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ასევე არის ბუკერის, ნიკეს და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.

ჩერნობილის ლოცვა — სვეტლანა ალექსიევიჩი

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.

რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.

„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, — ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

ნიშნავს თუ არა გამარტივება ღირებულების დაქვეითებას?

თბილისში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 2023 დაიწყო