15
Oct
2016

ბორის აკუნინის შეხვედრა მკითხველთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება

15 Oct 2016

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი), შეხვედრა მკითხველთან.

მწერალთან შეხვედრა საჯარო და თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა 250 ადამიანამდეა შეზღუდული.

შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. სამუშაო ენა ინგლისურია, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

Boris Akuninშეხვედის მოდერატორია ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი, მაია ჯაგი.

შეხვედრის დასასრულს, ბორის აკუნინს (გრიგოლ ჩხარტიშვილი) მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ბორის აკუნინის შესახებ

გრიგოლ ჩხარტიშვილი, ცნობილი რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი. ის 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს-იაპონიის მცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან, გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ 2013-იდან დღემდე).

პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული.

მაია ჯაგის შესახებ
მას განათლება მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, არის მრავალი ჯილდოს მფლობელი. მაია ჯაგის ავტორიბით, სტატიები ქვეყნდება Financial Times-სა და the Guardian-ში. მას აქვს ინტერვიუ აღებული ლიტერატურის სფეროს 12 ნობელიანტისგან და არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის (მაგ: Dublin Impac Prize, Man Asian Literary Prize in Hong Kong) ჟიურის წევრი/თავმჯდომარე.

თარიღი: 18 ოქტომბერი; დრო: 19 საათი;
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (B 202 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზ. #32)

განხილვა