შტუტგარტის პროკურატურამ, $100 მილიონით, ამჯერად, კომპანია Bosch დააჯარიმა. საუბარია ე.წ. დიზელის სკანდალზე. საქმეზე, რომელიც VW ჯგუფის ბრენდების [Volkswagen, Audi, Porsche] წინააღმდეგ 2015 წელს აღიძრა – მათ ბრალი დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებში არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დამონტაჟებაში ედებოდათ. გამოძიების მტკიცებით, კომპანიებს, ამ გზით, სურდათ, დაემალათ, რეალურად, რა რაოდენობის აზოტის ოქსიდებს გამოყოფდა თითოეული მანქანა გადაადგილებისას.
სამართალდამცავების ინფორმაციით, Bosch იყო VW ჯგუფის ბრენდების მთავარი მიმწოდებელი და სწორედ მისი შექმნილი ძრავის კონტროლის სისტემები დამონტაჟდა Volkswagen-ის, Audi-სა და Porsche-ს ავტომობილებში, 2008 წლიდან, რომლებიც, პროკურატურის თქმით, ზუსტად არ აღრიცხავდა, რა რაოდენობის აზოტის ოქსიდებს გამოყოფდა თითოეული მანქანა გადაადგილებისას.
Bosch-ს განაჩენი, ზედა ინსტანციაში არ გაუსაჩივრებია. სამართალდამცავების თქმით, 2015 წლიდან, კომპანიის ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ვადაში უნდა გადაიხადოს კომპანიამ დაკისრებული ჯარიმა. ამ საქმესთან დაკავშირებით, შტუტგარტის პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, Porsche-ც დააჯარიმა.