12
Nov
2018

მინიატურული ხეები, რომლებიც ნაყოფს ისხამს – ალექსანდრე მესხის ბონსაი

12 Nov 2018

Startauperi
Startauperi


როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ხე პატარა ქოთანში ისე გაზარდო, რომ რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის, ბუნებრივად ლამაზი იყოს და ნაყოფს ჩვეულებრივ ისხამდეს?

ბონსაი მინიატურული ხეების სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნებაა. ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ის არის ჩვეულებრივი ხე, რომელიც განსაკუთრებული მოვლის შედეგად, პატარა ზომის რჩება. ბონსაი – (盆栽) იაპონური სიტყვაა: „ბონ“- პატარა ქოთანს, „საი“- მცენარეს, ანუ პატარა ჭურჭელში ჩარგულ მცენარეს ნიშნავს. 

„ბონსაის გაზრდა არ არის ისეთი რთული, როგორც ეს დამწყებ ენთუზიასტს შეიძლება, მოეჩვენოს. საჭიროა მხოლოდ მონდომება, ყურადღება და განსაკუთრებით დიდი მოთმინება, რადგან ლამაზი ბონსაის მიღება მხოლოდ რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ არის შესაძლებელი“, – გვიყვება ალექსანდრე მესხი. მის ცხოვრებაში ბონსაი, დაახლოებით, 40 წლის წინ გამოჩნდა. 13 თუ 14 წლის იყო, სატელევიზიო რეპორტაჟი რომ ნახა მინიატურულ ხეებზე. თუმცა, მხოლოდ მოგვიანებით, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა, სერიოზულად შეესწავლა ბონსაის ტექნიკა. „სამწუხაროდ, საქართველოში ვერც ლიტერატურა ვიპოვნე და ვერც ადამიანი, რომელსაც შეეძლო, თუნდაც, მცირე იფორმაცია მოეწოდებინა, თუ როგორ უნდა გამეზარდა ბონსაი. მხოლოდ 1990 წელს, ინდოელი ავტორის, რუსულად ნათარგმნი წიგნის ყიდვის შემდეგ დავიწყე მასზე მუშაობა“. თუმცა, ლიტერატურა მაინც მწირი იყო. პირველი ბონსაის კეთება თავისივე დარგული თუთის ხისგან დაიწყო. ამ საქმეში, როგორც ყველა გამოუცდელმა, შეცდომები დაუშვა, მარცხი და წარუმატებლობა იწვნია. 12 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. თუმცა, დღეს, ასამდე საიკეის (მინიატურული ლანდშაფტი), იშიცუკის (კომპოზიცია ქვაზე), ბანკანის (ზიგზაგისებრი ტანი), ნეცუნაგარის (ხეების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ფესვი აქვს), იოსე უესა (ტყე) და ჰან-კენგაის (ნახევრად კასკადი) ავტორია. მისი ბონსაიების ფასი კი, 300-დან 5200 ლარამდე მერყეობს.

შვილის, ნიკოლოზ მესხის დახმარებით, ვებგვერდიც აქვს, რომელიც საქართველოში ბონსაის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას, ალექსანდრე მესხის 28 წლიანი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ემსახურება.

გართხმული ღვია, საიკეი (მინიატურული ლანდშაფტი)

ღვია (Juniperuc sabina), იშიცუკი (კომპოზიცია ქვაზე)

თეთრი თუთა (Morus alba), ბანკანი (ზიგზაგისებრი ტანი)

თეთრი თუთა (Morus alba), ნეცუნაგარი (ხეების ჯგუფი, რომლებსაც საერთო ფესვი აქვს)

კანადური ნაძვი (Picea Conica), იოსე უეს (ტყე)

ჰან-კენგაი (ნახევრად კასკადი)

M: ბატონო ალექსანდრე, რა არის მთავარი ბონსაის შესაქმნელად? და რა დროა ამისთვის საჭირო?
ბონსაის შექმნისას მთავარია ლამაზი ფორმა: ხის ტანი, ტოტებისა და ზედაპირული ფესვების განლაგება; ამისთვის კი, ვიყენებთ მავთულს. ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფის ზომების პროპორციული შესაბამისომა მინიატურულ მცენარესთან. და რაც ყველაზე მთავარია, დასრულებული სახის ბონსაი უნდა იყოს ბუნებრივად დახვეწილი.

პატარა ნერგის სრულყოფამდე მიყვანისათვის 2 ან 3 წელი, უმეტეს შემთხვევაში, საკმარისი არ არის. ამიტომ, ყურადღება და მოთმინება ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება, თუ ის სერიოზულად გადაწყვეტს, ბონსაის შექმნაზე იმუშაოს.

M: რა პირობები სჭირდება ასეთ მცენარეს?
ბონსაი არ არის ოთახის მცენარე. ის მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გარეთ და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში, რამდენიმე დღით, შესაძლებელია მისი ინტერიერის გასალამაზებლად გამოყენება. ბონსაიზე მუშაობა არასოდეს მთავრდება. ყურადღება და მზრუნველობა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება. ყველაზე რთული პერიოდი კი, გაზაფხული და ზაფხულია, როცა ერთი წუთით დაგვიანებამაც შეიძლება, მცენარე გაახმოს.M: გვსმენია, რომ ბონსაისთან დაკავშირებით, საქართველოში მცდარი მოსაზრებები არსებობს…
ბევრს ჰგონია, რომ ბონსაი არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე. ანუ, თესლს ჩააგდებ და თავისით ამოვა მინიატურული ხე. ეს არასწორია. ნებისმიერი მცენარე შეიძლება გახდეს ბონსაი. ხშირია შემთხვევა, როცა „ბონსაის თესლს“ გამოიწერენ და მეკითხებიან ხოლმე, როგორ გაზარდონ. სინამდვილეში, ბონსაის თესლი არ არსებობს. ის ფორმირების ტექნიკაა და არა – ჯიში.

M: თქვენი ბონსაიები ხის რომელი ჯიშებისგანაა შექმნილი?
ყველაზე მეტია ღვია, ასევე, ნაძვი, თუთა, ნეკერჩხალი, წიფელი. ვაზის გაკეთება მინდა, თუმცა მისი დიდი ფოთლების გამო, ცოტა პრობლემურია და ვნახოთ, რა გამოვა.M: როგორც ვიცით, ბონსაის შეუძლია ნაყოფის გამოღება… არის, თუ არა ნაყოფის ზომა მინიატურულ ხეზე დამოკიდებული?
მსხმოიარე ხეს გენში აქვს, რომ ნაყოფი მოისხას. შესაბამისად, ბონსაი, ჩვეულებრივ, ნაყოფს ისხამს. რაც შეეხება ზომას, ის არ პატარავდება.

არსებობს მოსაზრება, რომ მინიატურული ხეების ქოთანში გაზრდა ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. შეიძლება ძველ ბაბილონში, სემირამიდას დაკიდებული ბაღებიც ჩაითვალოს ბონსაის შექმნის საფუძვლად. მაგრამ თანამედროვე, კლასიკური ბონსაის წარმოშობა, უდავოდ, ჩინეთს უკავშირდება. XIX საუკუნის დასაწყისში, მინიატურული ხეების ფორმირება უკვე იაპონიაში დაიწყეს, რაც კლასიკური ბონსაის ტრადიციის დასაწყისი გახდა. ქოთანში ჩარგული პატარა ხეების გაზრდის კულტურა კი უკვე მყარად ჩამოყალიბდა იაპონურ ტრადიციაში.

განხილვა