Bone Crafts რქისგან შექმნილი აქსესუარების სტარტაპია, რომელიც 2 თვის წინ, ლიკა სოღოიანმა წამოიწყო და დღემდე, სხვადასხვა სახეობის სამკაული შექმნა, როგორიცაა – საყურეები, ბეჭდები, თმის სამაგრები. ორგანული, ბიოლოგიურად სუფთა სამკაულის შეძენა, ჯერჯერობით, მხოლოდ ახალბედა ბიზნესის Facebook გვერდზე ან Instagram-ზე შეგიძლიათ. გეგმავს თუ არა ახალგაზრდა მეწარმე რეალიზების ახალი გზების მოსინჯვას და როგორია რქის დამუშავებისა და სამკაულად ქცევის ტექნიკა – ამ საკითხებზე Bone Crafts-ის შემქმნელს – ლიკა სოღოიანს ვესაუბრეთ:
M: როგორ დაიწყეთ რქის დამუშავება და რა უპირატესობა აქვს Bone Crafts-ის სამკაულებს კონკურენტებთან მიმართებაში?
მომწონდა აქსესუარები და შესაბამისად, დავინტერესდი, თუ როგორ კეთდებოდა. გამიჩნდა იდეა, შემექმნა რქის აქსესუარები, ჩემი აზრით, რქის ნაწარმი უცხოა ქართულ ბაზარზე. დღეისათვის, უფრო დიდი აქცენტი კეთდება ხის აქსესუარებზე, Bone Crafts კი განსხვავდება მათგან და ფერთა გამაც ბუნებრივი აქვს. რაც მთავარია, ორგანულია და ქიმიური ჩარევების გარეშე იქმნება.
M: ამჟამად, რა სახის პროდუქციას აწარმოებთ და თუ გეგმავთ ახალი სახეობების დამატებას?
ხელით ვქმნი საყურეებს, ბეჭდებსა და თმის სამაგრებს. ვფიქრობ, სამომავლოდ, შეიძლება კულონების გაკეთება, რამდენიმე მაქვს უკვე და მათ დახვეწაზე ვმუშაობ. ასევე, ვგეგმავ დიზაინის გამრავალფეროვნებას.
M: საიდან იღებთ სამუშაო მასალას და როგორია რქის დამუშავების პროცესი/ტექნიკა?
მასალას ვყიდულობ სოფელში, რის შემდეგაც, ვრეცხავ, სტერილიზაციას ვუკეთებ და სხვადასხვა ქლიბისა და ხელსაწყოს გამოყენებით ფორმას ვაძლევ. ყველა სამუშაოს ხელით ვასრულებ.
M: რა ფასადაა შესაძლებელი თქვენი ნაწარმის შეძენა და რა მიმართულებით გეგმავთ სტარტაპის განვითარებას? გეგმავთ თუ არა წარმოების გაფართოებას ან რეალიზების ახალი გზების მოსინჯვას?
ჩემი ნაწარმის ფასი 10-დან 30 ლარამდეა. ამ ეტაპზე, მინდა, გავაგებინო ადამიანებს ჩემი პროდუქტის შესახებ. გარდა ამისა, სურვილი მაქვს, ვცადო სხვადასხვაგვარი დიზაინი. იმ შემთხვევაში, თუ ჩემთვის სასურველ რეალიზების რაოდენობას მივაღწევ, მოთხოვნის შესაბამისად, გავაფართოვებ წარმოებასაც და სერვისსაც გავაუმჯობესებ.