როგორც აღმოჩნდა, დიზაინერ დვეინ ედვარდსისთვის სპორტული ფეხსაცმელი უბრალოდ ფუნქციური ნივთი კი არ არის, რომელიც მარტივად გადაადგილების საშუალებას გვთავაზობს, არამედ ეს არის ტილო ჩვენთვის ამბის მოსაყოლად… აქ მისი უახლესი ნამუშევარი უნდა განვიხილოთ — ბოტასები, რომელთა ძირებზეც შავ-თეთრი პორტრეტია გამოსახული. სურათი ჯენ ერნსტ მატზელიგერს ეკუთვნის, ფერადკანიანს, რომელმაც 1880-იან წლებში ფეხსაცმლის წარმოებაში რევოლუცია მოახდინა! თუმცა მას შემდეგ არავის გახსენებია…
ედვარდს სურდა, მივიწყებული ინოვატორის შესახებ ყველასთვის მოეყოლა, ამიტომ ყველა შესაძლო გზა გამოიყენა მატზელიგერის ამბის მოსათხრობად. ფეხსაცმლის ყუთშიც კი ისეთი ქაღალდია ჩადებული, რომელიც მის ბიოგრაფიას გვაცნობს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ბოტასები იქნება პირველი, რომელსაც ედვარდსი ახალ ქარხანაში ჩაუშვებს. ვგულისხმობთ ნიუ-ჰემფშირის საწარმოს, მხოლოდ ფერადკანიანთა მფლობელობაში არსებულ ფეხსაცმლის ქარხანას, რომელსაც დიზაინერმა JEM Studio უწოდა. სახელი კვლავ მატზელიგერს უკავშირდება, კერძოდ მის ინიციალებს და თუ Gem-იც მოგაგონდებათ, ირიბად იგი ძვირფას ქვებსაც შეგვიძლია დავუკავშიროთ.
ამგვარად, ედვარდსის მისია მომავალი თაობის დიზაინერებისთვის მატზელიგერის ამბის გაცნობა გახდა. ამავე მიზნით, მან რამდენიმე აკადემიაც კი დააარსა…
„აქამდე მე ვქმნიდი ფეხსაცმელებს პროფესიონალი ათლეტებისთვის; ვქმნიდი პროდუქტებს, რომლებიც მათ ინდივიდუალურ ამბებს ყვებოდა, მაგრამ ახლა ამის კეთება ჩვენი ინდუსტრიის ისტორიული ფიგურისთვის, რომელზეც ადამიანებმა მეტი უნდა იცოდნენ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, — ამბობს ედვარდსი, რომელიც ადრე Jordan-ის წამყვანი დიზაინერი გახლდათ.
მატზელინგერის, ანუ მივიწყებული ინოვატორის ამბავი
ედვარდსმა მატზელინგერის ისტორიის შესახებ კარიერის დასაწყისშივე გაიგო, როცა იგი L.A. Gear-ისთვის, Nike-ისა და Jordan-ისთვის ქმნიდა დიზაინებს. გაოცებულიც დარჩა იმით, რომ ეს ადამიანი ცნობილი არ იყო — როგორც ამბობს, თავადაც კი რცხვენოდა მასზე აქამდე რომ არ იცოდა… არადა, ეს ამბავი გასაოცარია: სამხრეთ ამერიკაში დაიბადა, მამის მონობაში მყოფი ფერადკანიანი ქალის ოჯახში. 19 წლის ასაკში ვაჭრების გემით შტატებამდე მივიდა და ფილადელფიაში დასახლდა, სადაც მეწაღეობა ისწავლა.
შემდგომ მასაჩუსეტში გადავიდა და ფეხსაცმლის საწარმოში მუშაობდა, აკვირდებოდა, რამდენად შრომატევადი იყო ტყავის ხის ფორმაზე გადატანა. ამიტომ, ისეთი დანადგარი შეიმუშავა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებდა, წარმოებას კი 50-იდან 700 წყვილამდე გაზრდიდა. მომდევნო წლებში ეს დანადგარი ჩვეულებრივ ნორმად იქცა ფეხსაცმლის წარმოებაში, თანამედროვე თუ ინდუსტრიული ფეხსაცმლის წარმოების საფუძველიც კი გახდა. მატზელინგერმა დაპატენტებაც მოასწრო, თუმცა ტუბერკულოზით 36 წლის ასაკში გარდაიცვალა მანამ, სანამ შეძლებდა თავისი გამოგონების ტრანსფორმაციული გავლენა ენახა.
ედვარდსი კი ფიქრობს, რომ ეს ადამიანი მხოლოდ დოკუმენტურ ჩანაწერებში დარჩენას არ იმსახურებს. სწორედ ამიტომ, ახალ ბოტასებში ყველა დეტალით მატზელინგერის ამბის მნიშვნელოვან ნაწილებს გადმოგვცემს… აი, მაგალითად, თასმები წითელი და ლურჯი ამერიკის დროშის აღსანიშნავადაა და იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ფეხსაცმელები ამერიკაში დამზადდა.
ქარხნის გახსნის ამბავი
JEMS-ის საწარმოს გახსნა მცირე მიღწევა არ გეგონოთ… მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ფეხსაცმლის წარმოების გლობალური ჰაბი იყო, ახლა ამ წარმოების დიდმა ნაწილმა აზიისკენ გადაინაცვლა. ედვარდს კი სჯერა, რომ ამერიკის წინსვლაში ქარხნის არსებობა დიდ როლს ითამაშებს. ამასთან, გასული წლებიც ამერიკელი მეწაღეების გადამზადებას დაუთმო, განსაკუთრებული აქცენტი კი ფერადკანიანებზე გააკეთა, რომლებიც დიზაინერების მხოლოდ 4.8%-ს შეადგენენ. Pensole Lewis College-იც კი შექმნა, რათა ფერადკანიან სტუდენტებს დიზაინერობის ოცნების ახდენაში დახმარებოდა. ხოლო, იმისათვის, რომ სწავლება უფასო ყოფილიყო, სპონსორებიც გაიჩინა.
ქარხანაც იმიტომ შექმნა, რომ სტუდენტებს ფეხსაცმლის წარმოების რეალური პროცესი ენახათ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ, DWS-მ კი მასში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო: „ახალ, განსხვავებულ ნიჭში ინვესტირებით, განსხვავებულ დიზაინებს მივიღებთ და შევძლებთ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ“.
ქარხანა ახლა აქტიურად მუშაობს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ფეხსაცმლის დიზაინები რეალურ, ფიზიკურ პროდუქტებად გადააქციონ.
„ამ სტუდენტებს მარტო ფეხსაცმელების სკეტჩების დახატვის შესაძლებლობა კი არა, ჩვენს ქარხანაში მათი შექმნის საშუალებაც აქვთ, რომლებიც შემდგომში ჩვენს თაროებზე აღმოჩნდება“, — აცხადებს ბილ ჯორდანი, DSW-ს Designer Brands-ის პრეზიდენტი.
გამოდის, მნიშვნელოვანი ადამიანების შესახებ ამბების თხრობისთვის ახალი მედიუმი გაჩნდა, რომელიც კიდევ უფრო დიდ მისიას ემსახურება და ფერადკანიან დიზაინერთა მხარდაჭერა აქვს მიზნად დასახული.