12
Aug
2019

როგორ ვიმუშაოთ არარეალისტური მოლოდინების მქონე უფროსთან

12 Aug 2019

არ აქვს მნიშვნელობა, მენეჯერი ხართ, დირექტორი თუ დაქვემდაბარებულ პოზიციას იკავებთ. არ აქვს მნიშვნელობა, ლიდერი ხართ თუ გუნდის რიგითი წევრი. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არარეალისტური მოლოდინები, თუმცა, თუ ის ლიდერს აღმოაჩნდება, ეს აუცილებლად იმოქმედებს მთელი გუნდის ფუნქციონირებაზე და სხვათა შორის, არც თუ ისე პოზიტიურად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინების არაადეკვატურობა, რაღაც ეტაპზე, ყველა ლიდერს ახასიათებს, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა ქრონიკულია… ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ არსებულ ფაქტებს და არჩევენ, ზედაპირულად დაეყრდნონ სხვა კომპანიების გამოცდილებას, ვიდრე მათ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებისა და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს მიმართონ. მათი დასაყრდენები კი ხდებიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც, სხვებთან შედარებით, მეტად აგრესიულები, ან ოპტიმისტები არიან. რადიკალების იმედი რადიკალების მიმართ – ასე შეგვიძლია შევაფასოთ ეს მოცემულობა, თუმცა, სტატიის ფარგლებში, სხვა რამეზე გვინდა ყურადღების გამახვილება – როგორ უნდა გაძლოთ ასეთი ტენდენციის მქონე ლიდერთან? როგორ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა და შესრულებული სამუშაოთი მოგვრილი კმაყოფილება?

შესაძლოა, ხშირად მიგაჩნიათ, რომ გარეგანი მოტივაცია თქვენთვის გადამწყვეტი არ არის. თუმცა, როდესაც მუშაობთ ერთ-ერთ ასეთ ლიდერთან, თქვენ შეიძლება განწირულად გრძნობდეთ თავს. განწირულად მარცხისთვის, რადგან ხშირად, რეალური მოცემულობები, გარემოებები, რესურსები, თქვენი შესაძლებლობები, შესაძლოა, ვერ პასუხობდეს მის არაადეკვატურ მოთხოვნებს. შესაბამისად, ეს თქვენს კმაყოფილების განცდაზე აისახება, საბოლოო ჯამში კი, თვითშეფასების დაბალ მაჩვენებლამდე მიდის. ეს, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელია არამხოლოდ სამუშაო პროცესისთვის, არამედ თქვენი, როგორც ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირებისთვის. ამასთან, ასეთ სიტუაციაში მოსაზრებების გამოთქმა შესაძლოა, არც ისე უსაფრთხო იყოს. კრიტიკული მოსაზრების გამოსათქმელად კი თქვენ უნდა გქონდეთ ამ სიტუაციასთან რელევანტური გამოცდილება… გამოცდილება, რომელიც უფროსის მითითებების ვალიდურობისა თუ ადეკვატურობის დადგენაში დაგეხმარებათ. თუმცა, გამოცდილების ქონის შემთხვევაშიც, დიდი შანსია იყოთ დიდი ზეწოლის ქვეშ, როცა ყველა მოთხოვნის შესრულებას ეხება საქმე.

მსგავს სიტუაციაში შესაძლოა დანებება არჩიოთ, ან სამსახური გამოიცვალოთ და ასე, თქვენი რეზიუმის გამდიდრებიას ეცადოთ. მაგრამ შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი საქმეა და არც კომპანიიდან წასვლა გინდათ. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც არაადეკვატური მოლოდინების მქონე უფროსთან ურთიერთობის დაბალანსებაში დაგეხმარებათ, თან ისე, რომ არც უფროსი დააზარალოთ, არც კომპანია და რა თქმა უნდა, არც საკუთარი თავი.

მართეთ თქვენი სხეული, რომ მართოთ საკუთარი თავი
თუ თქვენი უფროსის არაადეკვატური მოთხოვნები არანორმალურ რეჟიმში გამყოფებთ, პირველ რიგში, ეცადეთ დამშვიდდეთ, იმისათვის, რომ თქვენს განცდებში გაერკვეთ და სათანადო მოქმედება შეძლოთ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამისთვის არის თქვენი აჟიტირებისა და თავის არიდების ტაქტიკების ჩახშობა. ტაქტიკების, რომლებიც თქვენს თავდაცვით ფუნქციას წარმოადგენს. ეს შესაძლოა მოახერხოთ სენსორიმოტორული ჩარევის მეშვეობით, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას სხეულის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ან „მიწაზე დაშვების“ ტაქტიკის მეშვეობით. სხვადასხვა სპეციალისტი ამ უკანასკნელს შემდეგნაირად აღწევს – მაგალითად, ფეხსაცმელზე ყურებით და მცდელობით, შეიგრძნონ ტერფები, რომელიც ფეხსაცმლის შიგნითაა, ამოძრაონ ისინი. არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ადამიანი იდგება, თუ იჯდება, მას შეუძლია ეს მექანიზმი სწრაფად და სხვებისთვის შეუმჩნევლად გამოიყენოს. ასე ფიქსირდება საკუთარი მდგომარეობა – ის, რომ მყარად დგახართ, ეს სხეული თქვენ გეკუთვნით, ფეხებს თქვენ მართავთ, შესაბამისად, კონკრეტულ ადგილას დგომა თქვენი არჩევანია. ამის დაფიქსირებისა და გააზრების შემდეგ, თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, დამაჯერებელი მოქმედება და საუბარი მარტივდება. ამასთან, ეს აქტივობა დაეხმარება თქვენს ტვინს იმის გააზრებაში, რომ საფრთხის წინაშე (ფიზიკურად) არ იმყოფებით. ასე მიაწვდით თქვენს ფსიქიკას ერთგვარ სიგნალს, რომ თავდაცვის ტაქტიკები საჭირო არაა.

დაეთანხმეთ ლიდერს მსჯელობის ზოგად ნაწილში, შემდეგ კი დააზუსტეთ რეალური დეტალები
შესაძლოა, ყოველთვის ასე არ იყოს, მაგრამ სავარაუდოა, რომ თქვენ და თქვენს უფროსს გაქვთ საერთო მისია და მსგავსი მიზნები (კომპანიის ფარგლებში). იმის ხაზგასმა, რომ ერთი მიზანი გაერთიანებთ მოგცემთ საშუალებას, პრაქტიკული და რეალური მოცემულობები გააჟღეროთ. ზოგი ლიდერი არ ავლენს სურვილს ჩავიდეს ამა თუ იმ პროექტის პრაქტიკულ დეტალებში. ისინი აიგნორებენ სხვადასხვა დაბრკოლებას, რომელმაც პროექტის განხორციელებისას შეიძლება იჩინოს თავი. სამაგიეროდ, ისინი აწყობენ გრანდიოზულ გეგმებს, თუ რას უნდა მიაღწიოს გუნდმა ამ პროექტის ფარგლებში, არგუმენტად კი იშველიებენ, რომ ღირებული ინიციატივების სისრულეში მოსაყვანად მარტივი მიდგომაა საჭირო და არა ხელოვნური სირთულეების შექმნა. შედეგად, გუნდი ცდილობს მოლოდინების გამართლებას, მეორე მხრივ კი, მომხმარებელთა მხრიდან უკმაყოფილებას აწყდება, აღსრულების ნაწილში, არასათანადო მომსახურების მიზეზით.

მსგავსი სიტუაციაში, პრიოექტის დაგეგმვის ეტაპზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ფორმულირების წინადადება: „ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროექტი ისე, რომ რისკი მინიმალური იყოს“. ამ გზით თანამშრომლები და ლიდერი დაფიქრდებიან არა პრობლემებზე (რაც ასე ნეგატიურად ჟღერს), არამედ პირდაპირ, მათი არიდების გზებზე. სხვაგვარად, შეგიძლიათ დააზუსტოთ/გააცნობიეროთ ლიდერის მოთხოვნები ისე, რომ არ მიაკრათ მას არარეალისტურის იარლიყი. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „მესმის, რომ X-ის მიღწევა გინდათ. უკვე ვცადე Y-ის სისრულეში მოყვანა და მქონდა ეს პრობლემები Z-თან დაკავშირებით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?“ ამ მიდგომით, ლიდერი რჩება თავის გრანდიოზულ გეგმებთან, დროთა განმავლობაში კი, შესაძლოა ისწავლოს, რა მუშაობს და რისი შესრულება შეიძლება დაუკავშირდეს პრობლემას.

საცდელი იმპულსები უკუკავშირისთვის
სავარაუდოდ, თქვენი უფროსი გამიზნულად როდია რეალობას მოწყვეტილი. სავარაუდოა, რომ ის მოკლებულია რაციონალურობას, არ არის დაკავებული ყოველდღიური თვითანალიზით, ან ვერ აცნობიერებს მისი ქცევის მიმართებას რეალურ მოცემულობებთან. ამას თავისი ფსიქოლოგიური მოტივები აქვს და არ გირჩევთ, დაკავდეთ ფსიქოანალიზით, უფრო სწორად, ფსიქოანალიზის არაპროფესიონალური მცდელობებით. იმის ნაცვლად, რომ ყოველ ჯერზე იფიროთ, თუ როგორი სასაცილოა მისი ქცევა თუ საუბარი, ეცადეთ გაიგოთ, რა სურს მას რეალურად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი უფროსები ხშირად განიცდიან ფრუსტრაციას. ეს ლოგიკურიც კია, თუმცა, მათთვის რამდენიმე სცენარის ჩვენებით, შეგვიძლია დავეხმაროთ სიტუაციის გაცნობიერებაში. მაგალითად, ვუთხრათ „ამ შესაძლო სცენარებიდან, რომელი ასპექტი მიგაჩნიათ ყურადღებისმისაქცევად? მე შემიძლია მივხედო ამას“, შემდეგ კი – „ვიცი, ღელავთ სწრაფ ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკებზე. სწორად მივყვები თქვენ მიერ ნაკარნახევ სცენარს?“ მსგავსი საუბრები შესაძლოა დროის კარგვად გეჩვენოთ, თუმცა, ეს გიცავთ „თემის გარეთ“ ყოფნისგან და ამასთან, დაგეხმარებათ პარტნიორობაში ნდობის შენების კუთხით, რაც სამომავლოდ, ნამდვილად გამოგადგებათ.

შეაფასეთ, შეგიძლიათ თქვენი ბოსის მოთხოვნების არაადეკვატურობასა და ცვალებადობის სისწრაფეს აუწყოთ ფეხი?
დააკვირდით თქვენი უფროსის სტილსა და მიდგომებს, იმისათვის, რომ შეიმუშაოთ საუკეთესო საპასუხო რეაქცია – პროაქტიულობა ან რეაქტიულობა. შესაძლოა, თქვენი უფროსი, მისდაუნებურად, ახდენს თქვენს პარალიზებას, მისი არარეალისტური მოლოდინების გამო. თუმცა, თუ თანამშრომლები ისწავლიან მის გაგებას, მასთან ახლოს ყოფნასა და მიმართავენ მისი ხშირი, თანმიმდევრული ინფორმირების, საქმის კურსში ჩაყენების მეთოდს, ის შეიძლება დაეშვას მიწაზე. თუმცა, უფრო მთავარია გააცნობიეროთ, რამდენად შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ამ მოცემულობებს? დაგაზიანებთ, თუ არა მსგავსი შეწინააღმდეგება?

ყველაფერთან ერთად, თუ ამბობთ, რომ კონკრეტულ სამსახურში დარჩენა წასვლას გირჩევნიათ, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენი გუნდისა და უფროსის წინაშე. იმისათვის, რომ გუნდი, კომპანია, თუ კონკრეტულად, თქვენ – ერთ-ერთი თანამშრომელი, იყოთ წარმატებული და კმაყოფილი, საჭიროა ბევრი შრომა და ეს შრომა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობას როდი მოიცავს. რაც არ უნდა ფრუსტრირებული იყოთ თქვენი უფროსის არარეალისტური მოლოდინებით, თქვენი მიზანი უნდა იყოს თქვენი ორგანიზაციის მისიის შესრულება და საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება.

წყარო: HBR



განხილვა