in

განტვირთვა და მოტივაციის ამაღლება ერთდროულად – წიგნები, რომლებიც ამ ზაფხულზე უნდა წაიკითხოთ

ჩვენ მუდმივად ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. სამყაროში, რომელშიც არასდროს ვიცით, რა მოხდება და შესაბამისად, ის პროგნოზები თუ გეგმები, რომლებსაც გონებაში გამუდმებით ვსახავთ, ნახევრად ილუზიაა. მაგალითად, ნახევარი წლის წინ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი ვერ გვექნებოდა იმაზე, რომ სულ ცოტა ხანში ჩვენი ცხოვრებისეული წესრიგი მკვეთრად დაირღვეოდა. საბოლოო ჯამში, რა შედეგი მოჰყვა ამ რღვევას? მან პირდაპირ იმოქმედა ადამიანების განწყობებზე – ზოგმა საკუთარი თავი მაქსიმალური ოპტიმიზმისკენ მომართა და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა, ზოგს კი უიმედობა შეეპარა და ყოველგვარი მოტივაცია დაკარგა, ეკეთებინა საქმე, რომელსაც მანამდე აკეთებდა.

განსხვავებულმა რეალობამ გვასწავლა ის, რომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად პრაქტიკულები ვიყოთ და ყველაზე ცუდ პერიოდშიც არ დავყაროთ ფარხმალი. ამის თქმის საშუალებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მაძლევს – რომ არაფერია მუდმივი და უწესრიგობას – იგივე დისეკვილიბრიუმს, წესრიგი – ანუ ეკვილიბრიუმი მოსდევს.

დღეს უკვე, როცა ყველაფერი სულ უფრო და უფრო ლაგდება და ადამიანები ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით, როცა ზაფხულის მზის სხივები ჩვენს გონებას დასვენებისკენ და განტვირთვისკენ მოუწოდებენ, საუკეთესო დროა ძველი მოტივაციისა და ენერგიების დასაბრუნებლად. ამისათვის, რასაკვირველია, თქვენს ძველებურ განტვირთვის ხერხებს მიმართოთ და ხო.. რა თქმა უნდა, წიგნები! წიგნები უნდა იკითხოთ..

თუმცა, გააჩნია წიგნებსაც. თუკი უბრალოდ გსურთ, ზაფხულის პერიოდი წარსულ გამოცდილებებზე ფიქრს, საკუთარ თავში პოზიტიური ფიქრების განვითარებას, გარემოს ცვალებადობის მიმართ თქვენში სიმყარის და სიძლიერის პოვნასა და დაკარგული ან სულაც ახალი მოტივაციების ძებნას დაუთმოთ, საამისოდ რამდენიმე შემოთავაზება მაქვს:

საიმონ სინეკზე გსმენიათ? ეს არაერთი ბესტსელერი სამოტივაციო წიგნის ავტორია, ამავდროულად, სპიკერიც, რომელიც ლიდერებსა და ორგანიზაციებს ასწავლის, თუ როგორ შთააგონონ ადამიანები. წლევანდელ ზაფხულზე მის ერთ-ერთ საინტერესო წიგნს “The Infinite Game” გთავაზობთ, რომელიც “უსასრულო თამაშებზე” გვიყვება. ეს თამაშები ე.წ უსასრულო სარბიელია, რომელზეც არც გამარჯვებულები არსებობენ, არც დამარცხებულები, თუმცა კი ამ სარბიელზე არსებობა უნდა ვისწავლოთ, თუკი გვსურს, წარმატებული ლიდერები ვიყოთ. წიგნი ასევე მოგვითხრობს იმაზეც, თუ როგორ შეიძლება, შევიქმნათ პოზიტიური აზროვნება/დამოკიდებულება მოვლენების მიმართ ტურბულენტურ და მუდმივად ცვალებად სამყაროში.

მალკომ გლედუელის ბესტსელერმა წიგნებმა აქამდე არაერთხელ შთააგონა მილიონობით მკითხველი, სასიკეთოდ შეეცვალათ თავიანთი ხედვა სამყაროს მიმართ. ეს ავტორი თავის წიგნებში საკითხთა ფართო სპექტრს მიმოიხილავს – კარიერული წარმატება, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებები და ხედვები, ურთიერთობები და ა.შ მისი კრებული “The Penguin Gladwell: Blink, Outliers, What the Dog Saw, David and Goliath”, აერთიანებს აქ ჩამოთვლილ 4 წიგნს და მის ინოვაციურ და გამორჩეულ აზროვნებას წარმოაჩენს.

ბედნიერება რომ მარტივი განტოლებებისგან შედგებაა ამაზე გიფიქრიათ? მო გოუდათი თავის წიგნში “Solve for happy” გვიზიარებს თავის ხედვას, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გამოუვალ, რთულ სიტუაციაშიც კი ბედნიერი იყოს. ეს ერთ-ერთი ორიგინალური და საინტერესო წიგნია, რომელიც ბედნიერების რაობაზე, მის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე მოგვითხრობს.

თუკი თქვენ ხართ მეწარმე, თანამშრომელი, გუნდის ლიდერი, ან ჯერ სულაც თვითგამორკვევის პროცესში იმყოფებით, თქვენში არსებული კითხვა “რატომ?” დაგეხმარებათ სწორი გზა აირჩიოთ. “რატომ?” ეს ის კითხვაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების არსსა და მიზანს განსაზღვრავს. ამ კითხვის კონცეფციას საფუძველი ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბიოლოგიურმა პრინციპებმა ჩაუყარა. სწორედ ამ ყველაფერზე გვესაუბრება საიმონ სინეკი თავის წიგნში “Everyone has a why. Do you know yours?”

ფრანჩესკა ჯინომ საკუთარ წიგნში “Rebel Talent: Why it Pays to Break the Rules act Work and in Life” გააერთიანა სხვადასხვა ამბავი, მეცნიერება და პრაქტიკული რჩევები, რომლითაც გვასწავლის, თუ როგორ, როდის და რატომ უნდა დავარღვიოთ წესები. გსურთ უბრალოდ მოცემულ გზას გაჰყვეთ თუ თქვენით შექმნათ განუმეორებელი ისტორია? სწორედ ამაზე დაგვაფიქრებს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი ფრანჩესკა ჯინო თავისი წიგნით.

თუკი ზაფხულზე თქვენი მოტივაციის ამაღლებას სწორედ ამ წიგნებით გადაწყვეტთ, მაშინ გირჩევთ, ისინი ორიგინალში – ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ, რადგან მსგავსი ნარატივის მქონე წიგნები უფრო მეტად შთამაგონებლები არიან მაშინ, როცა მათ იმ ენაზე ვკითხულობთ, რომლებზეც ავტორებმა ისურვეს დაწერა.

და ბოლოს, მოტივაცია ისაა, რაც ღირებულ საქმეს გვაკეთებინებს, რაც შთაგვაგონებს, რომ არ მოვეშვათ და ბევრი წინაღობის მიუხედავად, წინ სვლა განვაგრძოთ. მოტივაცია გვეხმარება, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და წარსულში გაშვებულ შანსებზე ბევრი აღარ ვიდარდოთ. ჰოდა, ახლა სწორედ ეს დროა! დრო, როცა უნდა დავისვენოთ, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი გონება ჩვენივე შინაგანი სურვილების ასახდენად მოვამზადოთ!

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Apple Pay – მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკშია

მსოფლიოს უსწრაფეს სუპერკომპიუტერ Fugaku-ს COVID-19-თან დაკავშირებული კვლევებისთვის იყენებენ