ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს იმ კომპანიის განხილვა, რომელიც სასტუმროების ჯავშნის საიტიდან გლობალურ სამოგზაურო ბრენდად იქცა და ამაში Booking.com-ის უახლესი კამპანიაც დაგარწმუნებთ ჰოლივუდის მსახიობ მელისა მაკკარტისთან ერთად… ამ მარკეტინგული ძრავის უკან კი არიან დეიკი დგას, ბრენდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მარკეტინგის მთავარი ოფიცერი. იგი საუბრობს, თუ როგორ შეიცვალა CMO-ების როლი დღეს და როგორ უნდა მოერგონ მარკეტერები დაბალ ბიუჯეტსა თუ მუდმივი დაკვირვების რეჟიმს. თუ დეიკს დავეყრდნობით, CMO-ს სამუშაოსთვის დღეს იმ გავლენის გაგების უნარია მნიშვნელოვანი, რომელიც ბიზნესზე გაქვთ.
„ადამიანებს უნდა ესმოდეთ ციფრები და მხოლოდ სურათებზე არ ფიქრობდნენ, თუ ციფრებში კარგი არ ხართ, მხოლოდ ბრენდის მენეჯერად შეგიძლიათ იმუშაოთ და არა — მარკეტინგის მთავარ ოფიცრად. დღეს CMO-ს უნდა შეეძლოს ხელმძღვანელთან, ფინანსურ დირექტორთან თუ საბჭოსთან მისვლა და იმის თქმა, რომ კონკრეტული ინვესტიციისთვის არსებული ცოდნით X მოგებას შეიძლება ველოდოთ, ROI მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის თქმა, რომ ეს საუკეთესო გეგმაა მათ შორის, რაც შეგიძლიათ გქონდეთ“, — განმარტავს დეიკი.
აქ კი კარგი იქნება დეიკის მიღწევებს თუ გავიხსენებთ. იგი ბოლო ოთხი წელია, Booking-ს მართავს, თუმცა მანამდე გუგლში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი იყო. უფრო ადრე Unilever-სა და Capital One-ში მუშაობდა. ამიტომ, ალბათ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ დეიკი, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი, უპირატესობას ბიზნესის ზრდას ანიჭებს, ზოგჯერ კი ეს საკუთარი დეპარტამენტის ხარჯზეც ხდება.
როგორც ვიგებთ, მას მრავალჯერ შეუჩერებია პროდუქტის ჩაშვება, რადგან იგი სრულად მზად არ ყოფილა. ამ პროცესში კი პროდუქტის მენეჯერებთან თანამშრომლობს, რათა გაიგოს, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაგალითად, ასე იყო Booking.com-ის მობილური აპლიკაციის დროსაც — „მარკეტინგში კვლავ მთავარი ის არის, რომ მას სჭირდება თქვენი კომპანიის ბიზნესის ზრდის უზრუნველყოფა. თქვენ ნამდვილად უნდა დაფიქრდეთ, არის პროდუქტი მზად? ფასი კარგია? და დისტრიბუცია? და შემდეგ ამას მარკეტინგისა და რეკლამირების ერთი ფენა უნდა დაამატოთ“.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარკეტინგში
მარკეტინგის ხელმძღვანელის როლი ტექნოლოგიურ სფეროში არსებული შესაძლებლობებისადმი ღიაობაცაა. ეს Booking.com-შიც კარგად იციან, ამიტომ დეიკის მარკეტინგის გუნდი კონტენტის შეფასებისა თუ შექმნისთვის, საკვანძო სიტყვების გენერირებისთვის, SEO-სთვის და მომხმარებლის მხარეს თარგმნისა თუ სასტუმროს აღწერილობების დასაწერად ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებს.
დაბოლოს, დეიკის მიდგომა Booking.com-ისთვის მარკეტინგის სამ ნაწილად გადაითარგმნა, ანუ მაღალ, საშუალო და დაბალი განზრახვის მქონე მარკეტინგად. ეს უკანასკნელი კი იმ ადამიანებისთვისაა გამიზნული, რომლებიც ახლა არ აპირებენ მოგზაურობას, მაგრამ თუ სთხოვთ, დაასახელონ რამდენიმე მოგზაურობასთან დაკავშირებული ბრენდი, Booking აუცილებლად გაახსენდებათ. აი, სწორედ აქ თამაშობს ბრენდის დიდბიუჯეტიანი კამპანიები მთავარ როლს და ამ ტალღას ახლა მელისა მაკკარტიც შეუერთდა.