„მთავარი მაინც იმ საქმის ფანატიკური სიყვარულია, რომელსაც ხელს მოკიდებთ. ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რამე არ გამოვიდეს“-ამბობს მარი კორინთელი, რომელმაც იდეა ბიზნესად აქცია და ბათუმში მეუღლესთან, ირაკლი ბაკურიძესთან ერთად „წიგნები ბათუმში“ გახსნა.
პროფესიით იურისტებმა გადაწყვიტეს თავიანთი იდეის განხორციელება და იმის მიუხედავად, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, საკუთარი ბიზნესი მაინც დაიწყეს.
მარი კორინთელი: ჩვენი ცხოვრების მთავარი გატაცება კითხვაა. ორივე საჯარო სამსახურში ვმუშაობდით. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდით არა კაფეზე, არა სხვა ტიპის ბიზნესზე, არამედ კონკრეტულად წიგნების მაღაზიაზე. ჩვენი სურვილი ერთმანეთს დაემთხვა. ასე გაჩნდა აბსტრაქტული იდეა, რომელიც ნელ-ნელა ბიზნეს-იდეად გადაიქცა, დამუშავდა, განვითარდა და ხორცი შეისხა.
M: როგორ აქციეთ იდეა რეალურ საქმედ და რამდენად რთულია იდეა ბიზნესად აქციო?
ყველა ჩვენი რესურსი ჩავდეთ ამაში – ადამიანური, ფინანსური…. ძალიან ბევრი რამ იდო სასწორზე, სამსახურები დავტოვეთ იმისთვის, რომ ეს საქმე წამოგვეწყო. ღამეებს ვათენებდით, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. გამბედაობა რომ არ გვყოფნოდა, იდეა იდეადვე დარჩებოდა. საბედნიეროდ, რისკს არ შევუშინდით და ეს საქმე წამოვიწყეთ.
რთული არ არის, უბრალოდ, წარმოუდგენლად შრომატევადია. და, ალბათ, პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი, რისკზე წასვლა. თუმცა, თუ ყველაფერს გულდასმით დაგეგმავ, საშიშიც არაფერია. გააჩნია იდეასაც.
M: თქვენთან მხოლოდ საკითხავი ლიტერატურაა? როგორი ნიშა უჭირავს მაღაზიას?
ძირითადად, მხატვრული ლიტერატურაა წარმოდგენილი. სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა მხოლოდ შეკვეთებით ჩამოგვაქვს, საკანცელარიო ნივთები კი არ გვაქვს, რადგან ჩვენი მაღაზიის სალონურ კონცეფციას ვერ მოვახდინეთ. მხოლოდ განსაკუთრებით ლამაზი და ხარისხიანი ბლოკნოტები გვაქვს და ბავშვებისთვის სახატავი მასალა.
M: რაც შეეხება სახელს. . .
სახელის არჩევა ძალიან გაგვიძნელდა. თავდაპირველად ინგლისურენოვან სახელზე ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ თავისთავად მოვიდა ეს სახელი და გვგონია, რომ სახელწოდება “წიგნები ბათუმში” ზუსტად ისაა, რაც უნდა ყოფილიყო. მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და შინაურული. სწორედ ასეთ სახელს ვეძებდით – ბათუმთან ასოცირებულს, წიგნებზე მიმანიშნებელს და ცოტა ღიმილის მომგვრელს.
M: ხშირად წიგნის მაღაზიებში კაფეც არის და ეს კიდევ დამატებით ფუნქციას სძენს მათ . . .
ზაფხულობით გარეთ ვდგამთ მაგიდებს, სულ 4 მაგიდაა და გვაქვს ყავა, გამაგრილებელი სასმელები, ნაყინი. თავდაპირველად ვფიქრობდით, მუდმივი კაფე გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ სხვა წიგნების მაღაზიების მაგალითზე, რომლებიც თითქმის კაფეებად გადაიქცნენ დროთა განმავლობაში და უფრო კვებაზე ორიენტირდნენ. ძნელია, გასტრონომიამ არ გადაფაროს წიგნები, ჩვენ კი არ გვინდოდა, რომ ადამიანი ჩვენთან ნამცხვრის დასაგემოვნებლად უფრო შემოსულიყო, ვიდრე წიგნის საყიდლად. ამიტომ მივეცით კაფეს უფრო სეზონური დატვირთვა.
M: თუ არის ეს მომგებიანი ბიზნესი?
რა თქმა უნდა, არის. შესაძლოა, ისეთი არა, როგორც სხვა ტიპის ბიზნესი, მაგრამ წამგებიანი ნამდვილად არაა. მით უმეტეს, საქართველოში მოდური გახდა წიგნის კითხვა, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. რეგულარულ მკითხველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მკითხველის მოთხოვნებს რომ ფეხი აუწყონ, გამომცემლობებიც აქტიურად მუშაობენ. მუშაობის ძალიან აქტიურ რეჟიმში არიან გადასულები.
M: შეიძლება წიგნის ბიზნესი, ზოგადად, ძალიან დიდ მოგებაზე გათვლილი არ იყოს, მაგრამ კონკურენცია საკმარისად არის. ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მაღაზიები ბათუმშიც არის. მათ რითი უწევს კონკურენციას თქვენი მაღაზია?
ძალიან ბევრი რამით. პირველ რიგში იმით, რომ მომხმარებელს წიგნების ყველაზე ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში. ყველაზე მეტი რუსული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა ჩვენთან არის წარმოდგენილი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ახალი თარგმანი ბათუმში პირველად ჩვენ მივიღოთ.
განვსხვავდებით ასევე იმით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი მაღაზია, სადაც შეიძლება დაჯდომა და კითხვა, რამდენ ხანსაც გსურთ. ასევე ვაწყობთ რეგულარულ ღონისძიებებს ბავშვებისთვის: შაბათ-კვირას უსასყიდლოდ ვუკითხავთ ზღაპრებს, ვუმართავთ საბავშვო ნახატების გამოფენებს. ვცდილობთ, პრეზენტაციებითაც მაქსიმალურად დავიტვირთოთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე მომსახურებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველთან ურთიერთობა. აქ ნებისმიერ წიგნზე კომპეტენტურ რჩევას მოგცემენ და რაც მთავარია, ყოველთვის გაგიღიმებენ. ეს კი, დაგვეთანხმებით, მომსახურების სფეროში იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში.
M: რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს საკუთარი იდეა განახორციელოს და წარმატებას მიაღწიოს?
როგორი წარმოუდგენელი და, ერთი შეხედვით, წამგებიანი იდეაც არ უნდა ჰქონდეთ, გაბედეთ ნაბიჯის გადადგმა. თავად ძალიან უნდა გჯეროდეთ წარმატების. მთავარი მაინც იმ საქმის ფანატიკური სიყვარულია, რომელსაც ხელს მოკიდებთ. ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რამე არ გამოვიდეს.