გახსოვთ ის დრო, სკოლიდან ან სამსახურიდან დაბრუნებულები ტელევიზორთან რომ ვსხდებოდით და ძველ შოუებს ვუყურებდით? ფრანგულმა Burger King-მა ზუსტად ამ ნოსტალგიაზე ითამაშა და ახალ კამპანიაში 80-90-იანი წლების საკულტო სერიალები გააცოცხლა.
სწრაფი კვების ობიექტები აქამდე სულ ბავშვების გულის მოგებას ცდილობდნენ სხვადასხვა სათამაშოთი, თუმცა Burger King-მა, სააგენტო Buzzman-თან ერთად, ტრადიცია დაარღვია და უფროსებისთვის „ბუმერების მენიუ“ (Boomer King Menu) გამოუშვა. რეკლამაც ზუსტად იმდროინდელი სატელევიზიო შოუების პაროდიაა — თავისი სპეციფიკური ვიზუალით, ცოტა სასაცილო მელოდიებითა და კადრებით. მენიუს კი ბავშვური სათამაშოების ნაცვლად, წარსულის სუვენირები მოჰყვება.
მაგრამ რატომ დაიწყეს ბრენდებმა ასე მასობრივად ძველი ესთეტიკის დაბრუნება?
საქმე მხოლოდ იაფფასიან ტრიუკში არ არის, მიზეზი ჩვენს ემოციებშია. დღეს, როცა ყველაფერი ზედმეტად სრულყოფილი, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული და სტრესულია, უსაფრთხოების განცდას წარსულში ვეძებთ. 80-იანი და 90-იანი წლების ოდნავ უხარისხო, „ჩამქრალი“ ფერები, გულუბრყვილო სიუჟეტები და მარტივი მელოდიები დროის მანქანასავით მუშაობს — გვაბრუნებს იქ, სადაც სამყარო ბევრად მარტივი, გასაგები და მშვიდი ჩანდა.
ბრენდები მიხვდნენ, რომ თანამედროვე ადამიანს, რომელიც ინფორმაციულ ქაოსში ცხოვრობს, ყოველთვის სიახლეებით ვეღარ გააოცებ. ხანდახან ყველაზე ეფექტური ის არის, რომ გაუწოდო ხელი და ერთი-ორი წუთით ის უდარდელი დრო დაუბრუნო, რომელიც ასე ძალიან ენატრება.













