in

როგორ მოვიქცეთ, თუკი უფლებამოსილება შეგვიმცირეს

უფლებამოსილებების შემცირება ხშირად შეფუთულია ნეიტრალური ტერმინებით, როგორიცაა „გადანაწილება“ ან „რეორგანიზაცია“. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თქვენი რანგი, პასუხისმგებლობები, ანაზღაურება ან ხელმძღვანელობასთან წვდომა უეცრად შემცირდა. ფაქტობრივად, ერთი საფეხურით ჩამოგაქვეითეს და ეს შეიძლება მტკივნეული იყოს.

უფლებამოსილებების შემცირება ხშირად ხდება რესტრუქტურიზაციის, სტრატეგიული ცვლილებების ან შერწყმა-შესყიდვების დროს. მიზეზის მიუხედავად, დაქვეითება შეიძლება იყოს დამთრგუნველი, დამამცირებელი და მთლიანობაში, მტკივნეული. თქვენი ეგოს შელახვის გარდა, ამან შეიძლება დაგტოვოთ დაბნეულ მდგომარეობაში, გიბიძგოთ ეჭვი შეიტანოთ საკუთარ თავში და დაგიდაბლოთ თვითშეფასება.

შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, დაუყოვნებლივ წარადგინოთ თქვენი გადადგომის განცხადება ან უკან დაიხიოთ და ჩამოშორდეთ. ეს ბუნებრივია, მაგრამ არც ერთი რეაქცია არ არის სასარგებლო. თქვენი მენეჯერი და თანამშრომლები აკვირდებიან თქვენს რეაქციას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ რთულ სიტუაციასთან სიმშვიდითა და პრაგმატულად მიდგომას. აი ექვსი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ გამოსწორებასა და პროდუქტიულად წინსვლაში.

გააანალიზეთ თქვენი ემოციები

განიხილეთ ამ ცვლილების პოტენციური დადებითი მხარეები. მაგალითად, ამან შეიძლება რაღაც ისეთი საქმისთვის გამოგითავისუფლოთ დრო, რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით ან ახლებურად განვითარებისკენ გიბიძგოთ.

ეძებეთ სოციალური მხარდაჭერა. ეს ყველას გვეხმარება რთული დროის გადალახვაში, ამიტომ ნებისმიერი უხერხულობის ან სირცხვილის გრძნობის მიუხედავად, ეძებეთ მხარდაჭერა მეგობრებისგან, ოჯახისგან, მენტორებისგან ან მრჩევლებისგან.

გამოავლინეთ ძირეული მიზეზები

დასვით კითხვები, რომლებიც ფოკუსირებულია თქვენს პროფესიულ ზრდაზე, მომავალ როლსა და გარდამავალ პერიოდზე, მაგალითად:

• შეგიძლიათ მითხრათ ამ შემცირების მთავარი მიზეზები?
• რა შეიძლებოდა გამეკეთებინა განსხვავებულად, რაც თავიდან აგვაცილებდა ამ შემცირებას? რა უნარები ან გამოცდილება მაკლია?
• უნდა ვიღელვო ჩემს სამსახურზე, ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
• როგორ ხედავთ ჩემი ახალი როლის განვითარებას?
• როგორ შემიძლია საუკეთესოდ დავეხმარო გუნდსა და ორგანიზაციას ამ გარდამავალ პერიოდში?

მაშინაც კი, თუ შემცირების მიზეზი აშკარა ჩანს, როგორიცაა შერწყმა ან შესყიდვა, ღრმად გამოიკვლიეთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ცვლილებას უფრო მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე ჩანს.

ეძებეთ გაკვეთილები და ახალი შესაძლებლობები

უფლებამოსილების შემცირებიდან სარგებლის მისაღებად, განიხილეთ გაკვეთილები, რომლებსაც ის გვთავაზობს. რა შეგიძლიათ ისწავლოთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გაკვეთილები თქვენს სამსახურში ან გუნდის ხელმძღვანელობის გასაუმჯობესებლად?

აიმაღლეთ თვითშეფასება

უფლებამოსილების შემცირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენს თვითრწმენაზე და აუცილებელია აქტიური ნაბიჯები გადავდგათ მის აღსადგენად.

პირველ რიგში, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ არ ხართ თქვენი სამსახური. დისტანციური მუშაობის ზრდასთან და ჩვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ზღვრის გაქრობასთან ერთად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი კარიერა ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თუმცა, თქვენი როლი სამსახურში არის ის, რასაც აკეთებთ და არა ის, ვინც ხართ. ნუ მოახდენთ თქვენი კომპანიის გადაწყვეტილების ზედმეტად პერსონალიზებას.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება თქვენი შინაგანი კრიტიკოსი გაააქტიუროს და აღმოაჩინოთ, რომ უფრო მეტად აკრიტიკებთ საკუთარ თავს იმაზე ფიქრში, თუ „რა უნდა გაგეკეთებინათ”.

გადახედეთ სიტუაციას და განიხილეთ, როგორ იმოქმედოთ

თქვენი უფლებამოსილების შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, დაფიქრდეთ, დროა თუ არა ცვლილებისთვის ან არის თუ არა თქვენი კომპანია სწორი ადგილი თქვენთვის. თუ გაორებული ხართ, რა გააკეთოთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციებს და მიეცით საკუთარ თავს დრო. გახსოვდეთ, რომ არაფერია სამუდამო და თქვენი გადაწყვეტილება უბრალოდ ამ მომენტის არჩევანია. კარიერის უმეტესი გადაწყვეტილებების შეცვლა ან კორექტირება შესაძლებელია და ახალი შესაძლებლობები ყოველთვის ჩნდება მომავალში.

აიღეთ ვალდებულება

მიუხედავად იმისა, გადაწყვეტთ კომპანიაში დარჩენას თუ თქვენი წასვლის დაგეგმვას, აიღეთ ვალდებულება თქვენს ამჟამინდელ პოზიციაზე. განსაზღვრეთ, როგორ დარჩეთ ჩართული თქვენს ახალ როლში და შეეცადეთ დააფასოთ სიტუაციის დადებითი მხარეები, იქნება ეს სამუშაო, თქვენი კოლეგები თუ უბრალოდ ის ფაქტი, რომ კვლავ გაქვთ სამსახური. გამოიყენეთ ის, რაც ისწავლეთ ამ სიტუაციიდან, რათა განავითაროთ თქვენი უნარები და გამოასწოროთ ნებისმიერი ქცევა, რომელიც გაბრკოლებდათ. გააუმჯობესეთ თქვენი ურთიერთობები და დაიმსახურეთ ახალი მიღწევები.

ყველა კარიერას აქვს აღმასვლები და დაღმასვლები, და უფლებამოსილების შემცირება შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს. თუმცა, ნამდვილად დამაკმაყოფილებელი და გამორჩეული კარიერები შენდება თვითშემეცნებაზე, დაბრკოლებების გადალახვის უნარზე, მუდმივი სწავლის ვალდებულებასა და ახალი შესაძლებლობების მიმართ ღიაობაზე. მიიღეთ შესაძლებლობა ადაპტირებისთვის, ფოკუსირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ, დარჩით პოზიტიური და იცოდეთ, რომ უკეთესი დღეები წინ არის.

წყარო: HBR



Keepz – ციფრული გადახდები მიკრო ბიზნესისთვის

McDo თუ Makudo? — McDonald’s ენობრივ ბარიერებს ამსხვრევს