in

Bonpara — სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს ფულის დაზოგვაში ეხმარება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

მათ შორისაა Bonpara — ორჰან აჰმადოვისა და ნიჯათ ასადოვის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო B2B2C პლატფორმა მომხმარებლებს ეხმარება, რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგონ. ამავდროულად, ის ბიზნეს პარტნიორებს ხელს უწყობს, მეტი პროდუქტი გაყიდონ და ახალი აუდიტორია მოიზიდონ. გარდა ამისა, Bonpara-ს მეშვეობით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია საკუთარი ქეშბექის ამოქმედება.

M: ორჰან, როგორ გაგიჩნდათ სტარტაპის შექმნის იდეა, რა იყო მთავარი მაპროვოცირებელი?

Cashback-ის პლატფორმის იდეა ახალი არ არის, უბრალოდ მსგავსი პროდუქტები აზერბაიჯანის ბაზარზე არ არსებობდა და ხალხიც სხვა ქვეყნების სერვისებს მიმართავდა, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც მოიცავდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, საკუთარი ქეშბექ პლატფორმა შეგვექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

გაშვების შემდეგ დავინახეთ, რომ ამ ტიპის ლოიალობის პროგრამის საჭიროება ბევრ კომპანიაშია. ამიტომ, შევქმენით ე. წ. Whitelabel, რაც ჩვენი პროდუქტის ნებისმიერ ბიზნესთან ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ მიერ მოწოდებული სერვისები ძირითადად ესაჭიროებათ ბანკებს, ავიაკომპანიებს, ლოჯისტიკას, მობილურ ოპერატორებს და მსგავს დაწესებულებებს, რომელთა მომხმარებლები რეგულარულად ყიდულობენ ონლაინ რეჟიმში. ამჟამად 50-მდე კომპანია იყენებს Bonpara-ს სერვისს.

M: საინტერესოა, თქვენი აზრით, რატომ არის თქვენი სტარტაპ საქმიანობა ღირებული?

Covid-19-ის პანდემიამ ოფლაინ ბიზნესის უმეტესობა აიძულა, კიდევ უფრო გააქტიურებულიყო ონლაინ კუთხით. ამ მიზეზით, ელექტრონული კომერციის განვითარება ახალ ფაზაში შევიდა. სინამდვილეში, გლობალური ელექტრონული კომერცია 15%-დან 21%-მდე გაიზარდა 2019-2012 წლების ინტერვალში. ახლა კი ის გაყიდვების დაახლოებით 22%-ს შეადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტრონული კომერციის ბაზარს დიდი ადგილი აქვს ზრდისთვის.

როგორც Bonpara, ჩვენ ვმუშაობთ შვილობილი მარკეტინგის ინდუსტრიაში, რომელიც ამჟამინდელი $13 მილიარდიდან $15.7 მილიარდამდე გაიზრდება 2024 წლისთვის. ჩვენ კი ელექტრონული კომერციის ბიზნესებს ვეხმარებით, მეტი ტრაფიკი მიიღონ მომხმარებლებისგან და, მეორე მხრივ, მყიდველებმა შესყიდვების თანხა დაზოგონ.

M: შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებზეც ვისაუბროთ — რა სირთულეებს აწყდება სტარტაპი და, პირიქით, რა უწყობს ხელს მის წარმატებას?

მთავარი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით როგორც სტარტაპი, არის ტექნიკური ხარვეზები — ისინი ზოგჯერ პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში ფიქსირდება, მაგრამ ასეთ პრობლემებს დროულად ვაგვარებთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება, პრობლემის გამოსწორებას იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გვინდა, მაგრამ საბოლოოდ მოუგვარებელი არაფერია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, არის თაღლითობის პრევენცია. უცნაურია, მაგრამ ადამიანებს უყვართ მოწოდებული სერვისების ბოროტად გამოყენება. ჩვენი მხრივ, ვაკვირდებით მსგავს შემთხვევებს და დროულად ვატარებთ პრევენციულ ზომებს.

2020 წელს პანდემიის გამო, როდესაც ადამიანები იძულებულნი გახდნენ, სახლში დარჩენილიყვნენ, ონლაინ შოპინგი ძალიან პოპულარული გახდა და ხალმაც მეტის დახარჯვა დაიწყო. რა თქმა უნდა, ხარჯვის პარალელურად იყო დაგროვების მეთოდებიც, დამატებითი შემოსავლის სურვილი. პარალელურად, ონლაინ მაღაზიებს, ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა გადაწყვეტილებით, მომხმარებლების მოზიდვა სურდათ. ამრიგად, ისინი ჩვენთან თანამშრომლობენ, როგორც აქტიურ სარეკლამო არხთან, რომელიც მჭიდრო კავშირს ქმნის მყიდველსა და მაღაზიას შორის.

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

პროგრამა ძალიან კარგად არის ორგანიზებული, მასში პროფესიონალი მენტორები მონაწილეობენ. ცოდნა და რჩევა, რომელსაც მენტორებისგან ვიღებთ, ძალიან გვეხმარება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 500 Global-ს ინვესტორთა დიდი ქსელი ჰყავს, რაც ინვესტიციების მოპოვების მეტ შანსს იძლევა. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება „ფინანსების მოზიდვა“ და გაყიდვების გაზრდა. მანამდე კი ვიმედოვნებთ, აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში საჭირო ცოდნას მივიღებთ.

M: და ბოლო კითხვა — რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

ჩვენი სტარტაპი ამჟამად ოპერირებს აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე. თუმცა ჩვენი სერვისების გაფართოებას და სხვა ბაზრებზე გაშვებას ვგეგმავთ, როგორიცაა საქართველო, ცენტრალური აზია და MENA. ამისათვის ახალ ფუნქციებზე ვმუშაობთ, რათა პარტნიორებსა და მომხმარებლებს მეტი ფუნქციონალი შევთავაზოთ.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

VELI.store, ციფრული საყიდლების ველი, რომელმაც შოპინგი უფრო სასიამოვნო გახადა

YouTube ქვიზების ტესტირებას იწყებს