25
Sep
2019

Boston Dynamics-ის „ძაღლი“ ლაბორატორიიდან გამოვიდა – გაყიდვა იწყება

25 Sep 2019

Alta
Alta


Boston Dynamics-მა ერთ-ერთი პოპულარული რობოტი „ძაღლის“ – Spot-ის გაყიდვა დაიწყო. თუმცა, მისი ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც მას სასარგებლო და პრაქტიკულ გამოყენებას მოუძებნიან. ამ რობოტის შემთხვევაში, Boston Dynamics-მა გაყიდვების პროცესის რევერსული ვარიანტი შეიმუშავა – დაინტერესებულმა კომპანიებმა მისი სფეციფიკური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რის შემდეგაც Spot-ის მწარმოებელი გადაწყვეტს, რამდენად კარგ და ვის ხელში აღმოჩნდება მისი ქმნილება.

რატომ? Boston Dynamics-ს, ამ ეტაპზე, მხოლოდ 20 ასეთი რობოტი ყავს. მათი რიცხვის გაზრდა 1000-მდე იგეგმება, თუმცა, მანამდე, მნიშვნელოვანია, ვის ხელში აღმოჩნდება პირველი ოცეული.

Spot-ის გამოყენება წვიმიან ამინდშიც შეიძლება, რადგან მისი დიზაინი წყლისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს. მას შეუძლია გაზის გაჟონვის დადგენა მეთანის სენსორის მეშვეობით, ასევე, LiDAR-ის მოდულით შენობის ინტერიერის რუკის შედგენა, ან კარის გაღება. Spot 1.6 მეტრი წამში სიჩქარით დარბის, აქვს 360 გრადუსიანი კამერები და მგრძნობიარეა ტემპერატურის კუთხითაც.

თავიდან, Spot არ იყო შექმნილი ადამიანებთან ერთად სამუშაოდ, მეტიც, მისი გამოცდისას რეკომენდებული იყო, ადამიანებს შორს დაეჭირათ თავი რობოტისგან, რადგან რთული იყო მისი მოძრაობების ზუსტად გაკონტროლება, ან განჭვრეტა. დროთა განმავლობაში, რობოტი ძაღლი სულ უფრო სანდო გახდა. ასე რომ, შესაძლოა, მალე ვიხილოთ ვიდეო, სადაც ის ადამიანებთან ერთად, კონკრეტულ კომპანიაში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ რობოტს სრულ ავტონომიურობამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

განხილვა