17
Oct
2018

„ბორჯომის გმირები“ და 1850 ახალი ნერგი

17 Oct 2018

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე კავკასიური ფიჭვის 1850 ნერგი დაირგო. ღონისძიება 13 ოქტომბერს გაიმართა და მისი ინიციატორი მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომია“. ნერგების დარგვის შემდეგ, სპეციალური ცერემონია მოეწყო, სადაც დააჯილდოვეს ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 2017 წლის ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობისა და გაშუქების პროცესში მონაწილეობდნენ.

„ბორჯომი“ არის ინიციატორი ბორჯომის გმირების ნომინაციისა, რომელიც იქნება ყოველწლიური და გამოავლენს და დააჯილდოვებს იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი და თავიანთ წვლილს შეიტანენ ბორჯომის პრობლემების მოგვარებაში. წელს, ამ წოდებით, ის პირები და სამსახურები დავაჯილდოვეთ, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავიანთ პიროვნულ, თუ პროფესიულ მოვალეობას ბორჯომის ხანძრის დროს“, – გვიყვება IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ნიცა ჩოლოყაშვილი.

საჯარო და კერძო კომპანიები თანხმდებიან, რომ ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა. 13 ოქტომბერს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდნეტები თუ ბავშვები ერთად რგავდნენ ნერგებს. მათ შორის იყვნენ 112-ის თანამშრომლებიც.

„ტყის აღდგენისა და მისი შენარჩუნების პროცესში კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქციის ფარგლებში ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე  1850 კავკასიური ფიჭვის  ნერგი დაირგო. ამ მნიშნელოვან საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანეთ ჩვენც, 112-ის თანამშრომლებმა..“ – აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორმა – ნიკა გელაშვილმა.

ღონისძიება კამპანია „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარის“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება. მინერალური წყლის ბრენდის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში, მოხერხდა 3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 7500 ნერგი. აღნიშნული კამპანია  „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ნაწილია. მის მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს.

ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს,  სწორედ, ამას ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე, განვახორციელოთ მოვლა-პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ აქტივობებში და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ.  წელს, აგვისტოს ხანძრის ერთი წლის თავზე მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან, ვინც თავი არ დაზოგა და ზოგ შემთხვევაში გაწირა კიდეც  იმისათვის, რათა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ტყე,“ – განაცხადა კომპანია IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ, ადამიანებსა და სამსახურებს, რომლებმას წელს „ბორჯომის გმირის“ წოდება მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ხანძრის ჩაქრობისას დაღუპული რეინჯერი – ივანე კუპრაძე, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა თემო გელაშვილი იყო. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემოს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა შიშველი ხელებით ცდილობდა ცეცხლთან ბრძოლას.

ასევე, „ბორჯომის გმირის“ ჯილდო მიიღეს სამსახურებმა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მოხალისეებმა: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი – „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები. ფოტოგრაფმა გიორგი კაკულიამ. ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურებმა და მათმა სამუშაო ჯგუფებმა: “რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის “მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია“.

განხილვა