21
Aug
2019

Bolt საჭმლის მიტანის სერვისს ამატებს

21 Aug 2019

კომპანია Bolt, მომხმარებელს, ახალ მომსახურებას სთავაზობს –  საჭმლის მიტანის სერვისით, მალე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისარგებლებენ. მათ შორისაა საქართველოც. პირველი, სადაც Bolt Food იქნება ხელმისაწვდომი, ტალინია [ესტონეთი]. ოფიციალური ინფორმაციით, წლის ბოლომდე, მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატება, ევროპასა და აფრიკაში.

„მსოფლიოს მასშტაბით, 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს. ბოლო წლებში, საჭმლის მიტანის სერვისზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ეს მომსახურება მარტივი და მოსახერხებელი რომ იყოს, აუცილებელია სერიოზული ტექნოლოგიური მომზადება. ჩვენ კი საჭირო ინფრასტრუქტურა და გამოცდილება უკვე გვაქვს, რომელიც წლების მანძილზე, ავტომობილის გამოძახების სერვისით დაგვიგროვდა“, – ამბობს Bolt-ის პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი ევგენი კაბანოვი.

2019 წელს, Bolt-ის საჭმლის მიტანის სერვისი, ესტონეთის გარდა, ლატვიაში, ლიეტუასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქებში შევა, 2020 წლიდან კი აფრიკისა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოჩნდება.

Bolt-ის საჭმლის მიტანის სერვისი ამოქმედდება საქართველოშიც. თუმცა, სხვა დეტალები, მაგალითად, რა პრინციპით იმუშავებს აქ Food Bolt, როდიდან ან რომელ ქალაქებში იქნება მომსახურება ხელმისაწვდომი, ჯერჯერობით, უცნობია.

ესტონური კომპანია Bolt, რომელიც აქამდე Taxify-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებელს, მანქანის გამოძახებისა და ელექტროსკუტერის გაქირავების სერვისებს სთავაზობს.

 

განხილვა