in

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის გამარჯვებულები გამოვლინდნენ – რა აქტუალური თემები დაამუშავეს გუნდებმა

დეზინფორმაცია დღესდღეობით მწვავე პრობლემად გვევლინება და ფართო მასებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანონ ცრუ ინფორმაციის, ცრუ მანიპულაციების რისკი, რომლებიც საჯარო შეხედულებებზე ახდენს ზემოქმედებას.

სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ საქართველოში შეიქმნა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ბანაკი, „ბუთქემფი”, რომელიც თანამედროვე და ინოვაციური გზების არჩევით ეძებს შესაძლებლობებს, რომ გამოავლინოს ორგანიზებული დეზინფორმაცია. 

ბანაკს, ერთი მხრივ, პრაქტიკის, მეორე მხრივ კი, კონკურსის ფორმატი ჰქონდა. გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, თუმცა ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით, სტატიის რესპონდენტთან ერთად მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რომ ბუთქემფში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად 200-მა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა მათგან მხოლოდ 54 შეირჩა. ესენი იყვნენ ჟურნალისტები, მკვლევრები და მონაცემთა მეცნიერები, რომლებმაც მუშაობა გამოცდილ მენტორებთან ერთად დაიწყეს და შეისწავლეს ახალი, ინოვაციური ხელსაწყოები, რომლებიც შექმნეს კომპანიებმა: Pulsar.ai, MettaMine და Wavetech. Ai. მონაწილეებმა შეისწავლეს კვლევისა და გამოძიების პროცესში ამ ხელსაწყოების დანერგვა და ინტეგრაცია. მათ ჩაუტარდათ ერთთვიანი ტრენინგები გამოძიების, კვლევის, ტენოლოგიების, დიზაინის, ინფორმაციის მანიპულაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესასწავლად. ფინალური პროექტისთვის კი მიღებული ცოდნა შემდეგი თემების დასამუშავებლად გამოიყენეს: რუსული პროპაგანდის გავლენა ემიგრანტებზე, ტიტ-ტოკის გამოყენება დეზინფორმაციის მასშტაბისა და ეფექტის გასაზრდელად, დეზინფორმაციის აქტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ-ჩინური პროპაგანდა საქართველოში და სხვა. 

ბუთქემფის გამარჯვებულები 11 ნოემბერს DataFest-ის ფარგლებში გამოვლინდნენ. სულ 9 გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის, ჟიური კი დარგის 6 სპეციალისტისგან შედგებოდა. გაიმარჯვა ოთხმა გუნდმა, რომელთა გეგმებშიც შედის, რომ აღნიშნული მიმართულებებით უფრო სიღრმისეულად გააგრძელონ კვლევა და შემდეგ შედეგები ფართო საზოგადოებასაც წარუდგინონ.

ბუთქემფის ერთ-ერთი ორგანიზატორია ForSet, რომლის წარმომადგენელიც, ჯუბო ბერიძიშვილი Marketer-ის კითხვებს პასუხობს და ბუთქემფის შედეგებს აჯამებს.

M: როგორი იყო ის პერიოდი, რაც გაატარეს ბანაკში მონაწილეებმა და რამდენად კმაყოფილი ხართ საბოლოო შედეგით?

საწყის ეტაპზე ბანაკის მონაწილეებმა – ჟურნალისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, მედიის სტუდენტებმა, ყველა იმ მიმართულებით შეიძინეს უნარ-ჩვევები, რაც დეზინფორმაციის თანამედროვე გამოწვევებზე პასუხს სჭირდება – დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ხელსაწყოები, ღია წყაროებით გამოძიება, კოორდინებული ქსელების კვლევა, ფაქტების გადამოწმება, პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგი, გეოლოკაცია ა.შ.

შემდეგ სხვადასხვა პროფესიის 9 კოლაბორაციულმა გუნდმა, უკვე ინოვაციური ტექნიკების გამოყენებით, იმუშავა კვლევითი მასალების შექმნაზე. ისინი იკვლევდნენ ახალგაზრდებისკენ მიმართულ პროპაგანდას, ტიკტოკის არაავთენტურ ქსელებს, პრორუსული ძალების დაფინანსებას, აფხაზეთსა და ოსეთში რუსულ პროპაგანდას, პროჩინური პროპაგანდის გააქტიურებას და სხვა მწვავე საკითხებს.

DataFest Tbilisi 2023-ზე, 3 დღის მანძილზე, გუნდებმა სფეროს წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღეს მენტორობის ინდივიდუალური კონსულტაციები, რომ საკუთარი კვლევითი მასალები გაეუმჯობესებინათ. ფესტივალის მეორე დღეს გუნდებმა მასალები წარადგინეს და ჟიურიმ 9-დან 5 შეარჩია საბოლოო ეტაპზე გადასასვლელად. ფესტივალის მე-3 დღეს კი მთავარ სცენაზე შედგა პრეზენტაციები, სადაც კვლევის მიგნებებს ფართო აუდიტორია გაეცნო და გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.

M: რის მიხედვით შეირჩნენ გამარჯვებულები და რა იქნება შემდეგი ეტაპი მათთვის?

ბანაკს ოთხი გამარჯვებული გუნდი ჰყავს, კვლევის მასალებით:

  • CARROTS & STICKS – The Story of Pro-Government Campaign towards Gen-Z
  • VERTICAL PROPAGANDA: Investigating Pro-Governmental Networks and Opinion Leaders on TikTok
  • Footprints of Chinese propaganda in Georgian media ecosystem 
  • Russian propaganda for youth residing in Abkhazia and Ossetia

გამარჯვებულების შესარჩევად ჟიური შემდეგ კრიტერიუმებს იყენებდა:

  • რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია კვლევის თემა? 
  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ დასახული თემის საკვლევად? არის ეს თემა არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა საკითხისთვის? 
  • მეთოდოლოგია: მოიცავს თუ არა კვლევის მეთოდოლოგია ინოვაციურ მეთოდებს, მათ შორის სასწავლო შეხვედრებზე ათვისებულ ხელსაწყოებს? არის დასახული მეთოდოლოგია რეალისტური კვლევის მიზნის მისაღწევად?

შემდეგი ეტაპი ინკუბაციის 1-თვიანი პერიოდია, სადაც გამარჯვებული გუნდები მასალებს გააუმჯობესებენ ფართო აუდიტორიისთვის გამოსაქვეყნებლად.

M: რა ინოვაციური ტექნოლოგიები შეისწავლეს მონაწილეებმა ბანაკში ყოფნისას?

ბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს და კვლევის პროცესში დანერგეს 3 ინოვაციური ხელსაწყო – რომლებიც ქართული ტექკომუნის მიერ შეიქმნა USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მხარდაჭერით. ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს დეზინფორმაციის კვლევის პროცესს.

  • Datavision – კვლევისა და გამოძიებისთვის აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ისეთი ღია საჯარო წყაროებიდან, როგორებიცაა ბიზნესის რეესტრი, საკადასტრო რუკა, ტენდერები და სხვა.
  • MediaSpeech – უზრუნველყოფს ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას. მისი სიზუსტე Google-ის ანალოგიური ხელსაწყოს სიზუსტეს 10-ჯერ აღემატება.
  • IBEX – იყენებს მანქანურ დასწავლას, რომ გააანალიზოს ონლაინწყაროებში სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და შექმნას გრაფიკული ვიზუალიზაციები.

ამგვარად, დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი იყო პლატფორმა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რამდენად არის შესაძლებელი დეზინფორმაციის კვლევის პროცესის გაუმჯობესება ტექნოლოგიებისა და მონაცემების გამოყენებით.

M: რა არის ის აუცილებელი დეტალები, რაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის დროს უნდა გავითვალისწინოთ?

დეზინფორმაციის თანამედროვე გამოწვევები იმდენად მზარდია, რომ მასთან ბრძოლა სხვადასხვა უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების კოლაბორაციას მოითხოვს, იქნება ეს მონაცემთა ანალიტიკოსი დეზინფორმაციის დიდი მონაცემების ანალიზისთვის, მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტი კვლევის შედეგების აუდიტორიამდე მიტანისთვის, მონაცემთა ჟურნალისტი ღია წყაროებით დეზინფორმაციის გამოძიებისთვის თუ სხვა. დეზინფორმაციის შემქმნელები არიან მოქნილები, ინოვაციურები და სწრაფად ადაპტირებადები. აუცილებელია, რომ ამ გამოწვევას ჩვენც დავუპირისპიროთ მოქნილობა, ტექნოლოგიები და კოლაბორაციული მუშაობა.

მარკეტერის კითხვებს ჯუბოსთან ერთად ანა აბზიანიძემაც უპასუხა. ის Zinc Network-ის ინოვაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელია, რომელიც პროექტს ForSet-თან ერთად ჩაუდგა სათავეში.

M: ანა, რა იყო ამ ბანაკის არსი და რატომ დადგა მისი შექმნის საჭიროება?

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ბანაკი – ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს – ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, მონაცემთა მეცნიერებს, მკლევრებსა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს, გაერთიანდნენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რათა ერთად შექმნან ისეთი საინტერესო საგამომძიებლო თუ კვლევითი მასალები, რომელიც ვიზუალური ამბის სახით, მარტივად გააცნობს ფართო აუდიტორიას ფაქტებზე დაფუძნებულ რეალობას.

ჩვენ გავიაზრეთ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მეტად საინტერესო პროდუქტს ქმინდნენ, ვიდრე, მაგალითად, ცალკე აღებული მკვლევარი. USAID-ის ინფორმაციის ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩვენ შევქმენით ტექნოლოგიები, რომლებიც კვლევისთვის საჭირო ღია მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას და ვიზუალაზაციას ავტომატურ რეჟიმში ახდენს, რაც მნიშვნელოვან ადამიანურ და დროით რესურს ზოგავს. ჩვენ ბანაკის ყველა მონაწილეს მივეცით წვდომა აღნიშნულ ტექნოლოგიებზე, რის შედეგადაც შევძლელით კვლევის საჭირო დრო დაახლოებით 5-ჯერ შეგვემცირებინა და სულ რამდენიმე კვირამდე დაგვეყვანა.

M: ამ ბანაკის ფარგლებში, თქვენ თანამშრომლობდით კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა წარმომადგენლობასთან. მოგვიყევით ამ პარტნიორობის შესახებ…

შეგვიძლია სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ბანაკს გამოეხმაურა კანადის მთავრობის გლობალური საქმეთა წარმომადგენლობა, რომელიც დეზინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის მეშვეობით, საერთაშორისო მასშტაბით უცხოური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დეზინფორმაციასთან გამკლავებაზე მუშაობს და აფინანსებს დეზინფორმაციის საპასუხო ახალ, ინოვაციურ პროექტებს. კანადის მთავრობამ საქართველოში სწორედ ჩვენი პროექტი შეარჩია. შედეგად, ჩვენ გავზარდეთ როგორც პროექტის გამარჯვებულებისთვის საგრანტო ფონდი, ასევე აქტივობები ბანაკის ფარგლებში. DataFest-ის ფარგლებში კი კანადის მთავრობის წარმომადგენლები უშუალოდ საქართველოში გვესტუმრნენ, რათა კონსულტაცია და ემოციური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა მონაწილისათვის, რამაც კიდევ მეტად გაზარდა მათი მოტივაცია დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ თითოეულ გუნდთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას.

[R]

ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ვიდეორგოლში

აი, როგორ უსმენდნენ მუსიკას 150 წლის წინ