28
Sep
2017

„ბორჯომის“ ახალი ვიდეორგოლი და კომპანიის CSR პლატფორმა 2000 წლიდან – დღემდე

28 Sep 2017



ვიდეორგოლი „ბორჯომი გულშემატკივარი” კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კამპანიის ნაწილია. როგორც თავად ამბობენ, შედეგებზე საუბარი CSR პლატფორმის 17 წლიანი არსებობის შემდეგ გადაწყვიტეს. მიაჩნიათ, რომ კარგი მაგალითი, შესაძლოა, სხვა კომპანიებისთვისაც ინსპირაციის წყარო გახდეს. სწორედ ამ მიზნით გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელზეც „ატომ სტუდიომ” იმუშავა, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი თემო ეზუგბაია და სოფო როსტომაშვილი არიან.

 

 

“ფილმზე მუშაობისას დავინახეთ, როგორ მიეცათ ბავშვებს შესაძლებლობა, სწავლისას ჰქონოდათ მეტი მოტივაცია და როგორ აისახა ეს მათი საერთო განათლების დონეზე. განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი იყო იმ ადამიანების მონაყოლი, რომლებიც ამ სტიპენდიას  17 წლის წინ იღებდნენ,  როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა და რეგიონებში ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. ბევრი მათგანისთვის ეს შესაძლებლობა მართლა გადამწყვეტი აღმოჩნდა”, – ამბობს ვიდეორგოლის რეჟისორი  თემო ეზუგბაია.

რაც შეეხება, „IDS ბორჯომი საქართველოს” კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას, განხორციელებულ პროეტებზე და ზოგადად, CSR პლატფორმის მნიშვნელობას,  „მარკეტერი” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნიცა ჩოლოყაშვილს ესაუბრა:

„სოციალური პროექტებზე 2000 წლიდან ვმუშაობთ. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ამ თემების, ასე ვთქვათ, „ქეისებად” წარდგენა 2017 წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ. ვფიქრობთ, პროექტმა რაღაც პერიოდი უნდა იცხოვროს, განვითარდეს, დადოს გარკვეული შედეგი და მერე გახდეს საჯარო. ჩვენ CSR პროექტებს სამი მიმართულებით ვარჩევთ. ეს არის განათლება, მომავალ თაობებზე ზრუნვა – სტიპენდიანტებისა და ბორჯომის ტრენინგ ცენტრის პროექტები; გარემოს დაცვა – ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი და სპორტი –  პარტნიორობები კალათბურთის, რაგბის, ფეხბურთის და სათხილამურო ფედერაციებთან.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და ტყეების აღდგენა ბუნებრივად გახდა ჩვენი მიმართულება. მოგეხსენებათ, კომპანიის მინერალური წყლის საბადოები და ჩამომსხმელი ქარხნები  ბორჯომის რაიონში მდებარეობს. ამიტომ გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე იმ გარემოს მიმართ, სადაც უშუალოდ ვმუშაობთ. პირველივე დღიდან ჩართულები ვიყავით ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში. „ბორჯომმა“, თიბისი ჯგუფთან ერთად, აიღო 10 ჰექტარი გადამწვარი ტერიტორიის აღდგენის ვალდებულება. მანამდე ვაწარმოებდით და შემდგომაც გავაგრძელებთ გეგმიურ დარგვებს პლატოს ტერიტორიაზე, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას ემსახურება. რაც შეეხება განათლებას, CSR პლატფორმის ერთ-ერთ მიმართულებად იმიტომ ავირჩიეთ,  რომ მიგვაჩნია, წარმატებულ ქვეყანას მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები ქმნიან. ჩვენ კი  ჩვენი რესურსებით, როგორც შეგვიძლია ვეხმარებით მათ ამ საქმეში. გვაქვს სტიპენდიანტების პროგრამა, რომელიც მარჩენალდაკარული ოჯახების წარჩინებულ ბავშვებს ეხმარება.

ეს პროექტი 2000 წლიდან არსებობს. 2012 წელს კი ბორჯომში ტრენინგ ცენტრი დავაფუძნეთ, რომელიც ბორჯომსა და მის შემოგარენში არსებულ მოზარდებს ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. არაფორმალური განათლების ცენტრი სთავაზობს მოზარდებს: კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, მათემატიკის, უნარების კურსებს. აქვე არის სხვადასხვა წრეები: თექა, დრამის წრე, ეკო. კლუბი და ა.შ. სწავლა ჩვენს ცენტრში უფასოა. პროექტს სრულად აფინანსებს IDS ბორჯომი საქართველო. ეს პროექტი საქართველოში უპრეცედენტოა. რაც შეეხება სპორტს – უკვე ბევრი წელი გვაკავშირებს სპორტის ამ სახეობებთან და ეროვნულ ნაკრებებთან. ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ გატანას ემსახურებიან. CSR პლატფორმა გავაკეთეთ ფბ გვერდზე – „ბორჯომი გულშემატკივრის” სახელით. ასევე, მალე ჩაეშვება ჩვენი ვებ გვერდი, რომლის საშუალებითაც ვეცდებით ხელი შევუწყოთ ავამაღლოთ ცნობიერება გარემოს დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების საკითხებში.

M: რა მნიშვნელობა აქვს თქვენი კომპანიისთვის CSR პლატფორმას?

მნიშვნელოვანია, ზოგადად, SCR პლატფორმის განვითარება ქვეყანაში, რადგან კარგი მაგალითებით იქმნება უფრო კარგი პრეცედენტები. აუცილებელია, როგორც დიდმა, ასევე მცირე ზომის კომპანიებმა წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.

M: რა გავლენას ახდენს CSR პლატფორმა კომპანიაზე?

ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელზე მუშაობაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს თითოეულ ჩვენგანს. ერთის მხრივ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე კეთდება,  რომელიც ძირეულად ცვლის თემის ცხოვრებას, მეორეს მხრივ კი მართალია, კომპანიას უყალიბდება რეპუტაცია, რომელიც ზრუნავს იმ გარემოზე სადაც აწარმოებს თავის საქმიანობას.

M: CSR პლატფორმის ერთერთი მთავარი კომპონენტი არის ის, რომ  ბენეფიციარები დამოკიდებულნი არ იყვნენ ერთჯერად დახმარებაზე. მათთვის განხორციელებულ პროექტებს სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება და საქმიანობა.

როდესაც ამ პროექტებს ვქმნიდით, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ზუსტად ეს იყო. ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა სწორედ ამას ემსახურება, მისცე ადამიანს შანსი, უკეთესად დაგეგმოს და ააწყოს საკუთარი ცხოვრება, გახდეს კიდევ უფრო უკეთესი, დაინახოს შესაძლებლობები და გამოიყენოს მიღებული ცოდნა საკუთარი თავის, ოჯახისა და  ქვეყნის სასარგებლოდ.

განხილვა