28
Sep
2017

ქართული სუფრის პრეზენტაცია ბორდოს გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”!

28 Sep 2017

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“  მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ფრანგული მხარის ინიციატივით, „ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) ქართული სუფრის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის სტუმრები ქართული სუფრის თავისებურებებს, ესთეტიკასა და მნიშვნელობას გაეცნენ, დააგემოვნეს ქართული კერძები,  რომლებიც ქართველმა პროფესიონალმა შეფმა თეკუნა გაჩეჩლაძემ მოამზადა.

ქართული სუფრის პრეზენტაციას ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა.

„პრეზენტაციის ინსპირაცია გახდა გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 33 000 მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა. პრეზენტაციაზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ 100 მსურველს, ვინც დროულად შეიძენდა ბილეთს, რომლის ფასიც 39 ევრო იყო. დამსწრე საზოგადოებას, რომლის ძირითად ნაწილს ფრანგები შეადგენდნენ, გავაცანი ქართული სუფრის ესთეტიკა, აუცილებელი, ზოგადი, ინდივიდუალური და თავისუფალი სადღეგრძელოები, ვუამბე იმ ნარატივებზე, რომლებიც ამა თუ იმ სადღეგრძელოს ახლავს, ვესაუბრე სუფრის, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლოზე, მათ დააგემოვნეს არაჩვეულებრივი ქართული კერძები, ქვევრისა და  ცქრიალა ღვინოები ჭაჭა, ასევე,  ქართული იუმორიც,  ბოლოს კი ღვინის და დემოკრატიის სადღეგრძელო შევთავაზე, რომელმაც, ასევე, დიდი მოწონება დაიმსახურა”.

ზურა ქარუმიძის თქმით, ქართულმა ღვინომ უკვე დაიკავა თავისი ნიშა მსოფლიო ბაზარზე და ასეთი პრეზენტაციებითა და გამოფენებით მისი პოზიციები კიდევ უფრო გაფართოვდება.

ასევე, დიდი მადლობა  გოჩა ჯავახიშვილს, რომელიც მთელი პრეზენტაციის განმავლობაში მეხმარებოდა. ღონისძიების წარმატებით ჩატარებისა და მისადმი დიდი ინტერესის დადასტურებაა ისიც, რომ პროექტის ხელმძღვანელს დავით ტყემალაძეს ფრანგმა თანაორგანიზატორებმა წერილი მიწერეს: „Thank you again for everything you did for the Supra. It was a big success, everybody was very happy about this event ! Please send me your photos so we can have some nice souvenirs of this amazing moment!“

 

განხილვა