in

ქართული მობილური თამაში UPO საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

ქართული კომპანია Bonsters-ის შექმნილი მობილური თამაში UPO – ინდი (დამოუკიდებელი) თამაშების საერთაშორისო კონკურსის, Appodeal-ის  ფინალშია. გამარჯვებული 27 აგვისტოს გამოვლინდება. სხვა პრიზებთან ერთად, ჯილდოს სახით, ორგანიზატორები სარეკლამო კამპანიას უზრუნველყოფენ, ანუ მოგებული თამაში 10 000 ახალ ინსტალს მიიღებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი გელეიშვილი ამბობს, რომ კონკურსის მოგება მათს თამაშს, მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარობას მოუტანს, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის. გარდა ამისა, Bonsters ჩართულია საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტში Happy Housing, რომლიდან შემოსული თანხაც უსახლკარო ადამიანების საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ხმარდება.

 

როგორ შეიქმნა კომპანია Bonsters, რა თამაშებს სთავაზობენ გეიმერებს, რითაა მათი პროდუქტი გამორჩეული და რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ეს ბიზნესი – ამ და მობილური თამაშების მოყვარულთათვის სხვა საინტერესო საკითხებზე „მარკეტერი“ Bonsters-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი გელეიშვილს ესაუბრა:

ირაკლი გელეიშვილი: კომპანია Bonsters 2014 წელს დავაარსეთ მე, დავით ჯიმშელეიშვილმა (Co-Founder) და ნანუკა სეფაშვილმა (Game Designer). ვქმნით მობილურ თამაშებს iOS, Android და Facebook პლატფორმებისთვის. სანამ საკუთარი კომპანია გვექნებოდა, ყოველთვის გვაწუხებდა, რომ ბაზარზე არსებული მობილური თამაშების რაოდენობის მიუხედავად, ორიგინალური გეიმფლეი საკმაოდ ცოტას ჰქონდა, დანარჩენი თამაშები, უბრალოდ, მათი კლონები იყო. იცვლებოდა მხოლოდ ვიზუალი. როდესაც „ბონსტერსმა“ არსებობა დაიწყო, ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეს იყო – შეგვექმნა ისეთი თამაშები, რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობდა. ამიტომ, ახლა თამამად ვამბობთ, რომ ვქმნით თამაშებს მხოლოდ უნიკალური გეიმფლეით და მოთამაშეებს ყოველთვის რაღაც ახალს ვთავაზობთ. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის სტილს, ვცდილობთ, ოფისში არ ჩავიკეტოთ. როდესაც სამუშაო ამის საშუალებას გვაძლევს, გავდივართ თბილისიდან კარვითა და ლეპტოპებით. ასე რომ, ჩვენი ოფისი ხან ზღვასთან არის, ხან – მთაში, ხან – ჩვენს აგარაკზე. ამ ეტაპზე, სამი თამაში გვაქვს:

UPO – უცხოპლანეტელთა მაშველი რაზმი გალაქტიკაში გაბნეული ჰუპსების (უცხოპლანეტელების) გადარჩენას ცდილობს.

ამ თამაშში დაფრინავთ პლანეტიდან პლანეტაზე სხვადასხვა მფრინავი თეფშით და ასტეროიდთან შეჯახებამდე ცდილობთ, გადაარჩინოთ, რაც შეიძლება მეტი უცხოპლანეტელი. მინდა, აღვნიშნო, რომ თამაშის მექანიკის ანალოგი ბაზარზე არ არსებობს;

Chesswood Knights – მის ბაზად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული თამაში ჭადრაკი ავიღეთ.

პოპულარობის მიუხედავად, ჭადრაკის თამაში ხშირად შეუძლებელია, რადგან ამას დიდი დრო სჭირდება. ჩვენ კი, დინამიკურობის დამატებით, ჭადრაკის უნიკალური პრინციპები აუდიტორიისთვის ბევრად მარტივად ხელმისაწვდომი გავხადეთ. მორიგეობითი (Turn-based) პრინციპის მქონე ჭადრაკი გარდავქმენით თამაშად, რომელიც მიმდინარეობს მოწინააღმდეგის სვლის ლოდინის გარეშე (Real-time Strategy). შეგიძლიათ, გადააადგილოთ ნებისმიერი თქვენი ერთი ან რამდენიმე ფიგურა ისე, რომ არ დაელოდოთ მოწინააღმდეგის სვლას;

Under the VOID – თამაშის გმირი არის წითელი არსება, ადამიანის მსგავსი აღნაგობით. მას არ აქვს ხელები, მაგრამ აქვს სიცარიელე მკერდში, სადაც ღამის პეპლების მსგავსი არსებები ცხოვრობენ, დადის აბსტრაქტულ წითელ გარემოში, სადაც მას დასდევენ საცეცები და ამორფული არსებები მოულოდნელად ესხმიან თავს.

გარშემო მისი მსგავსი არსებები საცეცებს ჰყავთ დაჭერილი. თამაშის გმირი ტანში არსებული სიცარიელიდან უშვებს მწერებს, ისინი საცეცებს ღრღნიან და ათავისუფლებენ მკვდარ არსებებს, რომლებიც ზემოთ, ვოიდისკენ მიფრინავენ.  Under The VOID თამაშების დეველოპერების კონკურსზე – GameJam+ – შევქმენით 48 საათის განმავლობაში და საუკეთესო სიუჟეტის ნომინაციაში გავიმარჯვეთ. თამაშისთვის მოვიგონეთ გმირის გადაადგილების ახლებური მეთოდი – გმირი გადაადგილდება ტელეფონის დახრით შექმნილ ზედაპირზე.

M: კონკურსზე GameJam+ უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ . . . ასევე, ვისაუბროთ ფესტივალზე Casual Connect . . .

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წელს, ფესტივალზე, GameJam+ საუკეთესო სიუჟეტის ნომინაციაში გავიმარჯვეთ თამაშით – Under The VOID და მივიღეთ „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ (GITA) გრანტი თამაშების ფესტივალ Casual Connect-ზე გასამგზავრებლად. Casual Connect არის თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელსაც წელიწადში 6000 პროფესიონალზე მეტი ესწრება. ესენი არიან თამაშების გამომცემლობები (ფაბლიშერები), როგორც ინდი, ისე დიდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები, ინდუსტრიის ექსპერტები, სხვადასხვა სერვისის მომწოდებლები და ა.შ. ფესტივალზე წარვადგინეთ: UPO და Cheswood Knights. ორივე მათგანმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. UPO-ს შეფასებისას კი Casual Connect-ის ჟიურიმ აღნიშნა, რომ ამ თამაშს აქვს პოტენციალი, გახდეს ისეთივე პოპულარული, როგორიც Flappy Bird იყო. ფესტივალზე 5 ძალიან დატვირთული სამუშაო დღე გავატარეთ. ფესტივალში მონაწილეობის მიღებამ მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი პროფესიონალურ ზრდაში, უკეთ შევისწავლეთ, რა ხდება ამ ინდუსტრიაში და დავამყარეთ კონტაქტები ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან. ჩვენი საქმიანი ურთიერთობები ფესტივალის შემდეგაც გრძელდება და გვეხმარება გარკვეული მიზნების მიღწევაში.

M: თუმცა, გქონდათ თქვენი საქმიანობის პოპულარიზაციის პრობლემა . . .

ფესტივალიდან დაბრუნებულებმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ UPO განვათავსეთ App Store-ზე, Play Store-სა და Facebook-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ თამაშების მარკეტინგის სხვადასხვა გზა, მუდმივად ვაწყდებოდით ერთსა და იმავე პრობლემას – არ გვქონდა საკმარისი ბიუჯეტი თამაშის პოპულარიზაციისთვის. მსოფლიო ბაზარზე რეკლამირების ხარჯები ქართული ინდი კომპანიის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი აუდიტორიის მოზიდვა ჯერ ვერ შევძელით, მომხმარებლები, რომლებიც იწერენ UPO-ს, მათი უმეტესობა საკმაოდ დიდხანს და აქტიურად ერთვება თამაშში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი აუდიტორიის მოგროვების შემთხვევაში, თამაში დიდ პოპულარობას მოიპოვებს.

M: ახლა კომპანია ჩართულია საქველმოქმედო პროექტში Happy housing. დეტალურად რომ გვიამბოთ ამ პროექტის შესახებ . . .

ცოტა ხნის წინ კანადური კომპანია Rikkir-ისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ UPO საქველმოქმედო პროექტ Happy Housing-ის ფარგლებში დაეფაბლიშებინათ. იდეა Crowdfunding-ის სისტემაზეა დაფუძნებული და მის ინოვაციურ, ჯერ კიდევ აუთვისებელ გზას გვთავაზობს. Crowdfunding არის სისტემა, რომლის გამოყენებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ, მათთვის საინტერესო ტექნოლოგიური ან საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად საჭირო თანხის შეგროვებაში შეიტანონ წვლილი. თამაშების ინდუსტრიისა და ქველმოქმედების ერთმანეთთან დაკავშირებით ვიღებთ ახალ სისტემას – PlayFunding-ს, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო პლატფორმა. პროექტის უნიკალურობა იმით გამოიხატება, რომ მომხმარებელი არა მარტო ერთობა, არამედ ქველმოქმედებასაც ეწევა. როდესაც მომხმარებელი უყურებს თამაშში განთავსებულ რეკლამას, ან ყიდულობს თამაშში არსებულ რომელიმე ვირტუალურ პროდუქტს (სიცოცხლე, პერსონაჟი და სხვა), შემოსული თანხა იკრიბება და ხმარდება უსახლკაროთათვის სახლების შეძენას. ამ დროისათვის Happy Housing-ის პროექტი სხვადასხვა ქვეყნის 16 თამაშს აერთიანებს. მათ შორის, ერთ-ერთი წამყვანი როლი ჩვენს თამაშს, UPO-ს უჭირავს. მათგან ნებისმიერის თამაშისას, შემოსული თანხა ხმარდება უსახლკარობასთან ბრძოლას. პროექტი იწყება კანადიდან და მოთამაშეთა აქტივობის ზრდასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიშლება. ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ყველაზე მეტჯერ გადმოწერს და დააშეარებს (გააზიარებს) თამაშს, გახდება შემდეგი, რომელიც ჩაერთვება პროექტში და მიიღებს თანხებს ქვეყანაში არსებული უსახლკაროების დასახმარებლად. Happy Hausing-ს მხარს უჭერს კანადის ხელისუფლება, Google და სხვა კომპანიები, რომელთა რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენი კომპანიის ჩართულობა Happy Hausing-ში მხოლოდ თამაშის გამოქვეყნებით არ შემოიფარგლება. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის განვითარებაში. კომპანია Rikkir-ისა და პროექტ Happy Hausing-ის ხელმძღვანელთან, Richard Wilson-თან ერთად ვსახავთ განვითარების გზებს და ვმუშაობთ საქველმოქმედო პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე. პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, ხალხს არა მარტო გასართობი შევთავაზოთ, არამედ სხვისი დახმარების საშუალებაც მივცეთ. ეს კარგად ერგება ჩვენი კომპანიის პრინციპებს. ახლა კი გვეძლევა საშუალება, დავეხმაროთ უსახლკარო ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველოში Happy Hausing-ის თამაშებს სხვებზე მეტი გადმოწერა და დაშეარება ექნება, საქართველო შეძლებს გახდეს შემდეგი ქვეყანა, სადაც ამ პროექტის საშუალებით უსახლკაროებს მობილური თამაშების მეშვეობით დაეხმარებიან. უსახლკაროთა დასახმარებლად არსებობს შემდეგი საშუალებები: თამაშის გადმოწერა (თამაშში ინტეგრირებული რეკლამის თანხა, რეკლამისგან თავისუფალი ვერსიის გადმოწერა ან თამაშის დაშეარების დონაციით მიღებული თანხა ირიცხება მათ ანგარიშზე); უშუალო დონაცია (თამაშის გადმოწერის გარეშე) და თამაშის გვერდზე განთავსებული ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა.

 M: Happy Hausing არ არის ერთადერთი პროექტი, სადაც Rikkir-მა თქვენი თამაში განათავსა . . .

ცოტა ხნის წინ, ჩვენმა პარტნიორმა, Rikkir-მა, ჩვენი თამაში Appodeal-ის ინდი თამაშების საერთაშორისო კონკურსზე განათავსა. Appodeal არის სერვისი, რომელიც 29,000 მეტ დეველოპერს ეხმარება თამაშში განთავსებული რეკლამებიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღებაში. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ მოხდეს რეკლამის მიწოდების ოპტიმიზაცია და მომხმარებლამდე მაქსიმალურად რელევანტური რეკლამა მივიდეს. Appodeal-ის წინასწარი შერჩევის შედეგად, UPO ფინალურ ტოპ 15 თამაშში მოხვდა. თავდაპირველი შერჩევისგან განსხვავებით, გამარჯვებულის გამოვლენა ხალხის მიერ ხმის მიცემით მოხდება.

M: როდის გამოვლინდება გამარჯვებული და რას მოგცემთ კონკურსის მოგება?

27 აგვისტოს ყველაზე მეტი ხმის მფლობელი თამაში მოიგებს შემდეგ პრიზებს: Appodeal უზრუნველყოფს სარეკლამო კამპანიას, რომლის შედეგადაც გამარჯვებული თამაში 10 000 ახალ ინსტალს მიიღებს. მენტორშიპი მობილური თამაშების ინდუსტრიის ექსპერტებისა და ფაბლიშერებისგან. საერთაშორისო თამაშების კონკურსს Indie Prize შოუქეისზე მონაწილეობა და თამაშების სადემონსტრაციო სივრცე. ორი ადამიანის უფასო დასწრება ფესტივალ Casual Connect-ზე. აპოდეალი თავისი ვებსაიტის ინტერნეტ გამოცემისა და სოციალური მედიის საშუალებით, უზრუნველყოფს თამაშის ბანერის ჩვენებას 50 000-ზე მეტი ადამიანისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კონკურსში გამარჯვება ჩვენ თამაშს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მოიპოვოს პოპულარობა, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნება, თუ ქართველები ჩაერთვებიან ხმის მიცემის პროცესში და დაეხმარებიან ქართულ კომპანიას გამარჯვების მოპოვებაში. კონკურსზე ჩვენი თამაში კანადური დროშით არის განთავსებული, რადგან UPO-ს მარკეტინგით, ამჟამად, ჩვენი პარტნიორი კომპანია Rikkir-ი არის დაკავებული, თამაში მანვე განათავსა Appodeal-ის კონკურსზე. საიტმა ავტომატურად მიუთითა კანადური კომპანიის სახელი და ქვეყნის დროშა, რისი შეცვლაც ამ მომენტისთვის უკვე აღარ არის დაშვებული.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?
გვაქვს რამდენიმე ახალი თამაშის იდეა, ასევე, უნიკალური გეიმფლეითა და ბევრი სიახლით, რომლებსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ.

საქართველოს ბანკი 1 000 000 ლარს გამოყოფს დამწვარი ტერიტორიების აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის

#აღმოაჩინე ამსტერდამი