ამერიკული აუდიოაქსესუარების მწარმოებელი კომპანია Bose-ის დაკვირვებით, ადამიანებს ძალიან მოსწონთ სათვალეები, რომლებშიც დინამიკებია ინტეგრირებული. ამ დაკვირვების კვალდაკვალ, კომპანიამ დღეს სამი ახალი დიზაინის სათვალის ჩარჩო წარადგინა. ორი მათგანის (სახელად Tenor და Soprano) შექმნისას მოდის ტენდენციებია გათვალისწინებული, მესამე კი გაცილებით სპორტული მოდელია. მას Tempo ჰქვია და გათვლილია სპორტული აქტივობებისთვის, მათ შორის, ველოსიპედის ტარების, ან სირბილის დროს გამოსაყენებლად. სამივე მოდელი 249 დოლარი ღირს და უკვე ხელმისაწვდომია.

თითოეულ მოდელს აქვს პოლარიზებული ლინზები, რაც ულტრაიისფერ გამოსხივებას 99%-ით ბლოკავს. მოდელები USB-C პორტით იმუხტება, ერთ სრულ დამუხტვაზე კი, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 5-დან 8 საათს ძლებს. მათი წონა კი 50 გრამია. წინამორბედი აუდიოჩარჩოებისგან ამ მოდელებს ხმის ხარისხი განასხვავებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ხარისხისა, ეს არაა ყურსასმენი და გარემოში არსებული ხმაური ყოველთვის იქნება სათვალეებიდან მოსმენილი მუსიკის თანმდევი, არასასიამოვნო დეტალი. როგორც სპორტულ აუდიოსათვალეს შეეფერება, Tempo ტენიანობის მიმართ მდგრადია (IPX4).











