„მოდი, ვცდი“ – ბორენა ცერცვაძის ყოველი ახალი ნაბიჯი ამ ორი სიტყვით იწყებოდა. პროფესიით იურისტმა ვარჯიში პირველად 26 წლის ასაკში დაიწყო. 28 წლისამ გადაწყვიტა MMA მებრძოლი გამხდარიყო – იმ ასაკში, როცა ჩვეულებრივ, სპორტულ კარიერას ასრულებენ ხოლმე. MMA-მდე იყო კრივი, სამბო, ჯიუ-ჯიცუ და რაგბიც კი. ევროპის ჩემპიონიც გახდა ორჭიდში. დღეს, პირველი ქართველი ქალია, რომელიც პროფესიონალ მებრძოლთა ლიგა PFL-მა აშშ-ში მიიწვია კონტრაქტით. გზა, პირველი ვარჯიშიდან ლას-ვეგასამდე, წინააღმდეგობებით იყო აღსავსე. მის გარშემო თითქმის ყველა – ოჯახის წევრებიდან დაწყებული, სპორტული წრეებით დამთავრებული – უმტკიცებდა, რომ ეს სპორტი ქალის საქმე არ არის და არაფერი გამოუვიდოდა. ის კი იურიდიული კარიერიდან მთლიანად სპორტში გადაეშვა. სულ ცოტა ხნის წინ, სტაბილური სამსახური დატოვა და აშშ-ში, მერაბ დვალიშვილისა და სხვა ქართველი მებრძოლების მხარდაჭერით, ლას-ვეგასში გადაინაცვლა.
„ერთხელაც, ლას-ვეგასში, დარბაზში შესულს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი თავად მოვიდა ჩემთან და სპარინგ პარტნიორად დამიდგა. უცნაური განცდაა, სულ მახსენდება, როგორ მეუბნებოდნენ საქართველოში, რომ არაფერი გამომივიდოდა და სპარინგშიც არავინ დამიდგებოდა,“ – გვიამბო ბორენა ცერცვაძემ.
M: ბორენა, პროფესიულ სპორტში, როგორც წესი, ბავშვობიდან მოდიან, შენ კი MMA-ში 28 წლის ასაკში, სრულიად სხვა სფეროდან – იურისპრუდენციიდან აღმოჩნდი. როგორ აღმოჩნდა შემდგარი იურისტი ძალისმიერ სპორტში?
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სპორტსმენი გავხდებოდი. ბავშვობიდან ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია და იურისპრუდენცია მაინტერესებდა, თუმცა ოჯახის რჩევით იურიდიული ავირჩიე. 18 წლის ასაკში ჯარში წასვლაც კი მინდოდა, რაზეც მამაჩემმა კატეგორიული უარი მითხრა. ამიტომ სისხლის სამართლის განხრით წავედი, გავიარე სტაჟირებები „42-ე მუხლში“, პატიმრებთან მქონდა შეხება, სასამართლოშიც ვმუშაობდი და მოგვიანებით მაგისტრატურაც დავამთავრე.
სასამართლოდან წამოსვლის შემდეგ Crystalbet-ში დავიწყე მუშაობა იურისტად, თუმცა ოფისის ერთფეროვნებას ჩემი ენერგია ვერ ეგუებოდა – ნახევარი დღეც ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას.
ვარჯიში ძალიან გვიან დავიწყე – 26 წლის ვიყავი, როცა დარბაზში მივედი პირველად. ჩემს დებთან ერთად რომ შევედი, მწვრთნელმა შემომხედა და თქვა, ამან რომ ვარჯიში დაიწყოს, ერთ თვეში თავს დაანებებსო. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა. პირიქით მოხდა – ვარჯიში დებმა ერთ თვეში მიატოვეს, მე კი სამსახურის პარალელურად ვაგრძელებდი.
M: აშშ-ში მერაბ დვალიშვილის ლას-ვეგასის ქემფში მოწინავე მებრძოლებთან ერთად ვარჯიშობ, მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ორგანიზაციის PFL-ის ფარგლებში ბრძოლისთვის ემზადები, თუმცა, აქამდე დიდი გზა გაიარე – როგორ დაიწყო შენი საშეჯიბრო კარიერა?
2018 წელს, ერთ-ერთი ვარჯიშისას, მწვრთნელმა გამომცადა და პირდაპირ 130-კილოგრამიანი შტანგა დამიდო ჩაჯდომისას. ჩავჯექი და ავდექი. მაშინვე მითხრეს, ერთ თვეში საქართველოს ჩემპიონატია ორჭიდში და მიიღე მონაწილეობაო. კარგი, ვცდი-მეთქი და ასე გადაიკვეთა ჩემი და ძალისმიერი სპორტის გზები. ჩუმად მოვემზადე, მარტო ჩემმა მეგობარმა იცოდა. სახლში რომ ვამბობდი, ჩემპიონი უნდა გავხდე-მეთქი, ხუმრობად აღიქვამდნენ. შეჯიბრებაზე რომ მივედი, ირანელი სპორტსმენები დამხვდნენ – დაკუნთულები, სათანადოდ მომზადებულები. შემეშინდა, სად მოვხვდი-მეთქი და უკან გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ შევედი და ვიასპარეზე. სახლში მედლებითა და სერტიფიკატით რომ მივედი, არავის სჯეროდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდი.
მეორე დღეს კი მწვრთნელმა დამირეკა – ზუსტად ერთ თვეში, 2020 წლის დასაწყისში, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ინიშნებოდა. 70%-ს სახელმწიფო აფინანსებდა, 30% თვითონ უნდა მეშოვა. ჩემს უფროსს დაველაპარაკე სამსახურში, დირექტორთან შემიყვანა და კომპანიამ არა მხოლოდ დამიფინანსა წასვლა, არამედ სახარჯო თანხაც დამიმატა.
M: ერთი პერიოდი, მორაგბეც იყავი…
2020 წლის 15 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასაფრენად აეროპორტში რომ მივედით, საზღვრები ჩაიკეტა და გვითხრეს, ვერ გაგიშვებთო. ძალიან რთული მომენტი იყო, თუმცა მალევე გავიაზრე, რომ ეს პერიოდი უკეთ მოსამზადებლად უნდა გამომეყენებინა. სარდაფში მამაჩემის ძველი, დაჟანგებული შტანგა ვიპოვე და ვარჯიში განვაგრძე. წყნეთში სირბილის სივრცე რომ აღარ მყოფნიდა, თბილისში ჩამოვდიოდი, კუს ტბაზე ავრბოდი და უკან ფეხით ვბრუნდებოდი.
იმ პერიოდში ჩემმა მეგობარმა მორაგბე გამაცნო, რომელმაც ქალთა რაგბის გუნდში მისვლა შემომთავაზა. „ლოკომოტივის“ გოგონათა გუნდში დავიწყე ვარჯიში. თავიდან უკონტაქტო თაჩ-რაგბის ვთამაშობდით, პირველივე ფესტივალზე უვარჯიშოდ ორი-სამი ლელო დავდე. მერე კონტაქტურ რაგბიზე გადავედი – დაახლოებით სამი თვე ვითამაშე და სანამ დაჯახებები არ გამოვცადე, მისი ნამდვილი გემო ვერ გავიგე.

M: იშვიათია ქალი ერთდროულად რამდენიმე პროფესიულ სპორტში, თუნდაც – მძიმე წონაში, რაგბიში, სამბოში, MMA-ში – თუ აწყდებოდი წინააღმდეგობას გარემოცვისგან?
გარემოცვა ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამდა. ეგონათ, რომ უბრალოდ ვხუმრობდი ან დროებითი გატაცება იყო, რადგან ოჯახში სპორტსმენი არავინ გვყავდა და სულ სხვა სფეროში ვიყავი შემდგარი სპეციალისტი. ჩემი მიზნებისაც არ სჯეროდათ, ბევრი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ მალე თავს დავანებებდი და არაფერი გამოვიდოდა.
როცა ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად ვემზადებოდი, ჩემმა ძმამ რომ მითხრა, თუ გაიმარჯვებ, მუსიკოსებით დაგხვდები აეროპორტშიო. მოვიგე და თბილისში ჩამოსულს, აეროპორტში მთელი ოჯახი, დედმამიშვილები, ძმისშვილები და მეგობრები დამხვდნენ მუსიკოსებთან ერთად, საზეიმოდ „დაისი“ დაუკრეს და იქ ვიცეკვე. ამ გამარჯვებამ და გარემოცვის სკეპტიციზმის დაძლევამ იმდენად დიდი მუხტი მომცა, რომ დარბაზში დაბრუნებულმა მწვრთნელს ვუთხარი, გალიაში უნდა შევიდე, MMA-ში მინდა ვიჩხუბო-მეთქი.

M: რაგბისა და ძალისმიერი ორჭიდის შემდეგ, როცა შენს ცხოვრებაში MMA გაჩნდა. რა სტერეოტიპებთან და ოჯახურ წინააღმდეგობებთან მოგიწია დაპირისპირება ამ ნაბიჯის გადადგმისას?
მეგობარს რაგბიზე ვუყვებოდი და უცებ მითხრა, MMA ხომ არ გეცადა, ფიზიკური მომზადება და გამძლეობა გაქვს, ტექნიკას ისწავლიო. საქართველოში სულ სამი-ოთხი გოგო ვიყავით, მეტოქის მოძებნაც ჭირდა. როცა მოსამზადებლად მივედი, მითხრეს, გოგონების ჯგუფი არ გვყავსო, ვუთხარი, ბიჭებთან ვივარჯიშებ-მეთქი. გამოსაცვლელი ტანსაცმელი მქონდა, საათ-ნახევარი მავარჯიშეს გამძლეობაზე და ვერ დამღალეს.
პირველი MMA ბრძოლა 2021 წელს ბათუმში მქონდა. ყველა მეუბნებოდა, მაგრად გცემენ, არ შეხვიდე გალიაშიო. ჩემს მოწინააღმდეგეზე ამბობდნენ, ბავშვობიდან ძიუდოისტია და უეჭველად მოგიგებსო. გავბრაზდი. ტექნიკურად საშინელი ბრძოლა იყო, მაგრამ ტექნიკური ნოკაუტით მოვიგე. იმავე წლის დეკემბერში მეორე ბრძოლაც ჩავატარე და ისიც მოვიგე.
თუმცა, MMA-ს გარდა, კრივიც მიცდია, ჯიუ-ჯიცუც და სამბოც.

M: ამ ყველაფრის პარალელურად, მუშაობდი – როგორ ახერხებდი სამსახურის პასუხისმგებლობებისა და პროფესიული სპორტის მკაცრი რეჟიმის თანხვედრას?
სანამ პანდემია იყო, დისტანციურად ვმუშაობდი – ლეპტოპი სულ ჩანთაში მედო. თუ ვინმესთან შეხვედრა მჭირდებოდა, ქალაქში ვხვდებოდი. შეჯიბრებების დროს კი ყოველთვის შვებულებას ვიღებდი. შვებულებას დასასვენებლად არასდროს ვიყენებდი, მთლიანად სპორტს ვუთმობდი.
M: რამდენად რთულია, გქონდეს იურისტის კარიერა და ამავდროულად, იყო პროფესიონალი მებრძოლი ჩვენს რეალობაში, რა დაბრკოლებებს აწყდებოდი?
ძალიან რთულია. როცა ჰობიდან პროფესიულ დონეზე გადადიხარ, თან შემდგარი იურისტი ხარ, უამრავ სტერეოტიპს ეჯახები – რა უნდა ქალს სპორტში? ქალის ადგილი სამზარეულოშია! წადი, ყავა დალიე და გათხოვდი. ეს აგრესია პირდაპირი არ იყო, უფრო – ზურგს უკან ლაპარაკი და ბულინგი, ხუმრობანარევი ზეწოლით.
პროფესია ძალიან დამეხმარა, რადგან ხელშეკრულებებს ზედმიწევნითი სიზუსტით ვუყურებდი და მარტივად დასამორჩილებელი არ ვიყავი. ფინანსურადაც დამოუკიდებელი გახლდით. ამის გამო ბრძოლებსაც მიბლოკავდნენ – მეუბნებოდნენ, შენ ვერ იჩხუბებ, თუ მე არ მოვინდომე, საერთოდ არაფერს წარმოადგენო. ორწლიანი პაუზა მქონდა, რადგან საზღვარგარეთაც მეტოქეები რეკორდის გაფუჭებას ერიდებოდნენ და ბრძოლები მიუქმდებოდა.

M: თუ გახსენდება ვინმე, ვისგან მიღებული მოტივაციაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა?
დედაჩემი იყო ჩემი დიდი საყრდენი. სულ მეუბნებოდა, მთვარეზე რომ გაფრინდე, ეგეც არ გამიკვირდებაო. დედა რომ გარდაიცვალა, ჩემმა ძმამ მითხრა, ახლა მაინც დაანებე თავიო, მაგრამ სწორედ მაშინ გადავხარშე ბევრი რამ – ადამიანის ცხოვრება ხანმოკლე ციკლია და რატომ არ უნდა გავაკეთო ის, რაც შემიძლია? შემიძლია ვიყო ქალი, ვიყო მებრძოლი, ვიყო მეოჯახე და თან ვისწავლო კიდეც.
ჩემი პატარა ძმისშვილიც დიდი მოტივაციაა – კრივში რომ წავაგე, მითხრა, მეგონა, მოტივაცია დაგეკარგებოდაო. ვუთხარი, რომ არასდროს დავნებდებოდი. ახლა თვითონაც ჩართულია სპორტში და სულ მეუბნება, ჩემი შთაგონება ხარო. სოციალურ ქსელში ბავშვებიც მწერენ ხოლმე და ყოველთვის ვეუბნები – სწავლას თავი არასდროს დაანებოთ, განათლების გარეშე სპორტში ნული ვიქნებოდი-მეთქი.
M: საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ხშირად დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. როგორ დაიწყო შენი თანამშრომლობა PFL-თან?
4:0 რეკორდის შემდეგ უცხოელი მენეჯერები დამიკავშირდნენ. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლამდე მოსამზადებლად ალიკანტეში, თოფურიების დარბაზში ვიყავი შეკრებაზე, სადაც ალექსანდრე და გურამ თოფურიები გავიცანი.
ამის შემდეგ PFL-მა ევროპის ტურნირებზე ბრძოლა შემომთავაზა. იმ პირობით დავთანხმდი, რომ პერსპექტივაში UFC-ში ბრძოლაც შემეძლოს. 2025 წელს გავაფორმე მათთან კონტრაქტი. პარიზში უნდა მეჩხუბა. წონა დავიკელი, სამსახურში შვებულება ავიღე, გულშემატკივრებმა ბილეთები იყიდეს და ბრძოლამდე ორი კვირით ადრე მთელი ივენთი გაუქმდა. უმოქმედოდ რომ არ ვყოფილიყავი, BJJ სამბოს მსოფლიო თასზე გამოვედი და ბრინჯაოს პრიზიორი გავხდი – პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც სამბოში ეს მედალი აიღო.
ისე მოხდა, რომ PFL-მა ევროპის ნაცვლად, პირდაპირ აშშ-ში ჩამინიშნა ბრძოლა. საბუთების მომზადების პროცესი საკმაოდ რთული იყო. ჩემს მწვრთნელს აშშ-ის ვიზაზე უარი უთხრეს, რადგან პრეცედენტი არ ჰქონდათ, რომ მებრძოლი და მწვრთნელი ცალ-ცალკე შესულიყვნენ. მარტოს მომიწია გამგზავრება. ენაც კარგად არ ვიცოდი და დარბაზიც არ მქონდა. მერაბ დვალიშვილს მაშინ მივწერე. ეგრევე მიპასუხა, არ ინერვიულო, ბიჭებს ახლავე დავუკავშირდები და დაგეხმარებიანო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლევან ჩოხელს, ბექა ლაშხიას და ზვიად ლაზიშვილს, რომლებიც ყველაფერში გვერდით მიდგანან დღესაც. ამერიკაში გოგონების მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება დამხვდა. ჩიკაგოში უცხო დარბაზში (the Q) რომ შევედი და ვთქვი, 10 დღეში ბრძოლა მაქვს-მეთქი, მითხრეს, ჩვენთან ასეთი პროფესიონალები იშვიათად მოდიან, სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებითო.
M: სტაბილური იურიდიული სამსახურის დატოვება და ლას-ვეგასში სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება რისკიანი ნაბიჯია. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი ბიძგი?
ჩიკაგოს შემდეგ. კერძო მწვრთნელებთან დავიწყე ვარჯიში. მალევე მეორე ბრძოლა ჩამენიშნა ამერიკაში. სამი კვირით ადრე ჩამოვედი ლას-ვეგასში, გავიარე მოსამზადებელი კემპი Syndicate-ში, ვვარჯიშობ დარბაზში The Q სადაც ქართველები – ლევან ჩოხელი, ბექა ლაშხია და ზვიად ლაზიშვილი ვარჯიშობენ. ბიჭებმა მითხრეს, გამოცდილებას ამერიკა მოგცემს, უნდა გადაწყვიტო – ან აქ ჩამოხვიდე და ივარჯიშო, ან საქართველოში დარჩეო. მივხვდი, რომ თუ შედეგი მინდოდა, აქ უნდა ვყოფილიყავი. სამსახურიდან წამოვედი, იურიდიული კარიერა დროებით გვერდზე გადავდე, ზუსტად სამ დღეში მივიღე გადაწყვეტილება და ლას-ვეგასში გადმოვედი. სამწლიანი ვიზა მაქვს და მთლიანად აქ ვარ.
აქ ვემზადებოდი ბრძოლისთვის, The Q-სა და UFC-ის Performance Institute-ში, სადაც მსოფლიო დონის ათლეტებთან ერთად ვვარჯიშობ და ყველა საჭირო რესურსი მაქვს პროფესიული ზრდისთვის. ლევანი, ბექა და ზვიადი მაქსიმალურად მეხმარებიან, რაც უფრო უფრო მიმარტივებს გზას მიზნისკენ.
დღეს, ამერიკულ PFL-ში პირველი ქართველი ქალი ვარ, ვინც პირდაპირ საქართველოდან წამოვიდა და ამერიკაში გამოდის. მანამდე სხვასაც ჰქონდა ერთბრძოლიანი კონტრაქტი PFL-ში, თუმცა ეს ევროპაში იყო, მე პირველი ვარ, ვინც შტატებში კონტრაქტით ჩამოვიდა.
ჩემს პიროვნულ ზრდასა და სპორტულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშემა ჩემმა პროფესიამ და სამსახურმა, რომელიც პარალელურად ზურგს მიმაგრებდა და ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება ჩემს მიზნამდე მისვლაში, გზაზე სადაც დიდ დაბრკოლებებს ვაწყდები.
M: წაგება პროფესიონალური სპორტის ნაწილია. როგორ იკრებ ძალებს მარცხის შემდეგ?
წაგებას ყოველთვის მოტივაციად ვაქცევ. ხშირად წაგებას მოგებაზე უკეთესი გემოც კი აქვს, რადგან საკუთარ შეცდომებს მკაფიოდ გაჩვენებს. ჩიკაგოს წაგების მერე ბიჭები მეკითხებოდნენ, დეპრესიაში ხომ არ ხარო. რა დეპრესია – ეგრევე დარბაზში მივედი ლევან შაიშმელაშვილთან და ვარჯიში გავაგრძელე. როცა იცი, რაზე გაქვს სამუშაო და მინუსებს გამოასწორებ, შედეგს აუცილებლად დადებ.
M: როგორ ხედავ შენს სპორტულ მიღწევებს და თუ გეგმავ იურისტის პროფესიაში დაბრუნებას სამომავლოდ?
28 წლისამ დავიწყე აქტიური MMA და ახლა 33 წლის ვარ. ბევრი ამ ასაკში თავს ანებებს, მე კი საპირისპირო დავამტკიცე – არსაიდან მოვედი და უდიდესი გზა გავიარე. რამდენიმე წელი მაქვს დარჩენილი და მინდა, უახლოესი 6 წლის მანძილზე, ერთი ბრძოლა მაინც ჩავატარო UFC-ში, დავამსხვრიო ყველა სტერეოტიპი ქალების შესახებ. UFC-ში მოსახვედრად, მომდევნო ბრძოლები კარგად უნდა ჩავატარო და მოვიგო, რომ თავად ორგანიზაციამ შემამჩნიოს. ვფიქრობ, ამერიკული კემპი, საზოგადოება სადაც განვითარებას ვაგრძელებ და უფრო მეტი შრომა პატარა ნაბიჯებით მიმიყვანს ამ დიდ მიზნამდე. პარალელურად, იურიდიულ სფეროში სწავლასა და განვითარებას გავაგრძელებ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











