ჭკვიანი რობოტები თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია და მათი დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე დიდ სირთულეს წარმოადგენდა ჰუმანოიდი რობოტების შექმნა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ორ ფეხზე ბალანსის პოვნა, ექსტრემალური მოძრაობისას, საკმაოდ რთული იყო, ამდენად, რობოტებს ან ოთხი ფეხი ჰქონდათ, ან წონასწორობის სხვა გამოსავალს პოულობდნენ. თუმცა, ატლასი (Atlas), რომელიც Boston Dynamics-ის ნამუშევარია, არამხოლოდ დადის, არამედ მაღალი სირთულის სალტოებსაც აკეთებს. ამასთან დაკავშირებით ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა საჭიროა, რომ რობოტი ჰგავდეს ადამიანს? კრეატორების თქმით, ადამიანური საჭიროებების შესასრულებლად, სასურველია შეიქმნას მისივე მსგავსი რობოტი, რომელიც შეასრულებს მის საქმეს, მაგალითად, ავა კიბეზე, მოუჭერს ვენტილს და ა.შ.