in

კითხვები, რომლებიც ქალებს კარიერის მეორე ნახევრის წარმართვაში დაეხმარებათ

50 წელს გადაცილებული ბევრი ქალისთვის, ცხოვრებისეული მოცემულობა, ხშირად ასოცირდება ხანგრძლივ პროფესიულ გამოცდილებასთან, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან და ეს მშვენიერი ასაკია კარიერის სხვა ეტაპზე გადაყვანისთვის. თუმცა, თქმა ადვილია. რა უნდა გააკეთოს ამ ასაკის ქალმა კარიერის განვითარებისთვის და პროფესიული წლების ეფექტურად გამოყენებისთვის? აი, ოთხი შეკითხვა, რაც დაგაფიქრებთ და ვინ იცის, გამოსავლის მოძებნაშიც დაგეხმარებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორი იქნებოდა თქვენი კარიერა, არაფერი რომ არ გაბრკოლებდეთ? თქვენი ასაკი იდეალურია, რომ ცხოვრების მეორე ნახევარს სრულიად ახალი მიმართულება მისცეთ. მოძებნეთ მშვიდი ადგილი და ამ კითხვებზე პასუხიც:

რა გაკლიათ ცხოვრებაში? საქმიანობაში?
რისი შეცვლა გსურთ?
როგორია თქვენთვის ოცნების სამსახური?
როგორი იქნებოდა თქვენი კარიერული ნაბიჯი, თუ გეცოდინებათ, რომ გამოგივათ?
რით გსურთ დაამახსოვრდეთ ადამიანებს?

სურვილები კი სხვადასხვაგვარია, ზოგს სურს უფრო მაღალ პოზიციაზე იმუშაოს, სხვებს – სრულიად ახალი სრულფასოვანი როლი უნდათ მოირგონ ან სულაც, სამსახური დატოვონ და საკუთარი პროექტების განხორციელებით დაკავდნენ.

რა გჭირდებათ იმისათვის, რომ გახდეთ ის, ვინც გსურთ იყოთ?

ბევრი ქალი ფერხდება ავთენტურობის ხაფანგში. ზოგჯერ, ისინი მეტისმეტად მკაცრი თვითშეფასების მახეში არიან და საკუთარი პიროვნების პოტენციალისა და უნარების განვითარების საშუალებას არ აძლევენ საკუთარ თავს. არც დახმარებას ითხოვენ და ამდენად, სხვებს არ აძლევენ ამის ხელშეწყობის საშუალებას. ამგვარად, მათ სურთ უფრო დამოუკიდებლად და ძლიერად იგრძნონ თავი. მათ ურჩევნიათ იყონ ის, ვინც თავჩარგული მუშაობს და ყურადღების ცენტრში მოხვედრას ერიდება. ამ შემზღუდავი რწმუნებულებებისგან გათავისუფლება და საკუთარი პროფესიული თვალსაწიერის გაფართოება საშუალებას მოგცემთ უფრო ნათლად აღიქვათ შესაძლებლობები და განვითარდეთ კიდეც. მნიშვნელოვანია აღიქვათ, რომ რაიმეს წარმართვა მშვენივრად შეგიძლიათ, ვინმეს მითითების გარეშე. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმე მარტომ აკეთოთ – პირიქით, მხარდამჭერების ძიება და შემოკრება მხოლოდ კარგს მოგიტანთ.

როგორ შექმნათ და გააფართოვოთ პროფესიული სანაცნობო წრე?

პირველ რიგში, დააკვირდით, რამდენად მიმართევდით აქამდე საკუთარ სანაცნობო წრეს საკუთარი ამბიციების რეალიზაციისთვის? თუკი გულწრფელები ვიქნებით, ნაკლებად… არადა, პროცესი მარტივია – გახსენით Word-ის ან Excel-ის ფაილი ან სულაც, ბლოკნოტი მოიშველიეთ და ჩამოწერეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყველა კატეგორიაში:

კარიერისტები: ვინ დამაფასებს?
უკუკავშირისთვის: ვინ მომცემს გულწრფელ უკუკავშირს და ბიძგს განვითარებისთვის?
ემოციური მხარდამჭერები: ვინ გამიძლიერებს მოტივაციას?
ორგანიზაციული მრჩეველები: ვინ დამეხმარება ორგანიზაციის მგრძნობიარე მხარეების იდენტიფიცირებაში?
მენტორები: ვინ დამეხმარება პერსონალური და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაში?
კავშირები: ვის ჰყავს ფართო კავშირები, რომლითაც დამეხმარება?
გავლენიანი ადამიანები: ვის აქვს შესაძლებლობა შეცვალოს რაღაც?

ყოველივე ამის გაანალიზების შემდეგ, გაიაზრეთ, როგორ შეიძლება გაესაუბროთ და შეამჭიდროვოთ ურთიერთობა თითოეულ ამ ადამიანთან? ესაა ურთიერთობის დაგეგმვის გზა, რაც სანაცნობო წრის გააზრებულად სტრუქტურირებასა და საქმის წინ წაწევაში დაგეხმარებათ.

რის შესწავლა გჭირდებათ?

კარგი ლიდერები სწავლის მუდმივ პროცესში არიან. ისინი ეძებენ ახალ უნარებს, ინფორმაციას, თვითგანვითითარებას. თქვენ რა გჭირდებათ იმისთვის, რაც გსურთ? იქნებ, კვალიფიკაციის ამაღლება, CV-ისა და LinkedIn-ის განახლება, ან სოციალურ მედიაში ურთიერთობის უნარები? რა ტექნიკური დეტალების ცოდნა გესაჭიროებათ? რა პროფესიული მიღწევით ხართ დაინტერესებული? იქნებ, თავდაჯერებულობის ამაღლება გსურთ?

თუკი, წინსვლისთვის შესაძლებლობებს ეძებთ, პირველ რიგში, იფიქრეთ, ვინ გსურთ, რომ გახდეთ და რა გსურთ იგრძნოთ. დააკვირდით, რისი გჯერათ და რას ვარაუდობთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს. შემდეგ, დააკვირდით, რა მიმართულებით გჭირდებათ ცოდნისა და უნარების შეძენა. რაც მთავარია, გახსოვდეთ, თქვენ ხართ საკუთარი თავის ყველაზე ძლიერი მოკავშირე. ამდენად, თამამად იარეთ წინ, სინანულის გარეშე.

 

წყარო: HBR



საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია

ირინე ხიზანიშვილი – #პირველისამსახური