Facebook ახალ რეკლამაში აქცენტს მომავალ დედებსა და იმ ბავშვებზე აკეთებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში იბადებიან.
სააგენტო Droga5-თან თანამშრომლობით, შეგროვდა პანდემიის პერიოდში დაბადებული ადამიანების ძველი თუ ახალი კადრები. მათ შორისაა 100 წლის ანიტა სემპსონიც, რომელიც 1920 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ მაშინ, მსოფლიოში 1918 წლის „ესპანური გრიპი“ რომ მძვინვარებდა.
„კარანტინის დროს დავიბადე“, – ამბობს ის. „რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ დედასგან ვიცი, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. მითხრა, რომ ძალიან ბევრი თვის განმავლობაში, მხოლოდ მე და ის ვიყავით ერთად. თუმცა ის არ იყო მარტო. მის გარშემო, ყველა ცდილობდა, გაეკეთებინა ის, რაც შეეძლო. გარდა ამისა, დედა ძალიან ძლიერი იყო. პანდემია დამთავრდა. ჩვენ ახალ სამყაროში გამოვედით. დედა და მე. ჩვენ ეს გადავლახეთ. ჩვენ ყველას გვაქვს ამის ძალა. 100 წლის ვარ და სასწაულის უნდა დაიჯეროთ“, – ანიტა სემპსონი.
რეკლამაში, ასევე, ნაჩვენებია 1918 წლის კრიზისში დაბადებულების ფოტოები არქივიდან. გარდა ამისა, ვიდეორგოლში მონაწილეობს დანიაში დაფუძნებული მოდისა და დიზაინის კომპანიის შემქმნელი, მონა ომარი, რომელიც ვაჟს ელოდება და ემა სოფი პეტერსენი, რომელმაც ახლახან გააჩინა გოგონა.
ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებს მოუწიათ დედებსა თუ მათ მშობლებთან თანამშრომლობა, რომ სცენები სახლებსა და სამშობიაროებში გადაეღოთ.
„პანდემიის პერიოდში მილიონიობით ქალმა იმშობიარა. ხშირად ისინი მარტო იყვნენ – მშობლების, ოჯახის წევრების გარეშე“, – ამბობს Droga5-ის გლობალური CEO, სარა თომპსონი. „როგორც დედისთვის, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რას გრძნობდნენ ეს ქალები ამ დროს. Facebook-ს უნდოდა, რომ ყველა ამ დედისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა“.
ახალი ნამუშევარი გვაცნობს „ფეისბუკის“ ახალ Parent Support Hub-ს. კომპანიის წინა რეკლამა ბრენდის Community Help პლატფორმას ეძღვნებოდა.