130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს და აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე აკეთებს.
ვიდეორგოლი „ბორჯომის“ შესახებ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.
წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ „ბორჯომი“ იუვენილური წარმოშობის წყალია, რომლის შემადგენლობაშიც 60-ზე მეტი სასარგებლო მინერალია. სწორედ წყლის უნიკალური შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები გახდა ახალი კამპანიის საფუძველიც.
მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა – ეს ახალი კომუნიკაციის მთავარი გზავნილია, ვინაიდან „ბორჯომის“ წყალი აცოცხლებს სხეულს, გონებასა და სულს.
ვიდეორგოლი ევროპულმა კრეატიულმა სააგენტო Virtue-მ საქართველოში, კერძოდ კი, ბორჯომის ხეობაში, მარტვილის კანიონში, ზღაპრულ პრომეთეს მღვიმესა და თბილისში გადაიღო. გადაღებებში ასევე მონაწილეობდა ქართული სარეკლამო სააგენტო ენკენი.
ნამუშევრის მთავარი გმირი, მოდელი ლიკა რიგვავაა, დიზაინერი – იკა ბობოხიძე. ზღაპრულ გარემოში ბრენდი კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ, სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შექმნილი მუსიკის ფონზე გვამოგზაურებს.
ვიდეორგოლში მხატვრული ელემენტები და ქართული სიმბოლოებიცაა გამოყენებული. ბოლნისის ჯვრის ფორმაზე დაყრდნობით, სპეციალური სიმბოლო-ორნამენტი შეიქმნა, რომელიც საქართველოს დროშაზეცაა დატანილი. სიმბოლო-ორნამენტი ერთმანეთში „ბორჯომის“ წყაროს, ქართულ იდენტობასა და ირემს აერთიანებს, როგორც „ბორჯომის“ სიმბოლოს.
იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდის ქართული იდენტობა კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, კომუნიკაციის ტიპოგრაფიაში „ბორჯომი“ ქართულ მხედრულ დამწერლობას სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობასთან აერთიანებს.
ვახტანგ ანთაძე, ბრენდ „ბორჯომის“ გლობალური დირექტორი: „ბრენდი „ბორჯომი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება. იმისათვის, რომ ჩვენს გლობალურ ზრდას ფეხი ავუწყოთ, ფიქრი ახალ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დავიწყეთ და მივხვდით, რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვაქვს, ახალ კამპანიაში ამ უნიკალური წყლის აღმოჩენის ისტორია გამოვიყენოთ.
როდესაც ბრენდსა და მის ახალ კომუნიკაციაზე ფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, წარსულში დაბრუნდე, გაიხსენო ბრენდის ისტორია, გაითვალისწინო, რამ გახადა ის წარმატებული და იგივე სათქმელი მომხმარებლამდე ახლებურად და რელევანტური გზით მიიტანო.
ევროპულ კრეატიულ სააგენტო Virtue-თან ერთად ვიმუშავეთ კამპანიაზე და გადავწყვიტეთ, კომუნიკაციაში ხაზი გაგვესვა ბრენდის ქართულ იდენტობაზე, რომელიც ჩვენთვის საამაყოა. „ბორჯომი“ ქართული იდენტობისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ კამპანიაში „ბორჯომის“ წყლის შთამბეჭდავ ლეგენდას მოგითხრობთ, რომელსაც, პირველ რიგში, ქართველი მომხმარებელი იხილავს, ხოლო მოგვიანებით კამპანია ეტაპობრივად ჩაეშვება ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში“, – გვიხსნის ვახტანგ ანთაძე.
ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი: „ბორჯომთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს, რის გამოც განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის სამუშაო პროცესი. მთავარი ამოცანა იყო, რამდენიმე წამში მეჩვენებინა ჩვენი ეროვნული იდენტობა. მინდა, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს წარმოდგენა შეექმნას არა მხოლოდ „ბორჯომზე“, არამედ მთელ საქართველოზე, როგორც „ბორჯომის“ სამშობლოზე. მუსიკის პირველ ეპიზოდში ლელა თათარაიძის სიმღერიდან „სამშობლო“ – რამდენიმე წამი გამოვიყენე, მეორე ნაწილი კი უკვე სპეციალურად „ბორჯომისთვის“ შევქმენი. მუსიკის სიმფონიური ნაწილი საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა. ელექტრონულ ნაწილზე გიორგი შამანაურმა იმუშავა“, – განმარტავს ნიკოლოზ რაჭველი.