in

„ბუკულუსი“ – ქართული ზღაპრები, სადაც ბავშვები თავად ხდებიან პერსონაჟები

Startauperi
Startauperi

ყველა მშობელი იმაზე ზრუნავს, რომ საკუთარი შვილების ბავშვობის პერიოდი განსაკუთრებული იყოს. სათამაშოებისა და შემეცნებითი წიგნების გარდა, მათ სჭირდებათ ახალი არხები განვითარებისთვის, რაც წარმოსახვის უნარს კიდევ უფრო განუვითარებთ. ონლაინ პლატფორმა „ბუკულუსი“ სწორედ ამისთვის შეიქმნა – ბავშვებს შეუძლიათ ზღაპარში აღმოაჩინონ საკუთარი პერსონაჟი და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთონ მთელი სამყაროსთვის. „ზღაპარში საკუთარი თავის პოვნით, ისინი დაინახავენ, რომ თავად არიან ისეთივე კეთილები და ისეთივე მამაცები, როგორც მათი საყვარელი ანიმაციური გმირები“. იდეის ავტორები 2 ოჯახური წყვილი: მაკო კაპანაძე და ბექა ყანჩაველი, ნინო ყანჩაველი და არჩილ სიამაშვილი არიან. „გვინდოდა, რაღაც ისეთი შეგვექმნა პატარებისთვის, რაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ძალიან ბევრი იდეა გვქონდა და საბოლოოდ, ვფიქრობ, მივედით ძალიან დახვეწილ ვერსიამდე“, – მაკო კაპანაძე, „ბუკულუსის“ თანადამფუძნებელი, მარკეტერს ზღაპრის შინაარსზე, პერსონალიზებული ზღაპრის შექმნის სპეციფიკასა და სამომავლო გამოწვევებზე ესაუბრა:

M: ვინ შექმნა და როგორია ზღაპრის შინაარსი?
ჩვენ ვსწავლობდით ბავშვების ფსიქოლოგიას ჩუმად და ყველას ვეკითხებოდით, როგორ მიჰქონდა თოვლის ბაბუას მათთან საჩუქრები და რაც მათი უმეტესობიდან გავიგეთ, უკვირდათ ის, როგორ ასწრებდა ერთდროულად ამდენ ბავშვთან მისვლასა და საჩუქრების მიტანას. ამიტომაც, მოვიგონეთ ჯადოსნური საათი, რომლითაც თოვლის ბაბუა აჩერებს დროს და ასე აბედნიერებს ყველას ზუსტად 12 საათზე, თუმცა ერთ-ერთი ელფი კარგავს ამ საათს და ჩვენი პერსონაჟის დანიშნულებაც ესაა, რომ გადაარჩინოს თოვლის ბაბუა და მოახერხონ, რომ საჩუქრები ყველამ მიიღოს. ზღაპრის ტექსტი შეიქმნა ჩვენ მიერ, ძალიან ბევრი გათენებული ღამის შედეგად. გადავწყვიტეთ, რომ დოგმებისგან თავისუფალი ყოფილიყო ჩვენი ზღაპარი და რაღაც ახალი შეგვექმნა.M: როგორია პერსონალიზებული ზღაპრის შექმნის სპეციფიკა?
პერსონალიზებული ზღაპრის შესაქმნელად, პირველ რიგში, თქვენ უნდა შექმნათ თქვენი პატარას პერსონაჟი, ჩვენს ვებგვერდზე არსებული ინსტრუქციის თანახმად: აირჩიოთ თმის ფერი, ვარცხნილობა, თვალის ფერი, ფორმა, განსაკუთრებული მახასიათებლები – სათვალე, ჭორფლი და ა.შ.  შემდეგ უნდა მიუთითოთ ბავშის სახელი. ასევე, შეგიძლიათ დაწეროთ ზღაპრის მიმართვის ტექსტი, მაგალითად: „ძვირფასო ანასტასია, ეს წიგნი შეიქმნა მხოლოდ შენთვის! გილოცავთ ახალ წელს! სიყვარულით დედა და მამა!“ ამის შემდგომ კი შეგიძლიათ გააფორმოთ შეკვეთა, მიუთითოთ საჭირო ინფორმაცია და ჩვენი კურიერი მას ადგილზე მოგართმევთ. თბილისში მიტანა უფასოა, რეგიონში კი ის მინიმალური თანხა, ემატება, რაც მგზავრობას სჭირდება და იმის ნახევარსაც კომპანია იხდის.
M: რა ასაკის ბავშებისთვის არის „შენი საახალწლო ზღაპარი“ ?
თავიდან ვფიქრობდით, რომ 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის იქნებოდა, თუმცა როცა ადამიანებს ვუყვებით ზღაპრის შინაარსს, უნდათ, რომ თავიანთი 2 თვის, 5 თვის ბავშვებისთვისაც შეიძინონ, ასევე, გვყავს 8,9, 10 წლის მომხმარებლებიც.M: როგორია „ბუკულუსის“ სამომავლო გამოწვევები?
იმის გამო, რომ ჩვენი პროექტი ჩაეშვა საახალწლოდ, ზღაპარიც ამ თემატიკის შესაბამისად შევქმენით, რომ ბავშვმა გადაარჩინა ახალი წელი და ამით ძალიან გახარებულია. შემდეგში, რა თქმა უნდა სხვადასხვა თემატიკას ვაპირებთ, რომელიც მარტო დღესასწაულებსა და ახალ წელთან დაკავშირებული არ იქნება.

როგორია ზამთარი გუდაურში, შეყვარებულთან ერთად? – გიო ჯობავას მორიგი ვიდეორგოლი

ერთი შეტყობინებით გაფუჭებული საახალწლო განწყობა – Tessa Films-ის ვიდეორგოლი