10
Sep
2019

Bolt უპილოტო ავტომობილებზე გადადის

10 Sep 2019

Bolt ახალი ინიციატივით გამოდის – კომპანია უპილოტო ავტომობილებისთვის სპეციალურ ტექნოლოგიას ქმნის. სერვისის ტესტირება 2020 წელს არის დაგეგმილი. პირველი ავტომობილი მძღოლის გარეშე კი, „ბოლტის“ სისტემაში, მათი ვარაუდით, 7 წელიწადში „გაეშვება“.

„უპილოტო ავტომობილებით მომსახურების დანერგვაზე, დღეს, ბევრი კომპანია მუშაობს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ტექნოლოგია უკვე არსებული უპილოტო ავტომობილებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება პროგრამულ უზრუნველყოფასა და სანავიგაციო სისტემაზე (აპლიკაციაზე)“, – ამბობს Bolt–ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ევგენი კაბანოვი.

კომპანიის მიზანია, მეოთხე თაობის თვითმართვად მანქანებზე მორგებული ტექნოლოგიის შემუშავება. ანუ, უმეტეს შემთხვევებში, ავტომობილის სამართავად ადამიანი აღარ იქნება საჭირო, თუ ექსტრემალური საგზაო პირობები ან რუკაზე არსებული შეცდომები არ დაფიქსირდა. უახლოეს წლებში, Bolt, ამ ტექნოლოგიებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქებსა და გზებზე გამოცდის, რაც შეეხება პროექტის გრძელვადიან მიზანს, უპილოტო ავტომობილების სატრანსპორტო პლატფორმაში ინტეგრირებას, კომპანია, 2026 წელს გეგმავს.

„Bolt–ის მთავარი მიზანია, ქალაქებში გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო გახდეს. სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნა იზრდება. ეს საკითხი, უპილოტო ავტომობილების დახმარებით, შეგვიძლია, უფრო ეფექტურად გადავწყვიტოთ“, – ამბობს ევგენი კაბანოვი.

საქართველოში ამ სერვისის ტესტირება ან დანერგვა, ჯერჯერობით, არ განიხილება.

ესტონური კომპანია Bolt, რომელიც აქამდე Taxify-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებელს, მანქანის გამოძახებისა და ელექტროსკუტერის გაქირავების სერვისებს სთავაზობს. უახლოეს მომავალში კი, საჭმლის მიტანის მომსახურებას დაამატებს.

Bolt–ს, მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. Financial Times–ის ინფორმაციით, ის, ევროპის ყველაე სწრაფად მზარდ კომპანიებს შორის, მესამე ადგილზეა.

განხილვა