in

წიგნები, რომლებსაც გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს!

ახლოვდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. წლევანდელი, რიგით მე-20 ღონისძიება, 31 მაისიდან 3 ივნისამდე გასტანს და მასში, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, 22 გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, რომლის მკითხველსაც ექსპო ჯორჯიაში 18 ახალი წიგნი დახვდება. რა წიგნებს წარადგენს და რა თემატიკაა, დღესდღეობით, აქტუალური გამომცემლობის დამფუძნებლების, მარიამ კორინთელისა და ირაკლი ბაკურიძისგან შევიტყვეთ.

M: რა გამოცემებს წარადგენს გამომცემლობა ფესტივალზე?

ტრადიციულად, საფესტივალოდ მკითხველს მრავალფეროვანი წიგნებით ვანებივრებთ. 18 ახალი წიგნი გვექნება და ასევე, ჩვენი პოპულარული წიგნები ხელახლა დაიბეჭდება.

სერია ,,უკვდავი ბიბლიოთეკა”

მარგარეტ ეტვუდი – ,,ორიქსი და კრეიკი” – მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი და დავით ბალიაშვილი

,,ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამაყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა.

მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასა­ სრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის.

ოტერო სილვა – ,,როცა მეტირება, არ ვტირი” – მთარგმნელი: თეა გვასალია

დანიილ ხარმსი – ,,შენ ფანჯარაში დამინახავ” – მთარგმნელი – მანანა მენაბდე

სერია ,,ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

რობერტ ჰაინლაინი – ,,უცხო უცხოთა ქვეყანაში” – მთარგმნელი – გაგი გაბრიჭიძე

ჯო აბერკრომბი – ,,მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი” – მთარგმნელი – ლაშა შუბლაძე

რიჩარდ კ. მორგანი – ,,სახეცვლილი ნახშირბადი” – ილო ქარდავა

ურსულა კ. ლე გუინი – ,,განპყრობილები”  – ქეთი ჩართოლანი

სერიის გარეშე

ლიან მოარიარტი – “დიდი პატარა ტყუილები” – მარი კორინთელი

ჯანეტ უოლსი – „შუშის სასახლე” – ნინო ბარძიმიშვილი

რობერტ რ. მაკკამონი – ,,ბიჭის ცხოვრება” – სალომე ჯაფიაშვილი

ლიზა ჯენოვა – ,,სიყვარულით, ენტონი” – ლიკა ბარაბაძე

ანა გავალდა – ,,ლამაზად გაქცევა” – მარიკა მეგრელიშვილი

ერინ მორგეშტერნი – ,,ღამის ცირკი” – ნინო ოქრუაშვილი

რიშელ მიდი – ვამპირების აკადემია – “სისხლიანი დაპირება” – თაკო ბოჭორიშვილი

ქართველი ავტორები:

ალეკსანდრე ლორთქიფანიძე – ,,მოწითალო მოშავო”

მარიკა მამალაძე – ,,ახალი იორკი”

ნინო ორტიგა ჭინჭარაული – ,,დამასტე”

M: რითია ეს წიგნები გამორჩეული? რატომ შეარჩიეთ ისინი?

ამ ფესტივალზე სტუმრებს ელოდებათ უკვე ძალიან პოპულარული  ,,ფანტასტიკური ბიბლიოთეკის”, ,,აღმოსავლური ბიბლიოთეკის” თუ ,,უკვდავი ბიბლიოთეკის” ახალი, გემოვნებით შერჩეული წიგნები. წიგნების გამოცემისას მუდამ ვცდილობთ, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები, მაღალ ლიტერატურულ ღირებულებასთან ერთად, იყოს აქტუალურ თემებზე. მუდამ ვცდილობთ გამოვცეთ წიგნები იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას დღევანდელი მსოფლიო და რაც აწუხებს საზოგადოებას. ეს არის წიგნები თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე, ჩაგვრაზე, ძალადობაზე, იმაზე, რა არის და რა უნდა იყოს. ასევე ვითვალისწინებთ რეიტინგებს- მაგალითად ამ ფესტივალზე გამოდის ლიან მორიარტის ,,დიდი პატარა ტყუილები”, რომელიც როგორც წიგნი, ასევე სერიალი სუპერ პოპულარულია მთელ მსოფლიოში; ასევე ჯენეტ უოლსის ავტობიორგაფიული რომანი ,,შუშის სასახლე” რომელიც რეკორდულად, 280-ზე მეტი კვირის განმავლობაში ,,ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერი წიგნების სიას ლიდერობდა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან საინტერესო ქართველი ავტორები: სანდრო ლორთქიფანიძეს მკითხველი კარგად იცნობს მისი პოეზიითა თუ პიესებით და მისი ახალი კრებულს, “მოწითალო-მოშავოს”, დარწმუნებული ვართ, მალე შეიყვარებს ყველა, ვინც გადაშლის და წაიკითხავს. ვაგრძელებთ  საინტერესო დებიუტანტი ქართველი ავტორების გამოცემასაც და ნინო ჭინჭარაულის ,,დამასტე” და მარიკა მამალაძის “ახალი იორკი შორ კონტინენტზე” ძალიან გვეიმედება.

M: ამ ფესტივალზე თქვენი გამომცემლობა რას სთავაზობთ მკითხველებს განსხვავებულს?

ამ ფესტივალზე ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ძალიან მაგარ წიგნებს, საუკეთესო ფასდაკლებებს და რა თქმა უნდა ტრადიციულ ,,განსაკუთრებულ საათებს”, სადაც წიგნები 50-%-დე ფასდაკლებით იყიდება ხოლმე.

ასევე გვექნება ჩვენი ახალი წიგნების პრეზენტაციები მთარგმნელებთან, რედაქტორებტან, ავტორებთან და გამომცემლებთან ერთად.

M: გამომცემლობებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის ფესტივალები და ბაზრობები?

ჩვენი გამომცმლობისთვის ,,თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი” ერთგვარი ახალი წელია და ფესტივალით იზომება ჩვენი წარმატება. იმის მიუხედავად, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოვცემთ ახალ წიგნებს, განსაკუთრებულად მაინც საფესტივალოდ ვემზადებით და ამის მკაფიო მაგალითია 18 ახალი წიგნი. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამომცემლობის თანაშრომელთათვისმკითხველთან უშუალო ურთიერთობა, მათი აზრის პირადად მოსმენა მომავალში გასათვალისწინებლად და მათთვის კონსულტაციის გაწევა. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მკითხველს მუდამ აინტერესებს თუ ვინ დგას მათი საყვარელი წიგნების უკან და ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობენ და აქედან გამომდინარე, ჩვენი გამომცემლობა გამოირჩევა იმით, რომ თითქმის მთელი შემადგენლობით წარმოდგენილები ვართ ხოლმე ფესტივალებზე.

[R]

მაიკლ ჯორდანის “ფრთების” მაია მურისებური ვერსია – Jordan-ის ​ვიდეორგოლი

ემილია კლარკი Stock ფოტოსესიაზე! – Vanity Fair-ის კამპანია