Boost Your Voice არის ამბავი აშშ-ის არჩევნებზე, სადაც უამრავ მოქალაქეს დაბრკოლება ექმნებოდა ხმის მიცემისას. ისინი, საარჩევნო უბანთან რიგში საათობით იდგნენ. კომპანია Boost Mobile-მა კი, გადაწყვიტა, მოქალაქეებისთვის ეს დაბრკოლება მოეხსნა და თავისი მიდგომით უამრავ ადამიანსაც დაეხმარა და კანის ფესტივალის გრან პრისაც გამოკრა ხელი.
პრობლემა:
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქალაქეებს საათობით მოუწიათ დაუსრულებელ რიგებში დგომა, რათა საარჩევნო ყუთებამდე მიეღწიათ. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ რიგში 7, 8 და 9 საათი მოუწიათ დგომა. მოგვიანებით, 2014 წლის ანგარიშში, ბრენანის იუსტიციის ცენტრმა აღნიშნა, რომ უმცირესობებს არ ჰქონდათ ხმის დროულად მიცემის საშუალება – არც რესურსი იყო და არც საკმარისი საარჩევნო ოლქი.
სატელეკომუნიკაციო კომპანია Boost Mobile-მა შენიშნა, რომ მისი სამიზნე სეგმენტი აწყდებოდა ძალიან დიდ დაბრკოლებას, ხმის მიცემისას და გამოსავალსაც მიაგნო.
იდეა:
სწორედ ამიტომ, კომპანიამ Boost Mobile, სააგენტო 180LA-სთან ერთად, გამოთქვა ინიციატივა, თავისი ფილიალები საარჩევნო ოლქებად გადაექცია. Boost Mobile დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებზე აკეთებს ორიენტირს. კომპანიის თქმით, მაღაზიების საარჩევნო ოლქებად ქცევის გარდა, მისი თანამშრომლები საარჩევნო უბნებზე მოხალისეებად იმუშავებდნენ. კომპანიის თქმით, სწორედ ასე წარმოედგინა საკუთარი მომხმარებლის გვერდით დგომა, სამართლიანობისა და თანასწორობის სადარაჯოზე.
გამოსავალი:
იდეის განსახორციელებლად, კამპანიის ფარგლებში, მაღაზიები მოეწყო საარჩევნო უბნებად. ასევე, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა Boost Your Voice, რომელიც მოქალაქეებს თავიანთ ოლქებში დარეგისტრირებაში ეხმარებოდა. კომპანიამ ინფორმაციის გავრცელებაზეც იზრუნა.
კამპანიის შესახებ კი, ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც გადმოსცემს იმ პრობლემასა და გამოსავალს, რაც ამ ამბავს უკავშირდება. Boost Mobile-მა 817 საარჩევნო კომისია მიიზიდა და მეტიც, change.org-ზე შექმნა პეტიცია, მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
შედეგი:
კომპანიის სამიზნე სეგმენტს ე.წ. მუშათა კლასი და ჰისპანიკები წარმოადგენენ. Boost Mobile-მა წაახალისა მისი სამიზნე სეგმენტი და საკუთარი მაღაზიები ხმის მისაცემად შესთავაზა. ამით დაეხმარა კიდეც მათ და მომხმარებლის გულიც მოიგო.
ჯილდო:
კანის კრეატიულ ფესტივალზე, კამპანიამ გრან პრი მოიგო.