უნიკალური დიზაინის, მინიმალისტური კონცეფციის სამკაულები საქართველოდან – BOO მსოფლიოს უკვე 10-მდე ქვეყანაში გვხვდება. ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ – 2018-ის ოქტომბერში შეიქმნა, გამოჩენისთანავე მოხვდა ხალხის, მსოფლიო საერთაშორისო გამოცემებისა და ყველაზე პოპულარული trade show-ების ყურადღების ცენტრში. სრულად ხელნაკეთი, ვერცხლის, 925 სინჯის სამკაულები უნიკალურია, რადგან BOO ინდივიდუალურად მზადდება ყველა მომხმარებლისთვის. თბილისში მათი შეძენა BOO-ს სოციალური მედიის გვერდებზე და შოურუმში – ზ.ფალიაშვილის #47-ში შეგიძლიათ, თუმცა არ გაგიკვირდეთ, რომ ბრენდს თვალი მოჰკრათ Netflix-ის TOP სერიალებში, L’officiel-ის ყდაზე, Samsung-ის საიმიჯო კამპანიებში, იაპონიაში, ამერიკასა და მსოფლიოს კიდევ უამრავ ქვეყანაში. საექსპორტო ქვეყნების გარდა, ბრენდს წარმომადგენლობა აქვს 2 ქვეყანაში – რუსეთსა და უკრაინაში და ყველგან ერთი მთავარი მესიჯით გვხვდება – Based in Georgia. BOO-ს საოცრად წარმატებულ სტარტზე, საერთაშორისო მიღწევებსა და გეგმებზე ბრენდის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი – თამუნა ჯიქია გვესაუბრა:
თამუნა, გაგვიზიარეთ პირველი სამკაულის შექმნის ამბავი – რამაც პროფესიით ჟურნალისტი და პიარ სპეციალისტი სრულიად ახალი მიმართულებით წაგიყვანათ?
ყოველთვის ძალიან მომწონდა ვერცხლის, მინიმალისტური კონცეფციის სამკაულები, თუმცა იმ დროს იშვიათად მოიპოვებოდა ბაზარზე მსგავსი დიზაინის აქსესუარები და ჩემთვის, ჰობის დონეზე ჩანახატებს ვაკეთებდი ხოლმე. მაშინ პიარის მიმართულებით ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში და ჩემი ჰობი მხოლოდ ჰობად რჩებოდა. ერთხელაც, წვეულებისთვის ჩემივე ჩანახატებიდან სამკაულის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე. ვიპოვე ვერცხლზე მომუშავე ძალიან კარგი ოსტატი და აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემი დიზაინით შექმნილმა აქსესუარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გაჩნდა კითხვები და დაინტერესებაც – სად შევიძინე?! Ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომ ჩემი ჩანახატები სამკაულებად მექცია და საყვარელი საქმე მხოლოდ ჰობად არ დარჩენილიყო. ბუნებრივია, ეს პირველი აქსესუარი მოხვდა ჩემს პირველ კოლექციაში, რომელსაც დავარქვი Minimalism & Nothing more. პირველი კოლექციის სახელი იქცა ბრენდის მთავარ სლოგანად, რაც ზუსტად გამოხატავს კონცეფციასაც. ასევე ბრენდის და ზოგადად ჩემი ცხოვრების სლოგანია Think like a minimalist.
“ბრენდის და ზოგადად ჩემი ცხოვრების სლოგანია Think like a minimalist.”
მინიმალისტურმა მიდგომამ ბრენდი 6 თვეში საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანა – ეს მოულოდნელობა იყო თუ წინასწარ შედგენილი გეგმის ნაწილი?
პირველივე ფოტოების ატვირთვას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ვინაიდან 2018 წელს მსგავსი კონცეფციის სამკაულები ბაზარზე ნაკლებად იყო, BOO ძალიან ხმაურიანად გამოჩნდა. იმისთვის რომ სიღრმისეულად შემესწავლა ვერცხლზე მუშაობა, ტექნიკა და ამ საქმის დეტალები მივებარე ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს და თავიდან მხოლოდ ჩვენ ორნი ვმუშაობდით. ბუნებრივია, პირველ ეტაპზე ამხელა მოთხოვნისთვის მზად არ ვიყავით, რადგან თითო ექსკლუზიური მოდელი დავამზადეთ. შემდეგ კოლექციაზე კი, უკვე ოსტატის დამატება გახდა საჭირო.
6 თვის შემდეგ, როდესაც ახალი კოლექცია Boo-Balls გამოვიტანეთ, წინადადება მივიღეთ უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი საექსპორტო ქვეყნები და ნამდვილად, ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო შემოთავაზება იყო. ჩვენ მათ ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მივეცით და დღემდე წარმატებით მუშაობენ, როგორც მოსკოვისა და კიევის ფილიალებში, ასევე – ონლაინ.
სამუშაო პროცესში ყოველთვის წინასწარ მქონდა დაგეგმილი რა ნაბიჯები უნდა გადამედგა, რა ფოტოსესია გამეკეთებინა, რა ტიპის პიარ კამპანია მჭირდებოდა იმისთვის, რომ ბრენდის სწორი პოზიციონირება შემექმნა. ჩემი პროფესიები ძალიან დამეხმარა ბრენდის სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში. ყველა მოლაპარაკებასა და დეტალში დღემდე პირადად ვარ ჩართული და ჩემი შემოწმების გარეშე საწარმოდან მომხმარებლამდე არ მიდის არც ერთი სამკაული.
“შოკისმომგვრელი წინადადება მივიღეთ პარიზის international trade show-სგან – who is next”
რატომ BOO?
მინიმალისტური სახელია, 3 ასობგერისგან შემდგარი და ადვილად დასამახსოვრებელი – რაც სამკაულების კონცეფციასაც იზიარებს.
მჯეროდა ამ ბრენდის წარმატების და საკუთარი ინტუიციისაც. სწორედ ასე წარმოვიდგინე, რომ რომელიმე დიდი საერთაშორისო შოუდან მივიღებდით მოწვევას და მართლაც, ბრენდის შექმნიდან 7-8 თვის შემდეგ შოკისმომგვრელი წინადადება მივიღეთ პარიზის international trade show-სგან – who is next. 2019 წლის სექტემბერში გავემგზავრეთ პარიზში და იქ ახალი კოლექცია Lamaria წარვადგინეთ. ლამარია ქართულ მითოლოგიაში ხელსაქმის ქალღმერთის სახელია და ძალიან მინდოდა საერთაშორისო შოუზე კოლექცია ქართული სახელით და ასოციაციით დატვირთული გამეტანა. პარიზის trade show-ს შემდეგ კი, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და გავედით ექსპორტზე ბევრ ქვეყანაში იაპონიაში, შვეიცარიაში, ლიტვაში… ეტაპობრივად ჯამში 10-მდე ქვეყანაში. ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთში წარმომადგენლობაზე.
ამ დროისთვის თქვენ უკვე დიდი გუნდი გაქვთ – რა კადრებით გაიზარდა და დაკომპლექტდა BOO?
Boo-ს მთავარი ნიშა და ინდივიდუალიზმი იმით განისაზღვრება, რომ ყველა სამკაული ხელით მზადდება, ყოველგვარი ტექნიკა-დანადგარების გარეშე და ბუნებრივია, საექსპორტო შეკვეთებს მხოლოდ 1 ოსტატით ვერ გავწვდებოდით. თითოეულ მოდელს, დამზადების სირთულის მიხედვით, შეიძლება 2-3 სთ დასჭირდეს, რაც ოსტატების თავდაუზოგავ შრომას უკავშირდება. გვერდით Საქართველოს საუკეთესო ოსტატები მყავს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს.
მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ დავითანხმე პროცესებში ჩართულიყო და ფინანსური მიმართულებისთვის მიეხედა ჩემს მეუღლეს – სანდრო ციგროშვილს, რომელიც ამჟამად ბრენდის CEO-ა. სანდროს ჩართულობის შემდეგ მეტად განვითარდა ბიზნესი, უფრო მეტ ქვეყანაში გავედით ექსპორტზე, დავიმატეთ მენეჯერი, ბუღალტერი, ადმინისტრატორები. პიარის მიმართულებით ბრენდს არ ჰყავს სხვა მენეჯერი, მხოლოდ მე ვმუშაობ ამ მიმართულებით, იქნება ეს საერთაშორისო კამპანიები თუ სოციალური მედია ქონთენთის შექმნა.
როგორია ქართული კონკურენტული გარემო სამკაულების წარმოების ინდუსტრიაში და თუ აწყდებით რაიმე სირთულეებს?
გულწრფელად მივესალმები იმას, რომ ახლა ბაზარზე ბევრი ბრენდია ვინც მინიმალისტურ კონცეფციაზე მუშაობს და მათ თავისი ნიშა აქვთ. ჩვენ როცა ვიწყებდით მსგავსი კონცეფციის სამკაულების დეფიციტი იყო. ვფიქრობ, რომ ახლანდელი კონკურენტული მრავალფეროვნება ეხმარება ბრენდებს განვითარებაში – ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კონკურენცია ქმნის ხარისხს, თუმცა ხშირია პლაგიატიც ჩემს ბრენდთან მიმართებაში და ეს გულდასაწყვეტია, პლაგიატით მოპოვებული წარმატება დროებითია.
ჩვენი 5-ვე კოლექცია, მოდელი და ნიმუში დარეგისტრირებული გვაქვს საქ. პატენტში და წარმოადგენს ბრენდის – BOO-ს და მისი კრეატიული დირექტორის საკუთრებას.
“ზაფხულში იგეგმება ახალი, საერთოდ განსხვავებული კოლექცია “Future””
უკვე რეალიზებული 5 კოლექცია და მათ შორის ისეთის მოლოდინი, რომელიც სრულად ინოვაციურია. რას უნდა ელოდოს BOO-ს გულშემატკივარი ზაფხულში?
Lamaria-ს შემდეგ გვქონდა Capsule collection და ჩვენი ბოლო კოლექცია – Anniversary collection. ზაფხულში იგეგმება ახალი, საერთოდ განსხვავებული კოლექცია “Future”, სადაც არ იქნება სამკაული, არც – საყურე, არც – ყელსაბამი, არც – სამაჯური და არც – ბეჭედი. თუმცა ეს ინოვაციური და ძალიან განსხვავებული პროდუქტი დარწმუნებული ვარ, რომ სასურველი აღმოჩნდება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე – მამაკაცებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ამ კოლექციის იდეა დაიბადა დაახლოებით ერთი წლის წინ და მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი დრო და შრომა დასჭირდება განხორციელებას. უკვე 6 თვეა ვმუშაობთ ამ კოლექციის შესაქმნელად და ზაფხულის ბოლოს ჩვენი გულშემატკივარი მას აუცილებლად იხილავს.
პანდემიის გამო გამოტოვეთ რამდენიმე საერთაშორისო შოუ, თუმცა მუდმივად გიგზავნიან მოწვევებს. რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
დიახ, პანდემიიდან გამომდინარე, უარის თქმა მოგვიხდა რამდენიმე ძალიან მასშტაბურ მოწვევაზე, ეს იყო ნიუ იორკის Fashion week, “Flyingsolo” და პარიზის ყველაზე მასშტაბური Trade Show “Tranoi”, სადაც ვერ გავემგზავრეთ და უახლოეს პერიოდში – ამ წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება მონაწილეობის მიღება.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიდეს BOO ექსპორტზე და ყოველთვის დარჩეს ხელით შექმნილ სამკაულად – ეს არის BOO-ს უნიკალური ნიშა და ვფიქრობ, რომ რამდენად გლობალურადაც არ უნდა გაიზარდოს წარმოება და საექსპორტო საქმიანობა, ამ ინდივიდუალიზმს არ დავკარგავთ. ვინაიდან ყველაზე ძვირფასი თავიდან და ბოლომდე ხელით ნამუშევარი სამკაულია.
ბუნებრივია, ყველა სამკაულს აწერია BOO, თუმცა გარდა ამისა, შესაფუთ მასალაზე ჩვენი მოთხოვნაა ეწეროს based in Georgia – ყველა ქვეყანაში სამკაული სწორედ ამ მესიჯით მიდის მომხმარებლამდე. ძალიან ვამაყობთ ამის გამო და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში მცირე წვლილი მაინც შეგვაქვს.
კომპანიის, გუნდისა და ექსპორტის გაფართოების გარდა, ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო კოლექციები.
უკვე ვმუშაობთ ვებ-გვერდზე boojewellery.com, რომელიც მალე გაეშვება და მომხმარებელს მარტივი პლატფორმიდან შეეძლება სამკაულის შეძენა. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ საქართველოში BOO-ს სამკაულები ყოველთვის დარჩეს ხელმისაწვდომ აქსესუარად და თუკი სხვა ქვეყნებში პროდუქტის ფასი 3-4-ჯერ უფრო მეტია, საქართველოს მოსახლეობას BOO-ს შეძენის ექსკლუზიური საშუალება ჰქონდეს.
[R]