The New York Times იუწყება, რომ ქალაქის სახანძრო დეპარტამენტი (FDNY) გახდა პირველი ქვეყანაში, რომელმაც Boston Dynamics-ის 75 000$-იანი რობოტი ძაღლი შეიძინა. როგორც ცნობილია, კომპანია აპირებს, 70-ფუტიანი რობოტები რთულ სამძებრო-სამაშველო მისიებში გამოიყენოს.
ადამიანი ოპერატორის ბრძანებით, Spot-ს, სტიქიური უბედურების დროს, სასიცოცხლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. მას ორთქლის წარმოქმნის შემდეგ სივრცეში ღრმად შეღწევის უნარი აქვს, რათა შესაბამისი სურათები და მონაცემები შეაგროვოს საშიში ნარჩენების შესახებ. ასევე, შესაძლებელია მისი შენობის ნგრევისას გამოყენება — სტრუქტურის მთლიანობის შესაფასებლად ან ტოქსიკური, აალებადი აირების კონცენტრაციის გასაზომად, როგორიცაა ნახშირბადის მონოქსიდი.
როგორც სახანძრო დეპარტამენტის რობოტების განყოფილების კაპიტანი აღნიშნავს, რეალური სცენარები ძალიან განსხვავდება ჰოლივუდური სიუჟეტებისგან — ანუ, ისეთი მომენტებისგან, როცა ჰუმანოიდი ან სხვაგვარი რობოტები შიშსა და ზიანს იწვევენ საზოგადოებაში. „ხშირად სატელევიზიო და კინო ინდუსტრია შეიარაღებულ რობოტებს იყენებს. ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ ყველა რობოტი ასეთია. თუმცა ჩვენი მისია სიცოცხლის გადარჩენაა. ეს არის მთავარი. ეს რობოტები სიცოცხლეს გადაარჩენენ“.
საგულისხმოა, რომ სახანძრო დეპარტამენტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ფიქრობდა რობოტების გამოყენებაზე. თუმცა ძველ მოდელებს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები ჰქონდა. დეპარტამენტმა რამდენიმე სახმელეთო რობოტი გამოცადა, ვიდრე 2014 წელს Super Droid-ს შეიძენდა. მიუხედავად დადებითი მახასიათებლებისა, ოპერატორებმა მალევე დაადგინეს, რომ მოწყობილობა მეტისმეტად მოცულობითი იყო ზოგიერთი ძირითადი ფუნქციის კარგად შესასრულებლად. ამიტომაც, უკვე 2020 წლიდან გუნდმა ძირითადი აქცენტი Spot-ის შესყიდვაზე გადაიტანა.