in

Boston Dynamics-ის რობოტები DHL-ის საწყობებში დასაქმდება!

Stretch, თავისი მოქნილი ავტომატიზაციით, კომპლექსურ საკითხებს მარტივად აგვარებს

Boston Dynamics-მა თავისი რობოტების რეალურ სიტუაციებში გამოყენება დაიწყო — მათ შორისაა, DHL-ის საწყობები. ამ უკანასკნელმა $15 მილიონის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა რობოტების გამოყენების უფლება და შესაძლებლობა მიეღო.

“Stretch არის Boston Dynamics-ის უახლესი რობოტი, რომელიც სპეციალურად საწყობში არსებული საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნა. მოხარულები ვართ, რომ DHL Supply Chain-თან ვთანამშრომლობთ, რათა რობოტების ფლოტი მივაწოდოთ, რომელიც კიდევ უფრო ავტომატიზებულს გახდის საწყობში მუშაობის პროცესს და თანამშრომლების უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს. გვჯერა, რომ ამ რობოტს აქვს პოტენციალი, დიდი გავლენა იქონიოს DHL-ის ბიზნეს ოპერაციებზე”, — ამბობს Boston Dynamics-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ პლატერი.

სიახლეს ეხმიანება DHL-იც და მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Stretch, თავისი მოქნილი ავტომატიზაციით, ინდუსტრიის კომპლექსურ საკითხებს მარტივად აგვარებს. ამიტომაც, უახლოეს მომავალში რობოტების საწყობებში დანერგვა კიდევ უფრო მასშტაბურ და გლობალურ სახეს მიიღებს.

უშუალოდ რობოტზე რომ ვისაუბროთ, Stretch, არსებითად, მოძრავ ბაზაზე დამონტაჟებული რობოტული მკლავია. მას მოძრაობის სხვადასხვა ხარისხი აქვს და 23 კგ.-მდე წონის ნივთების დაჭერა შეუძლია. შიდა ბატარეები კი 8-საათიან უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. შესაძლოა, ყუთების აღება შედარებით მარტივი ჩანდეს… რეალურად კი ეს პროცესი რობოტის მხრიდან “ფიქრს” საჭიროებს — მათ შორის, 3D გარემოს შეფასებას, რათა ყუთები შეარჩიოს და სწორ ადგილას განათავსოს.

“Stretch-ს აქვს კომპაქტური, ყოვლისმომცველი მობილური ბაზა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მსუბუქი ხელისთვის. ასევე, ჭკვიანი სამაგრი, მოწინავე სენსორებითა და კონტროლით, რომელსაც შეუძლია, ყუთების მრავალფეროვან ტიპებსა და ზომებს გაუმკლავდეს. თანაც, რობოტი შეიცავს Boston Dynamics-ის კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიას, რომელიც ყუთების იდენტიფიცირებას, წინასწარი პროგრამირების გარეშე, აადვილებს”, — განმარტავენ კომპანიაში.

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი SOLON!

როდის გვჭირდება და როგორ შევარჩიოთ ფსიქოლოგი საქართველოში?