in

დღეს ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ იხსნება!

დღეს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ აიღებს სტარტს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გახსნის საზეიმო ღონისძიება 14 სექტემბერს გაიმართება. საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ბრენდინგისა და მარკეტინგის საკითხებში, დავით ტყემალაძე ამბობს, რომ გამოფენის მიზანია საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლოდ აღიარების გამყარება. ასევე, ქართული ღვინის მიმართ ინტერესისა და ქვეყნის ტურისტული თუ საინვესტიციო პოტენციალისა ამაღლება.

კონკრეტულად, რა აქტივობები იგეგმება „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“, ანუ „სიტეში“, რა მიზნით ხორციელდება პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქართული ღვინისა და ზოგადად, ქვეყნისთვის?! – ამ და გამოფენასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე Marketer.ge დავით ტყემალაძეს ესაუბრა:

M: კონკრეტულად, რა აქტივობები და ღონისძიებებია დაგეგმილი ამ ოთხი თვის მანძილზე?

გამოფენაზე მოწვეულნი არიან მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ღვინის მაგისტრები (master of wine – Lisa Granik,) რომლებიც გაუძღვებიან ღვინის პროფესიულ დეგუსტაციებს და სემინარებს სპეციალურ სივრცეებში; იქნება ქართული ფილმების – „ქვევრი“ (რეჟ. ირაკლი კვირიკაძე) , „ღვინის ქურდები“ (რეჟ. ვალერიან კვაჭაძე), „საქართველო ღვინის სამშობლო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება; რამდენიმე საღამოს გამართავენ ანსამბლები „სულიკო“ და „ბასიანი“ (ესპანელ კომპოზიტორთან და მკვლევარ პოლო ვალეხოსთან ერთად); „მარჯანიშვილის“ თეატრალური დასი, სპეციალურად ბორდოს გამოფენისთვის, ითამაშებს სპექტაკლს; გაიმართება სამეცნიერო სემინარი, სადაც პირველად გაცხადდება 3 წლიანი კვლევის შედეგები, რომელსაც წარადგენს ცნობილი მკვლევარი და ჯგუფის ხელმძღვანელი – პატრიკ მაკგოვერნი (Patrick McGovern, Scientific Director of Biomolecular Archaeology Laboratory at the Penn Museum). საქართველოს ექსპოზიციას საფუძვლად ედება ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული ექსპოზიცია (დავით ლორთქიფანიძე), რომელიც ასახავს ქართული მეღვინეობის უდიდესსა და უწყვეტ ისტორიას. ექსპონატები ნოემბრის ბოლომდე დარჩება ღვინის მუზეუმში. კულმინაცია, ანუ გამოფენის საზეიმო გახსნა გაიმართება 14 სექტემბერს, როდესაც „სიტეში“ ჩამოვა ყველა საპატიო სტუმარი, ღვინის ექსპერტები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები – ამ სფეროში მოქმედი ყველა სერიოზული მოთამაშე. საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები. 

M: როგორ და ვისი ინიციატივით ხორციელდება პროექტი?
ბოლო რამოდენიმე წლის განსაკუთრებულმა აქტივობამ და სწორმა კომუნიკაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხრივ მსოფლიოში, შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფრანგული მხარე დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით – „სიტეს“ ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაუკავშირდა საქართველოს, კონკრეტულად კი ასოციაცია „ქართულ ღვინოს“ – თინა კეზელსა და ჟაკ ფლორის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო იმ დღიდან ჩაერთნენ ამ შეთავაზების რეალიზებაში. 4 წლის წინ , „სიტეს“ მშენებლობის დროს, ვიყავით ბორდოში და ადგილზე გავეცანით კომპლექსის ყველა მნიშვნელოვან დეტალსა და თავისებურებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თინა კეზელის, ალავერდელი მიტროპოლიტის – მეუფე დავითის, ჟაკ ფლორისა და ლევან დავითაშვილის ჩართულობა, პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე.

M: გამოფენის ლოგო . . .
დიახ, პროექტს აქვს ლოგო – თამადა. ვინაიდან წარდგენილ სამუზეუმო არტეფაქტებში, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული ექსპონატი იყო ბრინჯაოს კაცუნა, ანუ თამადა, ბევრი აღარ მიფიქრია. მივხვდი, რომ ეს იქნებოდა გამოფენის საუკეთესო ვიზუალური გამოსახულება. 

M: რა არის ამ პროექტის მიზანი?

საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ჩვენი ქვეყნის მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლოდ აღიარების გამყარება, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალისა და ქართული ღვინის მიმართ ინტერესის გაზრდა.

M: საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და იქნება ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი. რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის?

საქათველოს ხვდა პატივი, ერთი მხრივ, პირველი წარდგეს დამთვალიერებლის წინაშე და იყოს პირველი ქვეყანა „სიტეში“, ვინც თემატურ გამოფენას გააკეთებს და მეორე მხრივ, გამოფენის სახელწოდება „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველო არის უძველესი ღვინის ქვეყანა და რომ აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში ვაზი და მევენახეობა. ამ ფაქტს აქვს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ძველ ტრადიციულ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის და სძენს ახალ შესაძლებლობებს თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის ეკონომიკისა და ზოგადად, პოზიტიურ კონტექსტში პოზიციონირების კუთხით.

M: ღონისძიებას სპეციალური საკომუნიკაციო მხარდაჭერა აქვს. რაც, ალბათ, მნიშვნელოვანია ამ საკითხის პოპულარიზაციისა და პრიორიტეტული ბაზრებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის.

ფრანგული მხარე და „სიტე დუ ვინის“ პიარ სამსახური უზრუნველყოფს საფრანგეთში მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას, სადაც ჩართული იქნება ფრანგული მედიის დიდი ნაწილი, ასევე ელექტრონული და ციფრული მედია. საქართველოში ჩვენ – ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – განვახორციელებთ საინფორმაციო სარეკლამო ღონისძიებებს. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, აქ უკვე ავტორიტეტული ფრანგული PR კომპანია „სოპექსა“ დაგვეხმარება, რომელსაც აგრო სექტორში მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე წარმატებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ღვინის ასოციაციასთან ერთად, განახორციელებს ქართული ღვინის რეკლამირებასა და სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობებს ჩვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ ქვეყნებსა და ბაზრებზე.

Amazon.com-ის დამფუძნებლის 10 სიტყვა, რომელიც თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ

…და რა არის შენთვის მეგობრობა? – საქართველოს ბანკის კამპანია #მეგობრობაარის